დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ლევან ვეფხვაძე - თუ აქამდე იყო სააკაშვილის საარჩევნო კოდექსი, ახლა იქნება სააკაშვილ-ივანიშვილის კოდექსი
ავტორი:
2014/თებერვალი/04 09:00:02
"ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, "თუკი "საარჩევნო კოდექსი" არ შეიცვლება, თამამად შეიძლება მას სააკაშვილ-ივანიშვილის კოდექსი ეწოდოს".
საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას, ვეფხვაძე აღნიშნავს, რომ საარჩევნო სისტემა, რომელსაც პოლიტიკურ გაერთიანებებს მმართველი გუნდი სთავაზობს, ისეთივეა, რაც მიხეილ სააკაშვილის დროს იყო.
"თუკი აქამდე იყო სააკაშვილის კოდექსი, ახლა იქნება სააკაშვილ-ივანიშვილის კოდექსი. ალბათ იკითხავთ, რა შუაშია ივანიშვილი? სწორედ ივანიშვილი დაპირდა ევროპელებს "გაგაკვირვებთ დემოკრატიითო", ჩვენ კიდევ დაგვპირდა, "ამ მაჟორიტარულ სისტემას საერთოდ მოვსპობ და გავაუმქებო". შეასრულოს ახლა თავისი სიტყვა და რჩევა მისცეს ირაკლი ღარიბაშვილს, შეცვალოს მოქმედი კოდექსი", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ლევან ვეფხვაძემ.
ადგილობრივი არჩევნებისთვის არასაპარლამენტო ოპოზიცია საარჩევნო სისტემის მიმართულებით მმართველ გუნდს 50%-იან ბარიერს, ხოლო საკრებულოებთან მიმართებით, მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებს და პროპორციულ წარმომადგენლობას სთავაზობს. მათი შეთავაზებები ასევე ეხება საარჩევნო სიებს, ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესს, წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებულ საკითხებს, დავების თემას.
ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსს" საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელმა ზვიად ძიძიგურმა განუცხადა, ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში ამ ეტაპზე მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჭრილში განხორციელდება. სხვა ძირეული ცვლილებების შეტანა კი, არჩევნებამდე დარჩენილ დროში არ იგეგმება. ძიძიგურის ცნობით, ადგილობრივი არჩევნებისთვის ცვლილებები საარჩევნო სისტემის მიმართულებით შევა - კერძოდ, რჩება ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები, თუმცა საკრებულოებში პროპორციული წარმომადგენლობის თანაფარდობა გაიზრდება. პროპორციული საარჩევნო ბარიერი არსებული 5%-დან 4%-მდე ჩამოვა.
რაც შეეხება მერებისა და გამგებლების არჩევის ბარიერს, ამასთან დაკავშირებით მმართველი გუნდი ცნობილ პოზიციაზე რჩება, რომლის მიხედვით, მერები - 40%-იანი ბარიერით, ხოლო გამგებლები 33%-იანი ბარიერით აირჩევიან.
საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფი დღეს სხდომას ქუთაისში, 14:00 საათზე გამართავს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 903
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია