დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"ნაციონალური მოძრაობა" "საქართველოს რკინიგზის" განცხადებას ეხმაურება
ავტორი:
2014/იანვარი/29 14:30:03
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" "საქართველოს რკინიგზის" განცხადებას ეხმაურება. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი , "საქართველოს რკინიგზა" ცდილობს საზოგადოებას მიაწოდოს განმარტებები იმასთან დაკავშირებით თუ რატომ ვერ მოხდა 2013 წლის გეგმის წარმატებით შესრულება, რატომ დაკარგა საქართველომ შემოსავალი 3 მილიონი ტონა ტვირთის სარკინიგზო გადაზიდვიდან და რატომ შემცირდა საქართველოს რკინიგზის საინვესტიციო მიმზიდველობა.
"განცხადებაში აღნიშნულია, რომ ,,ტვირთების შემცირებასთან დაკავშირებით კომპანია მარტიდან აკეთებდა განმარტებებს", რაც სიცრუეა, რადგან ასეთი შინაარსის განცხადება არ გაკეთებულა და თავად კომპანიის ვებ–გვერდზეც კი არ იძებნება არც ერთი განცხადება, სადაც თუნდაც მინიშნება იქნება ტვირთების მოსალოდნელ შემცირებაზე
განცხადების პათოსი ისეთია, თითქოს 3 მილიონი ტონა ტვირთის დაკარგვა არ წარმოადგენს საგანგაშო ფაქტს. ცნობისათვის, ასეთი მასშტაბის ტვირთბრუნვის კლება უახლოეს წარსულში მხოლოდ 2009 წელს მოხდა, 2008 წლის აგვისტოს ომისა და მსოფლიო ფინანსურ–ეკონომიკური კრიზისის შედეგად.
განცხადებაში დასახელებული ტვირთბრუნვის შემცირების მიზეზები ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას. საქართველოს რკინიგზის ახალ მენეჯმენტს სურს დაარწმუნოს საზოგადოება, რომ სომხეთი მინიმუმ 14 თვის დაძველების ხორბალს მოიხმარს. რაც შეეხება გარკვეული ,,ქარხნების" დახურვას, საწარმოები მუდმივად იხსნება და იხურება, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ ამას აქამდე არ გამოუწვევია ტვირთების ნაკადის ასეთი შემცირება ან გადამისამართება.
განცხადებაში მოყვანილია პოზიტიური დინამიკის რამდენიმე მაგალითი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. 2013 წელს 2012 წელთან შედარებით, გადაზიდული: ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მოცულობა შემცირდა დაახლოებით 400 ათასი ტონით; მარცვლეული და მარცვლეულის პროდუქტების მოცულობა შემცირდა დაახლოებით 500 ათასი ტონით; შაქარი და შაქრის ნედლეულის მოცულობა შემცირდა დაახლოებით 80 ათასი ტონით; რკინისა და მარგანეცის მადანის მოცულობა შემცირდა დაახლოებით 100 ათასი ტონით; ფერადი ლითონების მადანის მოცულობა შემცირდა დაახლოებით 140 ათასი ტონით; ქიმიური და მინერალური სასუქების მოცულობა შემცირდა დაახლოებით 30 ათასი ტონით; რეფრიჟერატორული ვაგონებით გადაზიდული ტვირთების მოცულობა შემცირდა დაახლოებით20 ათასი ტონით; კონტეინერების რაოდენობა შემცირდა 8 ათასით.
გაუარესებაა ყველა ძირითადი ტვირთის დინამიკაში, ხოლო 2013 წლის გეგმასთან შედარებით სურათი ცხადია გაცილებით უარესია.
პოზიტიური სურათის შექმნის მიზნით განცხადებაში მოყვანილია 28 მილიონი ლარით გაზრდილი შემოსავალი, რაც არასწორია შემდეგი მიზეზების გამო: აღნიშნული მონაცემი დაუზუსტებელია; რკინიგზა დარიცხვას აწარმოებს ამერიკულ დოლარში, შესაბამისად ლარებში გაზრდილ შემოსავლზე აპელირება პრიმიტიული მანიპულაციაა; არადამაჯერებელია საქართველოს, ყაზახეთის, აზერბაიჯანის სარკინიგზო კომპანიებს, აქტაუს, ბაქოსა და ბათუმის პორტებს შორის ასტანაში მიღწეულ შეთანხმების არგუმენტად მოყვანა, რადგან აღნიშნული შეთანხმება რამდენიმე თვის წინ გაფორმდა და ჯერჯერობით არანაირად არ ასახულა ტვირთების მოცულობაზე (პირიქით, კლებაა ყველა მიმართულებით).
რაც შეეხება კომპანია ,,ჯორჯია ტრანზიტს", მის თითქოს მონოპოლისტურ პოზიციებს და ,,წინა ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირების ოფშორულ ანგარიშებს" – ეს არის პრობლემიდან ყურადღების გადატანის იაფფასიანი მცდელობა. თუ საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტს გააჩნია რაიმე სახის მტკიცებულება გასულ წლებში ჩადენილი დანაშაულის შესახებ, ეს ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა მიეწოდოს სამართალდამცავ სტრუქტურებს. თუმცა, გაუგებარია ,,მონოპოლიის აღმოფხვრას"" როგორ უნდა გამოეწვია ტვირთების ნაკადის მოცულობის ვარდნა, რადგან ასეთი ქმედების ეფექტი ყოველთვის საპირისპიროა.
სხვა გეოგრაფიების სატრანსპორტო მოცულობების მაგალითად მოყვანა, გარდა იმისა რომ სიცრუეა, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქართველოს რკინიგზის ახალ მენეჯმენტს არ ესმის საკუთარი ფუნქცია კომპანიაში.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ "საქართველოს რკინიგზის" 2014 წლის 21 იანვრის განცხადება იყო პასუხი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამოქვეყნებულ 2013 წლის რკინიგზის მუშაობის შეჯამებაზე, რომელშიც აღვნიშნეთ, რომ: 2013 წელს "საქართველოს რკინიგზამ" გადაზიდა დაგეგმილზე 3,000,000 ტონით ნაკლები ტვირთი(14%–იანი ჩამორჩენა გეგმასთან); ეს 3 მილიონი ტონა ტვირთი აზიიდან ევროპაში მოხვდა საქართველოს გვერდის ავლით, ანუ რუსეთის გავლით.
ეს ნიშნავს რომ 2013 წელს მოხდა საქართველოს სტრატეგიული ფინქციის – აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი დერეფნის – ნაწილობრივი ეროზია, რაც შემაშფოთებელი ტენდენციაა.
გარდა ამისა, თუ დავაკვირდებით საპროცენტო განაკვეთს საქართველოს რკინიგზის ევრობონდებზე, ისევე როგორც საქართველოს მთავრობის მიერ გამოშვებულ ევრობონდებზე, 2013 წელში აღინიშნება ზრდა, რაც მიუთითებს, რომ როგორც რკინიგზის, ისე ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობა შემცირდა", -ნათქვამია "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 974
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია