დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"მემარჯვენეები" ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის მიზნით საკანონმდებლო ინიციატივით გამოდიან
ავტორი:
2014/იანვარი/22 17:00:03
"ახალი მემარჯვენეები" ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის მიზნით საკანონმდებლო ინიციატივით გამოდიან. "ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარე ფიქრია ჩიხრაძე დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის სახელით ახალი საკანონმდებლო ინიციატივით გამოვიდა, რომელიც ქვეყანაში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობას ითვალისწინებს.
"ჩვენს ქვეყანაში წლების განმავლობაში აქტუალურია ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის თემა, რომლისთვისაც გარკვეული საკანონმდებლო ინიციატივები განხორციელდა. თუმცა წლიდან წლამდე პრობლემა კვლავ აქტუალურია და პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის თვალსაზრისით ბევრად ჩამოვრჩებით დემოკრატიულ სახელმწიფოებს", - აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.
მისივე თქმით, სამი წლის წინ "ახალმა მემარჯვენეებმა" განახორციელეს შიდაპარტიული ინიციატივა, რომლის მიხედვითაც 2012 წლის საპარლამენტო და ყოველ მომდევნო არჩევნებზე პარტიულ სიებში ყოველი მესამე ქალი იქნებოდა.
"დღეისთვის საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს გარკვეულ ფინანსურ წახალისებას ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის თვალსაზრისით, კონკრეტულად, საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საბიუჯეტო დაფინანსებას დანამატს 10%-ის ოდენობით იღებს, თუ მის მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში ყოველ 10 კანდიდატს შორის განსხვავებული სქესი წარმოდგენილია სულ მცირე 20%-ით. ხოლო იმ შემთხვევაში თუ განსხვავებული სქესი 30%-ით არის წარმოდგენლი, ყოველ ათეულში - მომავალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, დაფინანსებაზე დანამატი უკვე 30% იქნება", - განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, ახალი მემარჯვენეები" მიიჩნევენ, რომ ქვეყანამ წინ უნდა იაროს ამ გზაზე და მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდისთვის საკანონმდებლო მხარდაჭერა.
"ჩვენი უცხოელი პარტნიორების დახმარებით და ქართული არასამთავრობო სექტორის ორგანიზაციებით ტარდება უამრავი ტრენინგი და სემინარი ქალებისთვის. ხდება მათი მომზადება აქტიური პოლიტიკური საქმიანობისთვის. პროცესში ჩართულია თითქმის ყველა პოლიტიკური პარტიის ქალთა წარმომადგენელობა. მიგვაჩნია, რომ მომწიფდა სიტუაცია საიმისოდ, რათა პოლიტიკურმა პარტიებმა გარკვეული ვალდებულება აიღონ და უზრუნველყონ თავიანთ რიგებში ქალთა წინ წამოწევა და მათი აქტიურად ჩართვა საარჩევნო პროცესებში. ამიტომ გამოვდივართ ინიციატივით:
1. "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში შევიდეს შესაბამისი ცვლილება და პოლიტიკური პარტიებისთვის სარეკომენდაციოს ნაცვლად სავალდებულო გახდეს ყველა დონის არჩევნებისთვის ყველა საარჩევნო სიაში ყოველ 10-ეულში ქალი კანდიდატი წარმოდგენილი იყოს მინიმუმ 20%-ით.
2. პოლიტიკური პარტიების კანონით გათვალისწინებული 30%-იანი ფინანსური წახალისება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პარტიის კანდიდატთა ყოველ 10-ეულში ქალი კანდიდატი წარმოდგენილია სულ მცირე 30%-ით", - განაცხადა ჩიხრაძემ.
მან იმედი გამოთქვა, რომ პარტიის ეს ინიციატივა, რომელსაც სხვადასხვა დროს მეტ–ნაკლები აქტივობით მხარს უჭერდა ბევრი პოლიტიკური პარტია, მხარდაჭერას ჰპოვებს პარლამენტში და ბოლოს და ბოლოს ამ მიმართულებით ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგმება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1008
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია