დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი - ბავშვობაში ჩადენილი საქციელის გამო არ შეიძლება ადამიანს პერსპექტივა მოუკლა
ავტორი:
2013/დეკემბერი/27 22:30:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ნასამართლეობასთან დაკავშირებით ატეხილი ხმაური "გადაჭარბებულია".
როგორც ღარიბაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციასთან" ინტერვიუში განაცხადა, აღნიშნულის უკან "ნაციონალური მოძრაობა" დგას, რომლის მიზანიც ფარცხალაძის სახელის და მისი პიროვნების დისკრედიტაცია იყო.
"მიმაჩნია, რომ ეს ხმაური არის გადაჭარბებული. აღნიშნული თემა ძალიან ზედმეტად ასწიეთ. რა თქმა უნდა, "ნაციონალური მოძრაობის" მთავარი ამოცანა იყო, მომხდარიყო ოთარ ფარცხალაძის სახელის, ზოგადად, მისი პიროვნების დისკრედიტაცია, მისი დემონიზაცია. არ გამიკვირდება, რომ ის მალე გამოაცხადონ ვამპირად, კაცის მკვლელად და ათასი სისულელე დააბრალონ", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პრემიერის აზრით, ფარცხალაძის წინააღმდეგ კამპანია იყო მიზანმიმართული და კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებული პროვოკაცია, რაც მთავარი პროკურორის ეფექტურად საქმიანობას უკავშირდება.
"ეს პროცესი დაიწყო 10 დღის წინ, როცა ბრალდებულმა მერაბიშვილმა გააკეთა ერთის მხრივ პროვოკაციული და მეორეს მხრივ, სასაცილო განცხადება. მე მაშინვე პროვოკაცია ვუწოდე მის განცხადებას და ვთქვი, რომ მის ნათქვამს შესაძლოა მოეტანა მრავალი ეფექტი, მათ შორის ის, რომ მომხდარიყო მთავარი პროკურორის დისკრედიტაცია, ასევე, მთავრობის დისკრედიტაცია. ფარცხალაძე მათთვის პრობლემაა, რადგან ერთ თვეში მოხდა ბევრი საქმის წამოწევა და ძალიან ეფექტურად დაიწყო მუშაობა. დარწმუნებული ვარ, ეს იყო კარგად გათვლილი და კარგად ორგანიზებული, ძალიან მიზანმიმართული, კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებული პროვოკაცია. მეორე დღესვე მოითხოვეს, რომ მთავარ პროკურორს შეჩერებოდა უფლებამოსილება, ასევე გადამდგარიყო სოზარ სუბარი. თუკი ასეთ არასერიოზულ განცხადებებზე პრემიერს და მთავრობას ექნებოდა რეაქცია, ეს იქნებოდა ცუდი პრეცედენტი. სწორედ ამ პრეცედენტის შექმნა სურდა "ნაციონალურ მოძრაობას", - აღნიშნა პრემიერმა, რომელიც ფარცხალაძის ნასამართლეობასთან დაკავშირებით მედიის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა შეფასებებსაც გამოეხმაურა და სამწუხარო უწოდა, რომ მათ "არასწორი ვითარებით განავითარეს შეფასებები".
გარდა ამისა, ღარიბაშვილის თქმით, ფარცხალაძეს ნასამართლეობა არ დაუმალავს და ეს მაშინვე თქვა, როგორც კი ინფორმაცია გასაჯაროვდა.
"მთავარი მიზეზი, რის გამოც არ შეიძლება შევადაროთ დღევანდელი მთავრობა "ნაციონალურ მოძრაობას" არის შემდეგი: ჩვენ ყოველთვის ვამბობთ სიმართლეს. არასდროს ვაკადრებთ მოსახლეობას ვთქვათ ტყუილი. როცა ეს ფაქტი გასაჯაროვდა, ოთარ ფარცხალაძე გამოვიდა და თქვა, რომ დიახ, 14-15 წლის წინ შეემთხვა ინციდენტი, დაადასტურა, რომ ნასამართლევია, კერძოდ, პოლიციელთან მოუხდა ინციდენტი, რის გამოც მას მიესაჯა 1 წელი და 3 თვე, თუმცა რამდენიმე თვეში გათავისუფლდა. ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, როცა ადამიანს აკავებენ ყაჩაღობის მუხლით, ის რამდენიმე თვეში ვერ გამოვა. შეიძლება ბრალში სხვა რამე ჩაიწერა, მაგრამ რამდენიმე თვეში გაირკვა და ეს ადამიანი გამოვიდა, არც მისი დეპორტირება მომხდარა და არც გერმანიაში შესვლა აკრძალვია. ჩემი ინფორმაციით, მან რამდენჯერმე მიიღო გერმანიაში შესვლის ვიზაც", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ბავშვობაში ჩადენილი საქციელის გამო არ შეიძლება ადამიანს პერსპექტივა მოუკლა.
"სევდია უგრეხელიძის ძმამ, მინდია უგრეხელიძემ, რომელიც გამოცდილი იურისტი და ჩემთვის ავტორიტეტია, თქვა, რომ ფარცხალაძე არის ნასამართლევი, მაგრამ მან სასჯელი მოიხადა გერმანიაში და არ გვაქვს უფლება, ეს ნასამართლეობა შევახსენოთ. ესაა კომპეტენტური ადამიანების შეფასება. რაც შეეხება მორალს, ჩემთვის ყველაზე მეტად მიუღებელი და აღმაშფოთებელია მორალზე საუბარი იმ ადამიანებისგან, რომლის მთავრობასაც მთელი ქვეყანა უამრავ დანაშაულს ედავება. ბავშვობაში ვიღაცას რაღაც რომ შეემთხვა, იმის გამო ამ ადამიანს არ უნდა მოვუკლათ პერსპექტივა, ის არ უნდა გავანადგუროთ. ეს ლოგიკა აქვს "ნაციონალურ მოძრაობას" და სამწუხაროა, რომ ამას იმეორებს ზოგიერთი ადამიანი. იურიდიულად არანაირი კონფლიქტი არ არსებობს ფარცხალაძის მიერ მთავარი პროკურორის სავარძლის დაკავებასთან", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ პირადად მან ფარცხალაძის ნასამართლეობის შესახებ არ იცოდა და ბოლო პერიოდში გაიგო. "ბავშვობაში ვიღაცამ რაღაცა რომ ჩაიდინა იმით არ ვინტერესდები", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 937
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია