დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირინა იმერლიშვილი ბოლო ერთ თვეში განხორციელებულ შესყიდვებზე განმარტებას აკეთებს
ავტორი:
2013/დეკემბერი/27 15:00:03
საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი საბჭოს აპარატის მიერ ბოლო ერთ თვეში განხორციელებულ შესყიდვებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ მათ, როგორც საიდუმლო დოკუმენტაციაზე მომუშავე უწყებას, "მაღალი დაცულობის მქონე ტექნიკა"  სჭირდებათ.
"უშიშროების საბჭოს აპარატისთვის აუცილებელია მაღალი დაცულობის მქონე ტექნიკა, ვინაიდან ის მუშაობს საიდუმლო და სრულიად საიდუმლო დოკუმენტაციებზე.
ესაა ერთგვარი დაცვის მოთხოვნაც კი. უშიშროების საბჭოს აპარატს და არა ირინა იმერლიშვილს სჭირდება სამუშაოსთვის კომუნიკაციის საშუალებები, მათ შორის კომპიუტერი, რომელზეც მე მგონი არ უნდა დაისვას კითხვები. უშიშროების საბჭოს მდივანს კომპიუტერი არ დახვედრია", - აცხადებს ირინა იმერლიშვილი ტელეკომპანია "იმედთან" საუბრისას.
ამასთან, იმერლიშვილი "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში იმასაც განმარტავს, რომ ტელეფონი და კომპიუტერი, რომელიც აპარატმა შეიძინა, მისი წასვლის შემდეგაც უწყებაში დარჩება.
"საუბარია ერთ ტელეფონზე, რომელიც არის უშიშროების საბჭოსი და არა პირადი, ისევე როგორც კომპიუტერი, რომელიც სამწუხაროდ, არ დამხვდა, როცა მივედი ახალ სამსახურში. მგონი ყველა დამეთანხმება, რომ აუცილებელია კომპიუტერი, რომელიც ასევე უშიშროების საბჭოს საკუთრებაა და არა ჩემი. მე როცა წავალ აქედან, ნამდვილად დარჩება ახალ მდივანს ტელეფონიც, კომპიუტერიც და ავტომობილიც, რომელიც სავსებით შესაძლებელია, თვითონაც ჩაანაცვლოს თუ ამის საჭიროება იქნება", - აღნიშნავს იმერლიშვილი.
რაც შეეხება აპარატის მიერ შეძენილ ახალ ავტომობილს, უშიშროების საბჭოს მდივნის განმარტებით, მისი წინამორბედის ავტომანქანა ზუსტად იმავე ფირმის და მოდელის ავტომობილით ჩანაცვლდა.
"არაფრის დამატება არ მომხდარა, ჩანაცვლდა ერთი ავტომანქანა მეორეთი. დიახ, იყო ძველი მანქანა. უშიშროების საბჭოს მდივანს ემსახურებოდა საკმაოდ მოძველებული, რამდენიმე წლის მანქანა, სადაც დაცვის წარმომადგენლებს მთელი რიგი პროცედურები ჰქონდათ ჩატარებული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არაა პირადი, ეს არის უშიშროების საბჭოს მდივნის (რომელიც საკმაოდ მაღალი თანამდებობაა) საკუთრება. არ მინდა დეტალებში ჩაძიება, მაგრამ ბოკერიას მანქანა იყო გაჟღენთილი სიგარეტის სუნით. ბოკერიას ჰყავდა სახელმწიფო დაცვა, რომელიც, როგორც ჩანს, თავის სტანდარტებს ითვალისწინებდა და სკამები ჰქონდათ შედუღაბებული. მე კიდევ, დაცვაზე ვთქვი უარი და ამით სახელმწიფოს საკმაოდ დიდი შეღავათი გავუწიე, აგრეთვე, მე მყავდა ორი მძღოლი და მხოლოდ ერთი დავიტოვე, რადგან ორი ზედმეტი იყო და ზუსტად ყოველივე აქედან გამომდინარე გახდა საჭირო ავტომანქანის გამოცვლა. ეს არის სამსახურებრივი ავტომანქანა, რომელიც დარჩება უშიშროების საბჭოში. ასევეა მობილურიც და კომპიუტერიც, რომელიც აუცილებლად სჭირდება უშიშროების საბჭოს მდივანს. ეს ნივთებიც დარჩება საბჭოში. ამიტომ ამ შეძენაში ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ", - განმარტავს უშიშროების საბჭოს მდივანი.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" დღეს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც უშიროების საბჭოს მიდვანმა, ირინა იმერლიშვილმა თანამდებობაზე დანიშვნითანავე შეიძინა 78 ათასი ლარის ღირებულების "ტოიოტა პრადო", ძვირად ღირებული Iპჰონე 5ს მობილური ტელეფონების შესაძენად კი, უშიშროების საბჭომ თითქმის 50 ათასი ლარი დახარჯა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 912
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია