დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილისგან მივიღე მყარი პასუხი, რომ ფარცხალაძესთან დაკავშირებით ყველაფერი წესრიგშია
ავტორი:
2013/დეკემბერი/27 10:30:03
მთავარი პროკურორი არის პროკურატურის სახე და ის უნდა იყოს ისეთი, უნდა მუშაობდეს ისე, უნდა იქცეოდეს ისე, რომ ყოველგვარი კითხვა თუ ეჭვი იყოს დროულად პასუხგაცემული და მოგვარებული, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემა "არგუმენტებში" განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ყველა კითხვას სათანადო პასუხი გაეცემა.
მისი თქმით, როდესაც სამართალდამცავები აქტიურობას იწყებენ და დღის სინათლეზე გამოდის ძალიან მძიმე, მტკივნეული საკითხები, ასეთ დროს ბუნებრივია ინტერესი იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამ საქმეს იძიებს.
"ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ გაიხსნა ძალიან სერიოზული ფრონტი. მე ამას ველოდი. ასეთი ფრონტი იყო პროკურატურის წინა ხელმძღვანელების მიმართაც, როგორც კი ისინი რაიმე სერიოზულ საკითხს მიადგებოდნენ. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ სვამს ამა თუ იმ კითხვას, თუნდაც ეს იყოს ხალხი, ვის მიმართაც ასჯერ და ათასჯერ მეტი კითხვაა დასმული და პასუხებიც ნათელია, ჩვენ, ხელისუფლებამ, პროკურორმა, მთავრობამაც, პარლამენტმაც საზოგადოებას ამომწურავი პასუხი უნდა გავცეთ. მთელ ამ აურზაურში, ჩემი აზრით, ხელისუფლების მხრიდან იყო დაშვებული მცირე შეცდომა, რომ ყველა საკითხზე მყისიერად არ გაიცა ამომწურავი, ფაქტებით გამყარებული პასუხები. ამან პროცესში ვნებათღელვა შეიტანა, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერს ნათელი მოეფინა, ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია და თუ ხვალ და ზეგ დაისმება რამე კითხვა ფარცხალაძესთან თუ უსუფაშვილთან დაკავშირებით, ჩვენ საზოგადოებას განვუმარტავთ ყველაფერს და მივიღებთ სათანადო გადაწყვეტილებებს", - განაცხადა უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის აზრით, მთავარი პროკურორის გადადგომის მოთხოვნა არარელევანტური საკითხია, რადგან ყველა თანამდებობის პირი მაშინ უნდა წავიდეს, თუ მიიჩნევს, რომ რაიმე მიზეზის გამო თავის ფუნქციებსა და მოვალეობებთან გამკლავება აღარ შეუძლია.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, ბუნებრივია, ოფიციალური ბრალმდებლის მიმართ ბრალდებების წაყენება იმ ადამიანებისგან, რომლებსაც მან "მყუდროება დაურღვია" და ამ ფაქტმა არ უნდა გააბრაზოს და წყობიდან გამოიყვანოს არც "ბატონი ფარცხალაძე, არც ბატონი უსუფაშვილი".
"ამან არ უნდა დაგვავიწყოს, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება, კანონის ფარგლებში მოქმედების გარდა სხვა პასუხი გავცეთ ოპონენტებს. წავიდა ის დრო, როდესაც ქვეყანაში არსებობდნენ ხელშეუხებელი ადამიანები. ყველა თანამდებობის პირი, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელია საზოგადოების წინაშე და ჩვენ ასევე პასუხისმგებელი ვართ ერთმანეთის წინაშე. შესაძლებელია, დადგეს დავით უსუფაშვილის პასუხისმგებლობა, თუ აღმოჩნდა, რომ მან იცრუა, მოატყუა გუნდი, ჩაიდინა შეუფერებელი საქციელი. ბატონი ფარცხალაძე ბრალდებულია, რომ 12-13 წლის წინ მას გერმანიაში ჰქონდა გარკვეული პრობლემები სამართალდამცავ სისტემასთან, რომელიც მალევე მოგვარდა და მას შემდეგ უპრობლემოდ მოგზაურობს ამ და სხვა ქვეყნებშიც, სამართლებრივად მას ნასამართლობა არ გააჩნია და თუ მას ოდესმე სამართლებრივად პრობლემა ჰქონდა, ჰქონდა მაშინ, როდესაც წინა ხელისუფლების დროს პოლიციაში მუშაობდა. თუმცა, მე არ ვიზიარებ არგუმენტაციას, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს ვუთხრა, თქვენთანაც ხომ მუშაობდა და დააჯილდოვეთ. ჩვენთვის არ არის სტანდარტი, რას აკეთებდა წინა ხელისუფლება. მე მქონდა საუბარი ირაკლი ღარიბაშვილთან და მისგან მივიღე ძალიან მყარი და მკაფიო პასუხი, რომ ბატონ ფარცხალაძესთან დაკავშირებით ყველაფერი წესრიგშია, არ არსებობს არც ერთი ნიუანსი, რომელიც სამართლებრივ ან მორალურ ეჭვს იწვევს მის ბიოგრაფიაში", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 959
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია