დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ვილნიუსი 28-29 ნოემბერს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტს უმასპინძლებს
ავტორი:
2013/ნოემბერი/27 17:30:02
ლიტვის დედაქალაქი ვილნიუსი 28-29 ნოემბერს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" მესამე სამიტს უმასპინძლებს. სამიტში მონაწილეობას ევროკავშირის ინსტიტუტების უმაღლესი წარმომადგენლები, ევროკავშირის წევრი და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების (აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა) სახელმწიფოების ან მთავრობის მეთაურები მიიღებენ.
სამიტის ფარგლებში პარტნიორობის იმპლემენტაციასთან დაკავშირებული საკითხები და წინა სამიტის შემდეგ პარტნიორ ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის კუთხით არსებული მიღწევები განიხილება, ასევე, დაისახება მომავალი ორი წლის გეგმები. სამიტის შემდეგ შემუშავდება ერთობლივი დეკლარაცია, რომელიც ევროკავშირისა და ექვსი პარტნიორი ქვეყნის საერთო ფასეულობებსა და პრინციპებს ასახავს.
ოფიციალური თბილისის შეფასებით, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის ვილნიუსის სამიტს ისტორიული დატვირთვა გააჩნია, რადგან მასზე საქართველო და ევროკავშირი "ასოცირების შესახებ შეთანხმების" პარაფირებას მოახდენენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ასოცირების შეთანხმება პოლიტიკურ ასოცირებას და ეტაპობრივ ეკონომიკურ ინტეგრაციას ითვალისწინებს და ქვეყნის ევროპეიზაციის პროცესს შეუქცევადს ხდის.
შეთანხმების ტექნიკურ პარაფირებას 28 ნოემბერს საქართველოს მხრიდან, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე მოახდენენ, 29 ნოემბერს კი "ასოცირების შესახებ შეთანხმების" პარაფირების უკვე ოფიციალური ცერემონია გაიმართება, რომლის ფარგლებშიც შეთანხმების პარაფირებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე მოახდენს.
გარდა ამისა, ვილნიუსის სამიტის ფარგლებში, 29 ნოემბერს იგეგმება "ევროკავშირის სამოქალაქო მისიებსა და სამხედრო ოპერაციებში საქართველოს ჩართვის თაობაზე" ჩარჩო შეთანხმების ხელმოწერა. შეთანხმება საშუალებას მისცემს საქართველოს, ჩაერთოს ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე კრიზისული სიტუაციების მართვის ოპერაციებში და ამ გზით, ევროკავშირთან ერთად თავისი წვლილი შეიტანოს მსოფლიოში უსაფრთხოების ხელშეწყობის პროცესში. შეთანხმებას საქართველოს მხრიდან ხელს მოაწერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ხოლო ევროკავშირის მხრიდან, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ქეთრინ ეშტონი.
როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია "სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის" შესრულების კუთხითაც, რაც სამიტზე ასევე დადებითად იქნება შეფასებული.
გარდა ამისა, ოფიციალური თბილისი ელის, რომ სამიტზე დაფიქსირდება საქართველოს მიერ ევროკავშირთან სხვა პრიორიტეტულ სფეროებში, განსაკუთრებით, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და განათლების სფეროში, დაახლოების მიმართულებით მიღწეული პროგრესიც.
"აღმოსავლეთ პარტნიორობის" ვილნიუსის სამიტის პარალელურად ასევე, დაგეგმილია საპარლამენტო ფორუმის (27-28 ნოემბერი); ბიზნეს ფორუმისა (28 ნოემბერი) და სამოქალაქო საზოგადოების კონფერენციის "აღმოსავლეთ პარტნიორობა: პოლიტიკური გამოწვევები და სამომავლო დღის წესრიგი სამოქალაქო საზოგადოებისთვის" (27-29 ნოემბერი) გამართვა.
ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები 3 წლის განმავლობაში, 2010 წლის ზაფხულიდან მიმდინარეობდა და ის 2013 წლის ივლისში დასრულდა.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 940
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია