დაისვენე კურორტ ახალდაბაში
საეჭვო ფინანსურ გარიგებებთან დაკავშირებით ადვოკატებისთვის დასაკისრებელი ვალდებულება გადაიხედა
ავტორი:
2013/ნოემბერი/26 15:30:02
ადვოკატებისთვის დასაკისრებელი ვალდებულება - საეჭვო ფინანსური გარიგებების არსებობის შემთხვევაში, ინფორმაცია ფინანსთა მონიტორინგის სამსახურს მიაწოდონ, გადაიხედა.
საუბარია "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" და "ადვოკატთა შესახებ" კანონებში დაგეგმილ ცვლილებებზე, რომლის თანახმად, პროფესიებს, რომელთა წარმომადგენლებიც ვალდებულნი არიან, საეჭვო გარიგებების არსებობის შემთხვევაში, ფინანსთა მონიტორინგის სამსახურს შეატყობინონ, ადვოკატიც ემატება. ცვლილებებით, რომელიც პარლამენტში ორი მოსმენით უკვე მიღებულია, თუკი არსებობს ეჭვი უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასთან დაკავშირებით, ადვოკატი ვალდებული ხდება შესაბამისი ინფორმაცია ჯერ "ადვოკატთა ასოციაციას" მიაწოდოს, შემდეგ კი, ასოციაცია აღნიშნულ ინფირმაციას ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უგზავნის.
აღნიშნული კანონპროექტი მიუღებელია არასამთავრობო სექტორისთვის და თავად "ადვოკატთა ასოციაციისთვის". მას მოწინააღმდეგეები ჰყავს უმრავლესობაშიც, სადაც მთავრობის მიერ შეთავაზებული ინიციატივის საფუძველზე, ადვოკატსა და კლიენტს შორის კონფიდენციალურობის დაცვის პრინციპის დარღვევის საფრთხეს ხედავენ.
როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მთავრობის წარმომადგენელმა ზაურ ღამბაშვილმა განმარტა, მიღწეულია იმგვარი კონსენსუსი, რომ პროფესიულ საიდუმლეობას ნაკლები ზიანი მიადგეს და კანონი პროფესიული საქმიანობის საიდუმლეობაში არ შეიჭრას.
კერძოდ, "ადვოკატთა შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის კორექტირებული ვარიანტის თანახმად, "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" კანონით გათვალისწინებული გარიგებების თაობაზე ინფორმაციას ადვოკატი ასოციაციას მიაწვდის, რომელიც შესაბამისი ცნობის ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის მიწოდებას უზრუნველყოფს. ამასთან, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ ანგარიშგების ფორმას ადვოკატი იმ შემთხვევაში აგზავნის, თუ ეს პროფესიული საიდუმლეობის დაცვის პრინციპს არ ეწინააღმდეგება.
როგორც საკომიტეტო განხილვისას აღინიშნა, ნორმის ამგვარი ფორმულირება ყველანაირ კითხვას ხსნის და სადაო თემა ამოწურულია.
აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის მომზადება საგარეო პოლიტიკურ ფაქტორს უკავშირდება და მისი მიღება რეკომენდებულია, ევროსაბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ღონისძიებათა კომიტეტის და ევროკავშირის მიერ - ვიზების ლიბერალიზაციის გეგმის ფარგლებში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1091
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია