დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის საბოლოო სცენარი ორშაბათს გახდება ცნობილი
ავტორი:
2013/ოქტომბერი/30 20:30:03
გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის საბოლოო სცენარი ორშაბათს გახდება ცნობილი, - ამის შესახებ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის მოსამზადებელი სამთავრობო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, საგარემო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ სამინისტროში კომისიის პირველი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე კომისიის ყველა წევრს ჰქონდა იდეა, რომელთა შეჯერება მომდევნო დღეების განმავლობაში მოხდება. როგორც მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, ინაუგურაციაზე იქნება სამხედრო კომპონენტი, თუმცა მასშტაბებზე შეჯერდებიან.
"ჩვენ გვინდა, რომ გავაკეთოთ არა ძალიან პომპეზური ღონისძიება, მაგრამ ძალიან საზეიმო, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიიღოს ხალხმა. რა საკვირველია უნდა იყოს სამხედრო კომპონენტი. უნდა იყვნენ მოწვეული სტუმრები", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, ღონისძიებაზე იქნება მრავალფეროვანი საზოგადოება. ხელისუფლება მოიწვევს ადგილობრივ დიპლომატიურ კორპუსს. მოწვევა გაეგზავნება ევროკავშირის, ნატო-ს, აღმოსავლეთ პარტნიორობის, დსთ-ს წევრ ქვეყნებსა და იმ სახელმწიფოებს, რომლებიც აღნიშნულ გაერთიანებებში არ არიან, თუმცა აქვთ წარმომადგენლობა საქართველოში, მაგალითად იაპონიას, ჩინეთსა და შვეიცარიას. გარდა ამისა, მოწვევა გაეგზავნებათ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ევროკავშირს, ნატო-ს, ეუთოს, ევროსაბჭოს, გაეროს.
მაია ფანჯიკიძის ინფორმაციით, კომისიამ ექსპრეზიდენტების მოწვევასთან დაკავშირებითაც იმსჯელა, თუმცა, კონკრეტული გადაწყვეტილებები ჯერჯერობით მიღებული არ არის. შეკითხვაზე, იქნება თუ არა ინაუგურაციაზე მიწვეული რუსეთის პატრიარქი კირილი, მაია ფანჯიკიძემ უპასუხა, რომ ეს საკითხი თათბირზე არ წამოჭრილა, მაგრამ "საინტერესო შეკითხვაა". მისივე ინფორმაციით, ინაუგურაციაზე მთელი შემადგენლობით იქნება მიწვეული პარლამენტი.
რაც შეეხება კონკრეტულ დეტალებს, კომისიის თავმჯდომარის მოადგილის განმარტებით, დეტალები ცნობილი არ არის. ამ ეტაპზე უცნობია, თუ ვინ შეასრულებს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს. მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ ჰიმნი აუცილებლად იქნება, თუმცა სხდომაზე არც ერთი შემსრულებლის გვარი არ გაჟღერებულა.
გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციასთან დაკავშირებული ძირითადი ღონისძიება თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ გაიმართება. აქვე შედგება ფიცის დადების ცერემონიაც. როგორც მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია "ბევრად ნაკლები დაჯდება, ვიდრე საქართველოში ოდესმე ინაუგურაცია დამჯდარა", - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
საგარეო საქმეთა სამინისტროში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის მოსამზადებელი სამთავრობო კომისიის პირველი სხდომა დაახლოებით ორსაათნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე უძღვებოდა. სხდომაზე ასევე იმყოფებოდნენ კომისიის წევრები - კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი გეგეჭკორი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირინა იმერლიშვილი. სხდომას ასევე ესწრებოდნენ კანცელარიის წარმომადგენელი კოკა ყანდიაშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მომავალი უფროსი ლაშა აბაშიძე. მაია ფანჯიკიძის ინფორმაციით, კომისიაში თავისი წარმომადგენელი თბილისის მერიასაც ეყოლება.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1046
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია