დაისვენე კურორტ ახალდაბაში
კონგრესმენი კეი გრეინჯერი - საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყანაა, თუმცა მისი სიჯანსაღე უკვე დადასტურდა
ავტორი:
2013/სექტემბერი/26 23:00:05
ამერიკელი კონგრესმენის კეი გრეინჯერის განცხადებით, "საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყანაა, თუმცა მისი სიჯანსაღე უკვე დადასტურდა". გრეინჯერი, რომელიც საქართველოში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა, აცხადებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდი ვნებათაღელვით გამოირჩეოდა, თუმცა ის, პირველად საქართველოს ისტორიაში, ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემით დასრულდა.
"2012 წლის ოქტომბერში, საქართველოში სტუმრობის შესაძლებლობა მომეცა, რათა თვალყური მედევნებინა საპარლამენტო არჩევნებისათვის ამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში. წინასაარჩევნო პერიოდი ვნებათაღელვით გამოირჩეოდა, დებატები კი ორ ყველაზე დიდ პარტიას შორის მწვავე იყო, თუმცა საბოლოოდ, პირველად საქართველოს ისტორიაში, ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა განხორციელდა.
მართალია, საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყანაა, თუმცა მისი სიჯანსაღე უკვე დადასტურდა, მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია", - აცხადებს კონგრესმენი.
მისივე თქმით, საქართველო გვევლინება, როგორც თავისუფლების შუქურა მსოფლიოს ერთ-ერთ პრობლემურ და არადემოკრატიულ რეგიონში. "საქართველოს წარმატება ცალსახად ითხოვს ამერიკისა და ჩვენი დემოკრატიული მოკავშირეების მხარდაჭერას. მე, როგორც სახელმწიფო, საგარეო და შესაბამისი პროექტების ხარჯების განკარგვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარეს, მქონდა შესაძლებლობა, მეთანამშრომლა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან და სხვა დემოკრატიულ, სამოქალაქო საზოგადოებისა და არჩევნების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან. საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისა და მისი კოლეგების მიერ ჩატარებულმა საველე სამუშაოებმა უდიდესი წვლილი შეიტანა იმ დადებით მოვლენებში, რომელთა მოწმენიც ჩვენ გავხდით საქართველოს წინასაარჩევნო პროცესში, ასევე, დემოკრატიული ტრანზიციის პროცესებში იორდანში, ტუნისსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.
როცა ადამიანებს აქვთ არჩევანის უფლება, ისინი ყოველთვის ირჩევენ თავისუფლებას. ჩვენ ერთად უნდა გავაგრძელოთ ისეთი გარემოს შექმნა, რომელშიც ადამიანებს არჩევნის თავისუფლება ექნებათ. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მედიასაშუალებების მიერ ამომრჩეველთათვის მიწოდებული ინფორმაციის მიუკერძოებლობა და თავისუფლება პოლიტიკური პროპაგანდისაგან. უნდა გავაძლიეროთ გენდერული თანასწორობა და არასაკმარისი წარმომადგენლობითობის მქონე ჯგუფები, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩვენ უნდა გავააქტიუროთ სამოქალაქო განათლების პროცესი, უზრუნველვყოთ საჯარო სფეროს ანგარიშვალდებულება, არჩევნებში დაინტერესებულ მხარეებს მივაწოდოთ შესაბამისი განათლება/ტრენინგი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, განვამტკიცოთ ჩვენი ერთგულება დემოკრატიული ფასეულობებისა და ადამიანის უფლებებისადმი", - განაცხადა კეი გრეინჯერმა.
კონგრესმენი გრეინჯერი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის (კონგრესი) სახელმწიფო, საგარეო და შესაბამისი პროექტების ხარჯების განკარგვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარეა. ის პირველი რესპუბლიკელი ქალი წარმომადგენელია კონგრესში ტეხასის შტატიდან.
კეი გრეინჯერს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდმა დემოკრატიის სფეროში 2013 წლის ჩარლზ მანატის ჯილდო მიანიჭა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 947
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია