დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი ვოლსკი - სოსო ჯაჭვლიანის ცნობილი განცხადება აქტუალურია
ავტორი:
2014/დეკემბერი/24 16:00:03
უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის შეფასებით, დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის მიერ პარლამენტის სხდომაზე გიორგი ბარამიძისადმი გაკეთებული ცნობილი განცხადება, აქტუალურია.
ვოლსკის სიტყვით გამოსვლისას ბარამიძის გვარი არ უხსენებია, თუმცა ოპოზიციონერ კოლეგას თავდაცვის მინისტრის მისამართით გაკეთებულ განცხადებაზე ირიბად უპასუხა.
"არც "ნაციონალური მოძრაობის" ხსენების და არც ერთი პირის დასახელების სურვილი არასდროს მქონია. ძალიან არ მომეწონა და არასწორია იყო ის ცნობილი განცხადება, რაც სოსო ჯაჭვლიანმა გააკეთა და, რომელიც დღემდე თოქ-შოუებისა და იუმორისტული გადაცემების თემაა, მაგრამ ახლა ეს განცხადება აქტუალურია იმ პიროვნების მიმართ, რომელმაც თავს უფლება მისცა და მოღალატეობრივ დანაშაულებებზე ისაუბრა. დანაშაულებებთან დაკავშირებით თავად აქვს უამრავი ბოდიში მოსახდელი საზოგადოების წინაშე. არიან ადამიანები, რომლებმაც არათუ ბოდიში არ მოიხადეს, არამედ ქირქილებენ, თითქოს ორუელი იციან. საქმე ორუელზე არ არის, საქმე იმ პრინციპზე, იმ ადამიანობასა და სულზეა, რომელიც სამწუხაროდ ე.წ. ოპოზიციას აქვს", - განაცხადა ვოლსკიმ.
უმრავლესობის ლიდერის შეფასებით, საპარლამენტო ოპოზიცია არის არა ის ოპოზიცია, ვისთანაც პრობლემაზე საუბარი შეიძლება, არამედ ადამიანთა ხელშემშლელი ჯგუფი, რომელიც ცდილობს, რაც შეიძლება ცუდად იყოს საქმე, რათა მღვრიე წყალში თევზი დაიჭირონ.
გიორგი ბარამიძემ უმცირესობის სახელით პარლამენტში თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის მოწვევა მოითხოვა და როგორც განმარტა, მათ მინისტრის მოსმენა "სამარცხვინო და მოღალატურ განცხადებაზე" სურს.
"თავდაცვის სამინისტროს განცხადება ეროვნული ინტერესების ღალატს წარმოადგენს და არ არის მხოლოდ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის უკრაინის ღალატი, ეს არის საქართველოსთვის ლახვრის ჩაცემა და პუტინის სამსახური. წარმოუდგენლად მიგვაჩნია, რომ საქართველოს ჰყავდეს ისეთი თავდაცვის მინისტრი, რომელიც ჯერ ასეთ ნაძირლობას სჩადის და ამ ნაძირლობას იმ არაკაცობას უმატებს, როცა ხდება სხვისთვის ხელის შეხოცვა, რომ თითქოს მან არაფერი იცოდა. ასეთი სამარცხვინო რამ საქართველოს ისტორიას არ ახსოვს", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ პარლამენტის სხდომაზე.
რაც შეეხება ჯაჭვლიანის ცნობილ განცხადებას, გასულ წელს, პარლამენტში გამართული დებატებისას, როდესაც გია ბარამიძე ხელისუფლებისადმი ბრალდებებით გამოდიოდა, სოსო ჯაჭვლოიანმა მას ასეთი სიტყვებით მიმართა - "ნუ ბლატაობ, შე ჩმორო". . .



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1044
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია