დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჟენევაში საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაში მონაწილეობს
ავტორი:
2014/ოქტომბერი/12 21:00:02
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჟენევაში საპარლამენტთაშორისო კავშირის 131-ე ასამბლეაში მონაწილეობს. ასამბლეის სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, მათ შორისაა პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობისა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხები.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განმარტებით, ქალი პარლამენტარების შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის აღმოფხვრა და საარჩევნო პროცესში გენდერული კვოტების დაცვა იყო.
"სწორედ ეს სულისკვეთებაა ამ შეხვედრის ერთ-ერთი მიმართულება და ვფიქრობთ, ძალიან ბევრი გვექნება სამუშაო. ამ მიმართულებით ძალიან აქტიურია საქართველოში არასამთავრობო სექტორი და ვფიქრობთ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მთავარი დღის წესრიგი და ამოცანა შესაბამისი ცვლილებების განხორციელება იქნება, რომელიც უზრუნველყოფს ქალთა მონაწილეობის გაზრდას საკანონმდებლო ორგანოში", - განაცხადა მანანა კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის წევრ თინათინ ხიდაშელის თქმით, სესიის ამოცანა ქალთა საკითხებზე რეზოლუციების მომზადებაა. "დღევანდელ სხდომაზე, გარდა მიმდინარე საკითხებისა, მთელი დილის სესია ქალი პარლამენტარების პოლიტიკაში მონაწილეობის და კვოტების საკითხს დაეთმო და ეს თემა საქართველოშიც აქტუალურია. იცით რომ, რამდენიმე თვის წინ გაეროს ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კომიტეტმა მისცა რეკომენდაცია რეზოლუციაში საქართველოს და გააკრიტიკა ქვეყანა, რომ ქალთა აქტივობა პოლიტიკაში ძალიან დაბალია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რეზოლუციის ტექსტი საბოლოო ჯამში რა სახეს მიიღებს, რომ ჩვენ ის ჩვენს კანონმდებლობაში ავსახოთ", - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
საპარლამენტო დელეგაციამ ასევე ადამიანის უფლებების, დემოკრატიის განვითარებისა და მშვიდობისა და უსაფრთხოების სხდომებშიც მიიღო მონაწილეობა.
დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობს, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, პარლამენტის წევრები - თინათინ ხიდაშელი, დავით ბეჟუაშვილი და საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი ზურაბ მარაქველიძე შედიან.
საპარლამენტთაშორისო კავშირის 131-ე ასამბლეა ჟენევაში 16 ოქტომბრამდე გაგრძელდება.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1025
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია