დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაია ფანჯიკიძე გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა
ავტორი:
2014/სექტემბერი/20 13:30:03
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტიდან აცნობეს, სხდომა ერაყში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით მოიწვიეს.
საკუთარ გამოსვლაში საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა როგორც გლობალური, ისე რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე და საქართველოს მზაობაზე საკუთარი წვლილი შეიტანოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
მაია ფანჯიკიძემ საქართველოს მთავრობის სახელით მხარდაჭერა გამოუხატა ერაყის ახალ მთავრობას მის მისწრაფებაში უზრუნველყოს ინკლუზიური პოლიტიკური პროცესი, უსაფრთხოება და სტაბილურობა ერაყში. მან ასევე გამოხატა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა ერაყის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას.
"ისეთი ტერორისტული გაერთიანებები, როგორიცაა ისლამური სახელმწიფო, წარმოადგენს საფრთხეს არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთისთვის, არამედ ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის და დანარჩენი სამყაოსთვის", - აღნიშნა მინისტრმა.
მაია ფანჯიკიძის განცხადებით, საქართველომ, როგორც სანდო პარტნიორმა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ერაყში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში, ახლა კი ამ პროცესს განაგრძობს ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.
"ჩვენი ვალდებულება გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში არის მტკიცე და ურყევი. საქართველო მხარს უჭერს კოალიციის ძალისხმევას დაამარცხოს ისლამური რესპუბლიკა და უზრუნველყოს მშვიდობა რეგიონში. საქართველო მზად არის ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს მათ, ვინც ტერორისტული დაჯგუფების არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ასევე შეუძლია საბრძოლო მისიებში მიღებული მნიშვნელოვანი გამოცდილება გაუზიაროს უსაფრთხოების ძალებს, რომლებიც იბრძვიან ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ.
"ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ შეერთებულ შტატებთან და სხვა პარტნიორებთან უახლოესი კვირეების განმალობაში, იმისათვის რომ განისაზღვროს თუ რა სახის დახმარება შეუძლია გასწიოს საქართველომ", - აღნიშნა მინისტრმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლის დასრულების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ მადლობა გადაუხადა მაია ფანჯიკიძეს და ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
უშიშროების საბჭოს სხდომაზე განხილული იქნა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზების საკითხი. სხდომას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი უძღვებოდა. მან მადლობა გადაუხადა უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილე ქვეყნებს, მათ შორის იმ სახელმწიფოებს, ვინც მიიღეს შეერთებული შტატების მოწვევა და მზად არიან საკუთარი წვლილი შეიტანონ ტერორიზმის დამარცხების საქმეში.
"თქვენი აქ ყოფნა მიუთითებს, რომ მსოფლიო თანამეგობრობა მზად არის დაეხმარება აღმოუჩინოს ერაყს და წინააღმდეგობა გაუწიოს ისლამური სახელმწიფოდან მომავალ საფრთხეს", - განაცხადა ჯონ კერიმ.
მისივე თქმით, ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ საჭიროა გლობალური, მიზანმიმართული კამპანია, რათა ამ ორგანიზაციამ ვერ ჰპოვოს თავშესაფარი ვერსად.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, სადაც ერაყში შექმნილი ვითარება განიხილებოდა, სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. მაია ფანჯიკიძე სხდომაზე დასაწრებად აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მიიწვია.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 964
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია