დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გაერო-ს კომისარი იმედოვნებს, რომ პარლამენტი სამართალდამცავთა სავარაუდო კანონდარღვევის გამოძიების დამოუკიდებელ მექანიზმს დაადგენს
ავტორი:
2014/ივლისი/29 12:00:02
ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისარი ნავანეთემ პილეი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს , ე.წ. ფარული მიყურადების სამართლებრივი რეგულირების შესახებ დებატები ისეთი კანონმდებლობის მიღებით დაასრულოს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საქართველოში მცხოვრები ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას უზრუნველყოფს.
გარდა ამისა, ნავანეთემ პილეი გამოთქვამს იმედს, რომ უახლოეს მომავალში პარლამენტი განიხილავს კანონმდებლობას, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ კანონდარღვევის სავარაუდო ფაქტების გამოძიების დამოუკიდებელ მექანიზმს დაადგენს.
ამ და პარლამენტისთვის სხვა აქტუალურ თემებზე საუბარია ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში. წერილი დავით უსუფაშვილის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
"თქვენო აღმატებულებავ, მსურს გამოვხატო მადლიერება იმ ღია და გულწრფელი დისკუსიისათვის, რომელიც 2014 წლის 20 მაისს - ჩემი ოფიციალური ვიზიტისას საქართველოში - თქვენთან და თქვენს კოლეგებთან მქონდა.
მახარებს ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ ადამიანის უფლებების დარგში მიაღწია. ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტმა უკანასკნელ თვეებში მოახდინა გაერო-ს "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის" რატიფიცირება, "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მიღება და საქართველოს "ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიის" დამტკიცება. მოგიწოდებთ, რომ პარლამენტში მიმდინარე დებატები ე.წ. ფარული მიყურადების სამართლებრივი რეგულირების შესახებ, დაასრულოთ ისეთი კანონმდებლობის მიღებით, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად საქართველოში მცხოვრები ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას უზრუნველყოფს. ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში პარლამენტი ასევე განიხილავს კანონმდებლობას, რომელიც დაადგენს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ კანონდარღვევის სავარაუდო ფაქტების გამოძიების დამოუკიდებელ მექანიზმს.
ადამიანის უფლებების დაცვის კულტურის გამყარებისთვის საქართველოში ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი პირადი წვლილი. მინდა მოგიწოდოთ, რომ თქვენს საჯარო გამოსვლებში განაგრძოთ ხაზგასმა საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანის უფლებების პატივისცემის საჭიროებისა. ასევე მნიშნველოვანია, რომ პარლამენტმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს პარლამენტის წინაშე სახალხო დამცველის მოახლოებული ყოველწლიური ანგარიშის განხილვას და სახალხო დამცველის რეკომენდაციებს. გაერო-ს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის და გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტის საქართველოს შესახებ დასკვნების პერიოდული ანგარიშების მიღების შემდეგ ივლისის თვეში, პარლამენტს შეუძლია აქტიური როლი ითამაშოს კომიტეტების რეკომენდაციების განხორციელებისთვის საჭირო ზომების შემუშავებაში.
გამოვხატავ მადლიერებას საქართველოსა და ჩემს ოფისს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. მოგიწოდებთ თქვენ და თქვენს კოლეგებს პარლამენტში განაგრძოთ სასარგებლო თანამშრომლობა ბატონ ვლადიმერ შკოლნიკოვთან, გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის უფროს მრჩეველთან ადამიანის უფლებათა საკითხებში (სამხრეთ კავკასია). როგორც თქვენთვის ცნობილია, გაერო-ს წარმომადგენლობა საქართველოში გეგმავს ადამიანის უფლებათა შესახებ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის დაწყებას, რომელიც საქართველოს დაეხმარება ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელებაში. პროექტი ითვალისწინებს მრავალგვარ სამუშაოს, რომელშიც ჩართულნი იქნებიან პარლამენტის შესაბამისი კომიტეტები. დარწმუნებული ვარ, რომ თანამშრომლობა გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისსა და საქართველოს პარლამენტს შორის კვლავ გაგრძელდება და გაფართოვდება", - ნათქვამია ნავანეთემ პილეის წერილში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 974
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია