დაისვენე კურორტ ახალდაბაში
რატომ ყიდულობდა ქუთაისის მერია ძვირადღირებულ ავტომობილებს შსს-სთვის?
რატომ ყიდულობდა ქუთაისის მერია ძვირადღირებულ ავტომობილებს შსს-სთვის?
ავტორი: მარი პატარაია
სულ ნანახია 2455
ავტორი:
მარი პატარაია

ქუთაისის მერიას  150 ათას ლარამდე ღირებულების ავტომობილებს უბრუნებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის 6 წლის წინ შეძენილ ავტომობილებს თავად  მფლობელები აბრუნებენ. მიზეზი ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცემული ბრძანებაა, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან ადგილობრივ თვითმმართველობებში ინვენტარიზაციის პროცესი უნდა დაიწყოს, თუმცა 6 წლის შემდეგ, საბიუჯეტო  სახსრებით შეძენილი ავტომობილები ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ  შესაძლოა, უკან აღარ დაიბრუნოს.

2007 წელს ქუთაისის მერიამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის 6 ავტომობილი შეიძინა. დაახლოებით 150 ათასი ლარის ღირებულების ქონების შეძენა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. რა მიზნით და  კონკრეტულად ვის გადასცა  ძვირადღირებული მანქანები ადგილობრივმა ხელისუფლებამ, უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ თითოეულ ავტომობილში მერიამ 20-დან 30 ათას ლარამდე გადაიხადა და 6-დან ერთი ავტომობილი 2008 წელს პერევში განვითარებული ცნობილი  მოვლენების დროს იყო გამოყენებული.

ახლა კი, ძვირადღირებულ ავტომობილებს, რომლებიც არაოფიციალური ინფორმაციით, სავალალო მდგომარეობაშია, მერიას უკან უბრუნებენ, თუმცა, მათ დაბრუნებაზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ შესაძლოა, უარი თქვას.

6 წლის წინ მომხდარი ფაქტის დამადასტურებელი  დოკუმენტაციის მოპოვებას ადგილობრივ თვითმმართველობაში ამ დრომდე ცდილობენ. მას შემდეგ კი,  რაც  დადგინდება ავტომობილების ამჟამინდელი მფლობელების  ვინაობა, ქუთაისის მერია მანქანების ექსპერტიზას მოითხოვს. ავტომობილების  ფიზიკური და მორალური ცვეთის ხარისხის  ნორმებთან შეუსაბამობის შემთხვევაში კი მფლობელებს მათი  შეკეთება დაევალება. ხოლო  იმ შემთხვევაში,  თუ რომელიმე ავტომობილი  დაზიანებების გამო,  გამოუსადეგარი იქნება, ადგილობრივი თვითმმართველობა მას უკან არ დაიბრუნებს, მფლობელი კი ღირებულებას აანაზღაურებს.

როგორც ირკვევა, 2007 წელს შსს-თვის ძვირადღირებული ავტომობილების გადაცემის ფაქტი ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილა. ქუთაისის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე კოტე ქავთარაძე იხსენებს, რომ მსგავსი შემთხვევები  აღნიშნულ პოსტზე მისი მოღვაწეობის დროს არაერთხელ მომხდარა.

„6 წლის წინანდელი ამბების გახსენება რთულია, თუმცა, ნამდვილად ვიცი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთხელ დაუვალებია ადგილობრივი თვითმმართველობისთვის ძვირადღირებული ავტომობილების შეძენა.  ეს კონკრეტული ფაქტი არ მახსოვს იმიტომ, რომ ძალიან ბევრჯერ ხდებოდა მსგავსი რამ. ახლა ძნელია, დეტალები გავიხსენო,“ განაცხადა კოტე ქავთარაძემ, რომელსაც საფინანსო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა  2007 წელს ეკავა.  მისივე თქმით, მსგავს შემთხვევებში გადაწყვეტილებებს საკრებულო იღებდა, რადგან საჭირო თანხის გამოყოფა ყოველთვის ქალაქის ბიუჯეტიდან სხვა  სფეროებისთვის განკუთვნილი ფინანსების შემცირების ხარჯზე  ხდებოდა.

გაზეთი „P.S.“ („პოსტსკრიპტუმი“) ძვირადღირებული ავტომობილების შეძენის  ფაქტის გადამოწმებას მერიის შესყიდვების სამსახურის მაშინდელ უფროსთან, ნოდარ მიქიაშვილთანაც შეეცადა, თუმცა, მისი საკონტაქტო ნომერი ამ დრომდე გამორთულია. დაუდასტურებელი ინფორმაციით, იგი ქვეყანაში არ იმყოფება.

სულ რამდენი ავტომობილი გადაეცა შსს-ს ბოლო წლების განმავლობაში და რა რაოდენობის ზარალი მიადგა ქალაქის ბიუჯეტს ძვირადღირებული ავტომობილების შეძენის გამო, მალე გაირკვევა. ქუთაისის მერიაში ავტომობილების დაბრუნების პროცესი 1 ოქტომბრიდან ფინანსთა სამინისტროს ბრძანების ამოქმედებისთანავე უნდა დაიწყოს.

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია