დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
მუშების ტრადიციადქცეული „გადაგდება“
2012/06/04 12:37:47

„შადრევან პირველის“ ყველაზე საყვარელ შადრევანის მოწყობაზე დასაქმებულნი

კუთვნილი ხელფასის მოლოდინში არიან

სამუშაოების შესრულების შემდეგ მუშებისთვის კუთვნილი ხელფასის გადაუხდელობა უკვე ტრადიციად იქცა ქუთაისში.

ჯერ კიდევ გასულ წელს აღმაშენებლის ხეივნის გამწვანებისა და ქვაფენილის მოპირკეთებისთვის გაწეული სამუშაოების ანაზღაურებას, რამდენიმე ასეული მუშა ახლაც  უშედეგოდ ითხოვს. მერიამ ამაზე პასუხისმგებლობა თავიდან მოიხსნა.  ახლა კიდევ, ცენტრალური მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებულ მუშებს ხელფასები არ აუღიათ. ამის შესახებ საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ახალი მემრაჯვენეების ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მამუკა მღვდელაძემ საკრებულოს რიგით 22-ე სხდომაზე ისაუბრა. როგორც მღვდელაძე აცხადებს, მუშებმა რამდენიმე თვის განმავლობაში სრულიად უფასოდ იმუშავეს და  მათ ავანსის სახით, სააღდგომოდ, მხოლოდ 100-100 ლარი გადასცეს.

„შადრევანის მშენებლობაზე 100-ზე მეტი ადამიანი მუშაობდა. მათგან ერთ კონკრეტულ მუშასთან დღეს მქონდა შეხვედრა. იგი აცხადებს, რომ მათთან ერთად ვინც მუშაობდა, ყველა მსგავს მდგომარეობაშია. მათ 1000 ლარზე მეტი ეკუთვნით, რომ აიღონ და სააღდგომოდ მხოლოდ 100-100 ლარი მისცეს, რომელიც მხოლოდ იქვე, მაღაზიებში, სამუშაოების შესრულების დროს გამოტანილ  პროდუქტების ნისიებში გადაიხადეს. მე მაინტერესებს: თუ ეს შადრევანი უხარისხოდაა შესრულებული და ამიტომ არ აძლევენ ამ მუშებს ხელფასს, მაშინ განცხადება უნდა გაკეთდეს და საჯაროდ აღიარონ, რომ უხარისხოა ეს შადრევანი და სამშენებლო ფირმას მოსთხოვონ პასუხი. თუმცა ამას არ გააკეთებენ, დარწმუნებული ვარ,“ - აცხადებს მღვდელაძე.

ცენტრალურ მოედანზე  შადრევანის მოწყობაზე დასაქმებული  ვახტანგ ბერეკაშვილიც იმავეს ამბობს. მისი განცხადებით, სამუშაოებზე ის მისი   ოჯახით მუშაობდა, კუთვნილი ხელფასი კი არცერთს აუღია.

„ღამეებს ვათევდით, რომ მალე და ხარისხიანად დაგვსრულებინა შადრევანის მოწყობა. მე, ჩემი შვილი და ასევე  ჩემი სიძე, სამივენი  ვმუშაობდით, თუმცა ხელფასი ვერცერთმა  ვერ ავიღეთ, მე არ მესმის ასეთი რაღაც: თუ მამუშავებ, შე კარგო ადამიანო, კეთილი ინებე და ხელფასიც გადამიხადე. ჩემს შვილს 600 ლარი აქვს  ასაღები, ჩემს სიძეს - 1800, ფირმაში მეუბნებიან რომ მერიას არ გადმოურიცხავსო, მერიაში - პასუხს არ მცემენ, როგორ მოვიქცე, არ ვიცი,“ - ამბობს ხელფასის გარეშე დარჩენილი ვახტანგ ბერეკაშვილი.

„700 ლარი მაქვს ასაღები თვენახევრის, სამუშაოები დასრულდა და ხელფსს ველოდებით უკვე ერთი თვეა, ყურადღებას არავინ გვაქცევს, როგორ მოვიქცე, არ ვიცი, დღევანდელ ცხოვრებაში რა ვქნა, ვერავის ვერაფერს ვერ შევარჩენ,“ - აცხადებს ერთ-ერთი მუშა.

აღნიშნული სამუშაოები ცენტრალურ მოედანზე „მშენებელი 2011“ ეკუთვნის, რომლის მწარმოებელს ლევან ჭანტურიას ტელეფონით ვესაუბრე.

„ბოლო საანგარიშო პერიოდის გარდა, მუშებს ყველა თანხა აღებული აქვთ. დაახლოებით ერთი თვის ხელფასი აქვთ მათ ასაღები და აუცილებლად გადავუხდით, რა თქმა უნდა, როცა ბოლო სამუშაოების კალკულაცია მოხდება. მოგეხსენებათ, ეს ძალიან რთული პროცესია. გამიჭირდება თქმა, როდის გადაეცემა მუშებს  კუთვნილი თანხა, თუმცა აუცილებლად მიიღებენ ისინი ამ თანხას,“ - აღნიშნა „მშენებელი 2011“ სამუშაოთა მწარმოებელმა ლევან ჭანტურიამ.

კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ლევან ჭანჭალეიშვილი კი დარწმუნებულია, რომ მუშები ხელფასს სულ მალე მიიღებენ.

„როგორც გავიგე, მუშებს ერთი თვის ხელფასი აქვთ აუღებელი, თუმცა ეს ფირმა სახელმწიფოს ფირმაა და ისინი შეირჩენენ ვინმესთვის მისაცემ თანხას?! ეგ გამორიცხულია!“ - აცხადებს ჭანჭალეიშვილი.

მუშები კი იმედს იტოვებენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ბოლო დროს შემოღებული ტრადიცია დაირღვევა და თვეების მანძილზე მომუშავე, რამდენიმე ასეული  მუშა კუთვნილ ხელფას აიღებეს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1724
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია