დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
წყლიანი „ბოქსი“ შიშველი პატიმრებისათვის
2012/04/23 11:53:55

ერთი პატიმრის გადაცდომის გამო ისჯება მთელი საკანი - კოლექტიური დასჯის მეთოდი ქუთაისის №2 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში

 

„ყოველ დილით, შემოწმბისას, გაშიშვლებას გვაიძულბენ, შემდეგ კი გაშიშვლებულებს შეუბრალებლად გვცემენ, სანამ არ მობეზრდებათ. ხელებდაწყობილ მდგომარეობაში რამდენიმე საათს გვაჩერებენ და თუ რომელიმე დავიღალეთ, ყველას კოლექტიურად გვსჯიან და „ინბოქსში გვიშვებენ, რომელიც 3 კვადრატია და საწოლიც კი არ არის და ძირსაც რომ არ წამოვწვეთ, ცივ წყალს გვისხამენ,“ - ასე ახასიათებს ქუთაისის ნომერ მეორე საპატიმრო დაწესებულებას სახალხო დამცველის გიორგი ტუღუშის ანგარიშერთ-ერთი პატიმარი.  

რა მდგომარეობაა ქუთაისის ციხეში? მართლა აშიშვლებენ ადამიანებს? ხორციელდება პატიმრებზე სექსუალური ძალადობა? ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ოფისმა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მონიტორინგი განახორციელა აღნიშნულ საპატიმროზე.

სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ 2012  წლის ზამთარში ჩატარებული მონიტორინგის დროს ქუთაისის ?2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსებულია 1464 პატიმარი. პატიმრებთან გასაუბრებით გაირკვა, რომ თანამშრომლები მათ ექცევიან უხეშად,  გამომწვევად და დამამცირებლად.

პატიმრების თქმით,  ნებისმიერი კონტაქტი დაწესებულების თანამშრომლებთან შეიძლება მათი მხრიდან კონფლიქტის და შეურაცხყოფის მიზეზი გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ პატიმრებს ერთ საათზე მეტი ხნით ეძლევათ უფლება, გავიდნენ სუფთა ჰაერზე, მათი უმრავლესობა აცხადებს, რომ ისინი ერიდებიან აღნიშნული უფლებით სარგებლობას, რადგანაც იმ შემთხვევებშიც კი, თუ ერთი პატიმარი მეორეს მიესალმება, გასეირნება წყდება და პატიმრებს აბრუნებენ საკნებში. ამგვარად, კვლავ გამოიყენება კოლექტიური დასჯის მეთოდები - ერთი პატიმრის გადაცდომისთვის ისჯება მთელი საკანი, რაც ადმინისტრაციისთვის ზეწოლის დამატებითი მექანიზმია. ყველაზე ხშირად არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი დისციპლინურ პასუხისმგებლობადაკისრებული და კარანტინში განთავსებული პატიმრები ხდებიან. მათი თქმით, უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში, დაწესებულების შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში, სამარტოო საკანში გადა-ყვანის ნაცვლად,  როგორც ამას კანონი ითვალისწინებდა, პატიმართა უმეტესობა ე.წ. „ბოქსში“  გადაჰყავთ („ბოქსი“, დაახლოებით, 2-3 კვ.მ. ფართის მქონე საკანია, სადაც არ დგას მაგიდა, სკამი და არც საწოლი და სადაც დასჯილ პატიმრებს ათავსებდნენ ფეხშიშველებს, საცვლებისამარა, 3-იდან 24 საათამდე ხანგრძლივობით).

ე.წ. „ბოქსებში“  ყოფნისას ადმინისტრაციის თანამშრომლები იატაკზე წყალს ასხამდნენ,  რომ პატიმრებს წამოწოლის საშუალება საერთოდ მოსპობოდათ. პატიმართა გადმოცემით, ისინი თავს იკავებენ ყოველდღიური გასეირნებისგან, რადგან ყოველი გადაადგილება შესაძლებელია დაწესებულების თანამშრომლებთან კონფლიქტის მიზეზი გახდეს, ისინი კი, ვინც მაინც სარგებლობს ამ უფლებით, აღნიშნავენ, რომ თუ სეირნობისას ერთი პატიმარი მაინც დაარღვევს შინაგანაწესს (მაგალითად, მიესალმება სხვა პატიმარს), მთელი საკანი ისჯება და  საკანში ბრუნდება. ზემოაღნიშნული პრაქტიკის არსებობა ქუთაისის ?2 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში დაადასტურა მონახულებული პატიმრების უმრავლესობამ  (მონახულებულ იქნა დაახლოებით 600 პატიმარი), რაც განსაკუთრებით დამაჯერებელს ხდის აღნიშნულ ფაქტებს, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ქუთაისის ?2 სასჯელაღსრულებითი დაწესებულება არის დახურული ტიპის, სადაც სხვადასხვა საკანში განთავსებულ პატიმრებს არანაირი კონტაქტი არ აქვთ ერთმანეთთან.

გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველს არაერთი კოლექტიური თუ ინდივიდუალური განცხადებით მიმართეს ქუთაისის ?2 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში განთავსებულმა პატიმრებმა. ისინი საუბრობდნენ თავიანთი უფლებების უხეშ დარღვევასა და მათ მიმართ არასათანადო მოპყრობაზე. რთული მდგომარეობა იყო დაწესებულების საკარანტინე ნაწილშიც, სადაც ახლად შეყვანილ პატიმრებს ათავსებენ. პატიმრების თქმით, კარის ყოველი გახმაურებისას მათ აიძულებენ,  თავზე  ხელებდაწყობილები  დადგნენ ფანჯრისკენ სახით, იმ შემთხვევაში კი, თუ რომელიმემ ვერ მოასწრო საწოლის მეორე სართულიდან დროულად ჩამოსვლა და ადმინისტრაციის მიერ მითითებულ მდგომარეობაში დადგომა, მთელი საკანი ისჯება. პატიმართა თქმით, ამ შემთხვევაში დასჯა გულისხმობს მათ დაჩოქებას თავზე ხელებდაწყობილ მდგომარეობაში, რაც 1-2  საათიც კი გაგრძელებულა. 

პატიმრები ასევე აღნიშნავდნენ, რომ კარანტინის საკნიდან შემოწმებაზე გასვლისას თანამშრომლები მათ მუცელში ან გვერდებში იდაყვებს ურტყამენ. პატიმრების განცხადებით, მდგომარეობის გაუარესება 2011  წლის ივლისის თვიდან დაიწყო, რასაც პატიმრების უმრავლესობა დირექტორის შეცვლას უკავშირებს.

ყველაზე ხშირად პატიმრები არასათანადო მოპყრობის ფაქტების მონაწილედ ასახელებდნენ დაწესებულების დირექტორს, დიმიტრი ჯიჭონაიას, ასევე აღნიშნავდნენ, რომ განსაკუთრებული „აქტიურობით“  ამ მხრივ გამოირჩეოდა დაწესებულების სოციალური სამსახურის უფროსი ირაკლი ჯიშკარიანი. სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა მოუწოდა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს, სასწრაფოდ გაეტარებინა ყველა საჭირო ღონისძიება ქუთაისის ?2 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, ასევე დაეყენებინა ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც პატიმრებს არასათანადოდ ეპყრობოდნენ.

ასევე აღსანიშნავია, ისიც რომ სამარტოო საკნებში მონიტორინგის დროს საგრძნობლად ციოდა, რადგან, პატიმართა განმარტებით, აბანოს დღეებში (ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი და ხუთშაბათი) ცენტრალური გათბობა საღამომდე არ ირთვება. 

დაწესებულებაში გამეფებულ შიშის სინდრომზე მეტყველებს ისიც, რომ, პატიმრების თქმით, ისინი უკიდურესი საჭიროების შემთხვევაშიც კი ერიდებიან სამედიცინო დახმარების მოთხოვნას. ერთ-ერთი პატიმრის თქმით, იგი მანამ ერიდებოდა ექიმის დაძახებას, სანამ მდგომარეობა არ გაურთულდა და სასწრაფოდ საოპერაციო არ გახდა.

სახალხო დამცველის მონიტორინგის ფარგლებში, გაუსაძლის პირობებზე საუბრობენ თავად პატიმრებიც.

გიორგი ს.: „საკნის ჩხრეკის შემდეგ სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა  გამომიყვანეს საკნიდან, ადმინისტრაციის თანამშრომელმა რომან რობაქიძემ დამიწყო ცემა, შემდეგ კი სპეცრაზმის თანამშრომლებს უბრძანა, ქვედა სართულზე, „ბოქსში“ ჩემი ჩაყვანა. „ბოქსებში“ ყოფნისას  მაიძულებდნენ, დავმდგარიყავი მუხლებზე. ამის შემდეგ გადამიყვანეს სამარტოო საკანში, სადაც ვიმყოფებოდი 2 დღე, შემდეგ კი შემიფარდეს ადმინისტრაციული პატიმრობა 1 თვის ვადით.“

გოგიტა ზ.: „ჩემს საკანში შემოვიდა სპეციალური დანიშნულების რაზმისა და ადმინისტრაციის დაახლოებით 15 თანამშრომელი, მათ შორის - დიმიტრი ჯიჭონაია, მიშა გიგაური, რომან რობაქიძე, აჩიკო ტაბატაძე და ვინმე მამუკა, ჩაატარეს ჩხრეკა, რის შემდეგაც ცემით გამატარეს ე.წ. კორიდორში, შემდეგ კი  დამიწყეს ცემა, რა დროსაც გონება დავკარგე, ამის შემდეგ, გონზე მოსასვლელად, დამასხეს წყალი, ხოლო შემდეგ  ჩამიყვანეს „ბოქსებში“, სადაც შიშველ მდგომარეობაში 7 საათი გამაჩერეს.“

***

19 აპრილს, ქუთაისში მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სახალხო დამცველის შეხვედრისას, გაზეთმა „P.S.“-მა ჰკითხა გიორგი ტუღუშს, თუ რა შედეგი მოჰყვა ანგარიშის გამოქვეყნებას ?2 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მყოფი პატიმრებისათვის; განსაზღვრულია თუ არა ამ დაწესებულების მორიგი მონიტორინგი.

გიორგი ტუღუშმა ასე გვიპასუხა: „იმედს ვიტოვებ, გაცილებით მკაცრი რეაგირება მოყვება ამას საგამოძიებო ორგანოების მხრიდან, ვინაიდან არასათანადო მოპყრობა - ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც მხოლოდ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასა და მათი სამსახურიდან დათხოვნას არ უნდა ითვალისწინებდეს. ?2 სასჯელაღსრულებით დაწესებულება სახალხო დამცველის ანგარიშში პირველად არ მოხვედრილა. 2009 წლიდან ხვდება ის ჩვენს ანგარიშში, საინტერესო ის არის, რომ გასულ წლებში პატიმრები ანონიმურად გვესაუბრებოდნენ პრობლემებზე და უფლებების დარღვევებზე, თუმცა გამკაცრებული რეჟიმის ხარჯზე და შიშზე პატიმრები ახლა საუბარსაც ერიდებიან. ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ აღნიშნულ საპატიმროთი დაინტერესებას და სულ მალე კვლავ მოხდება მონიტორინგი, გავიგებთ, რა შეიცვალა. ადგილობრივი სახალხო დამცვველის წარმომადგენლებსაც აქვთ უფლება, შევიდნენ ციხეში და გაიგონ საერთო მდგომარეობა,“ - აცხადებს ტუღუში.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1597
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია