დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ხელოვნური „ტბები“ სერგო კლდიაშვილის ქუჩის მე-16 შესახვევში
2012/04/02 15:16:03

გზების საფარის მოწესრიგება და ინფრასტრუქტურა  ხელისუფლების რამდენიმეწლიანი პიარის ნაწილია. ქუთაისში, ქალაქის ცენტრში, არსებულ სხვადასხვა ქუჩზე პრობლემა მეტნაკლებად მოგვარებულია. თუმცა, რამდენიმე დღის წინ, სერგო კლდიაშვილის ქუჩის მე-16 შესახვევის მცხოვრებლებმა მოგვმართეს რედაქციაში. ჩვენი თანაქალაქელების თქმით, იქნებ გაზეთი „P.S. დაინტერესებულიყო მათი მდგომარეობით.

 

 

წვიმიან დღეს ადგილზე მისულს უზარმაზარი ორმოები დამხვდა. როგორც ამ ქუჩის მკვიდრნი აცხადებენ, ამ ორმოებში წყალი თვეობით არ შრება.

„თქვენც ხედავთ, როგორი მდგომარეობაა ჩვენს ქუჩაზე. სახლიდან გამოსვლა მეზარება და ამ ავარიული გზის დანახვა. არ აქვს მნიშვნელობა, ზაფხულია თუ ზამთარი, იმხელა ორმოებია, წყალი ზაფხულშიც ვერ ასწრებს დაშრობას და სულ დგას. ზაფხულში ბაყაყებიც კი ბინადრობენ ჩემი სახლის წინ,“ - ამბობს ქუჩის ერთ-ერთი მცხოვრები.

როგორც გავარკვიეთ, ქუჩაზე გზის საფარი ბოლოს რამდენიმე ათეული წლის წინათ დაიგო და იმის შემდეგ გზის შეკეთებაც არ მომხდარა. როგორც მოსახლეობა აცხადებს, მათთან არჩევნების დროს ხშირად მიდიან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები. თუმცა არჩევის შემდეგ მათ თვალითაც ვეღარ ხედავენ.

„დიდი ხანია, ამ ქუჩაზე ვცხოვრობ. შვილები სკოლაში დადიან, მაგრამ ეს ქუჩა სულ ასეთ დღეში იყო. სახლიდან ვერ გადმოხვალ, იმხელა ორმოებია, მეორე მხარეზე ვერ გადახვალ. ხანდახან ჩამოივლის მანქანა, გაივლის ამ წყალში და მთლიანად დაგასველებს. აღარ მჯერა, ამ ქუჩაზე თუ ოდესმე გზა დაიგება,“ - ამბობს ქუჩის მცხოვრები ლალი მაისურაძე.

„რა გითხრათ, აბა მითხარით?! ასეთ დღეში ვარ წლებია. ბავშვები ქუჩაში ვერ გადმომიშვია, წყალში ჩავარდებიან. რა შეიქნა ამ შესახვევების გაკეთება, ერთი, ვერ გაგვიგია. 15 წელია, აქ ვცხოვრობ, განსაკუთრებით გვიჭირს ღამით, ფანრის გარეშე მაღაზიაში ვერ წახვალ, რომ მოგინდეს, რადგან შეიძლება გუბეში ჩავარდე. მოკლედ, რომ გითხრა, ჩვენს ქუჩაზე ცხოვრება შეუძლებელია. მანქანითაც კი გვიჭირს აქ გავლა,“ - გვითხრა ნუნუ ვარდანიძემ.

„ეს ვერ გამიგია, მეორე დედაქალაქი - მეორე დედაქალაქიო, რომ იძახიან სახელად, ეს ქუჩები არ უნდა მოაწესრიგონ? პარლამენტის მშენებლობაზე იმხელა თანხა დაიხარჯა, ეგერ მთავრობის სახლზეც კიდევ და, საერთოდ, არ მინდოდა მე არცერთის აშენება. ჩვენ ვითხოვთ სუფთა და მშრალ ქუჩებს, სადაც ადამიანი ხან მეზობელთან გადავა, დაილაპარაკებს, ხან  შვილიშვილს გამოიყვანს და გაასეირნებს. აქ, კი ხედავთ, რომ მაგის გაკეთება ყოვლად შეუძლებელია,“ - აღნიშნა ბატონმა დავითმა.

გათვალისწინებული არის თუ არა 2012 წლის ბიუჯეტში სერგო კლდიაშვილის ქუჩის შესახვევების რეაბილიტაცია? - ამ კითხვით კეთილმოწყობის სამსახურის უფროსს მივმართეთ.

პრობლემას ქალაქის თვითმმართველობა კარგად იცნობს და საქმის კურსშია. ასევე ვიცით, რომ ამ შესახვევებში მძიმე მდგომარეობაა. დაზიანებულია გზის საფარი და ასევე საკანალიზაციო სისტემასაც  ხარვეზები აქვს. თოვლის დროს აქ შესახვევებში წყალიც იდგა. თუმცა, სამწუხაროდ, 2012 წლის ბიუჯეტში აღნიშნული შესახვევების რეაბილიტირება არ იგეგმება, რადგან ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე  ვაკეთებთ გზებს. შესაბამისი თანხის გამოჩენისთანავე, მე ვპირდები  აღნიშნული ქუჩის მოსახლეობას, რომ ჩვენ მათ დაუყონებლივ მოვუგვარებთ პრობლემებს,“ - განაცხადა „P.S.“-თან საუბრისას კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ლევან ჭანჭალეიშვილმა.

იქნებ მზემ მაინც გამოიჩინოს სიკეთე, გამოჩნდეს და თავისი მცხუნვარე სხივებით, რამდენიმე კვირით მაინც დააშროს სახლების წინ დამდგარი ხელოვნური „ტბები“...

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1607
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია