დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„ფრეშ ჯორჯიამ“ 200-მდე მუშა უვადო შვებულებაში გაუშვა
2012/03/26 14:09:14

წლების წინ ზარზეიმით გახსნილი მეტალურგიული ქარხანა „ფრეშ ჯორჯია“, რომელსაც ქუთაისისთვის ინდუსტრიული ქალაქის წოდება უნდა დაებრუნებინა, არაერთხელ გამხდარა მედიის ინტერესის სფერო. გასულ წელს ქარხნის თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ნორმალურ სამუშაო პირობებსა და შესაბამის ანაზღაურებას მოითხოვდნენ. მედიისა და სხვადასხვა დარგობრივი პროფესიული კავშირის წარმომადგენლების ჩარევით, მუშებს მუშაობა გაუადვილდათ.

ცოტა ხნის წინ ინდუსტრიულ ზონაში შემავალ ქართულ-ეგვიპტურ საწარმო „ფრეშ ჯორჯიიდან“ 200 მუშა გაათავისუფლეს. გათავისუფლებულები მედიასთან საუბარს გაურბიან. „ვერც სატელეფონო კომენტარს მოგცემთ და ვერც ისე ჩაგეწერებით, იქნება გადაუბრუნდეთ ჭკუა და კი დამაწყებინონ ისევ მუშაობა, ჩემთვის ერთადერთი შემოსავალი ხომ ეგ იყო?“ - ამბობს ერთ-ერთი მუშა ჩვენთან საუბრისას.

რამდენიმე გათავისუფლებულ მუშას საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტი თამაზ დოლაბერიძე შეხვდა. მისი თქმით, დარღვევებით არის შედგენილი დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი კონტრაქტები. ასევე უკანონოა მიზეზი, რითაც მუშებს საწარმოს დატოვება მოუხდათ. მიუხედავათ ამისა, პროფკავშირის ხელმძღვანელის შეთავაზებაზე სასამართლო დავის წამოწყებასთან დაკავშირებით, მუშებმა უარი განაცხადეს.

„როცა გადავწვიტე ამ ადამიანებთან ურთიერთობა და დახმარება, ისინი თავდაპირველად კონტაქტში შემოდიოდნენ, ხოლო შემდეგ, ალბათ, უთხრეს, რომ გაეწყვიტათ ჩემთან ურთიერთობა. მათ აქვთ მაღალი ნდობა უფროსებისადმი და, ალბათ, სჯერათ, რომ შეიძლება ეს ადამიანები კვლავ დაასაქმონ. თებერვალში უკვე 200-მდე მუშა დარჩა სამსახურის გარეშე. მათ შორის ისეთებიც, რომლებმაც მუშაობა იანვარში დაიწყეს. თუმცა ამას გათავისუფლებაც არ ჰქვია. „ფრეშ ჯორჯიას“ წარმომადგენლებმა ამ ხალხს უთხრეს, რომ უფასო შვებულებები გაუფორმეს, მაგრამ არ დაუკონკრეტებიათ, როდის დააბრუნებენ კუთვნილ ადგილებზე. მათი შრომითი კონტრაქტი დარღვევებით არის შედგენილი და სრულიად შეუსაბამოა კანონმდებლობასთან. მე მათ შევთავაზე სასამართლო დავის წამოწყება, თუმცა თავი შეიკავეს. როგორც ამბობენ, რამდენიმე ადამიანი აღადგინეს სამსახურში და იმედი აქვთ, რომ ისინიც დაბრუნდებიან კუთვნილ ადგილებზე,“ - ამბობს  „P.S.“-თან საუბრისას საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტი თამაზ დოლაბერიძე. 

„ფრეშ ჯორჯიას“ რამდენიმე თანამშრომელს ჩვენ ტელეფონით დავუკავშირდით, მათ ჩვენთან საუბრისას სხვადასხვა კომენტარი გააკეთეს.
„არ ვარ გათავისუფლებული, ვმუშაობ ჩვეულებრივად, ვიღებ ხელფასს. რა გინდათ, არ მესმის, ვმუშაობ ჩვეულებრივ სამსახურში,“ - ამბობს სულხანი.

„ვერაფერს ვერ გეტყვით, არ მსურს მედიასთან ურთიერთობა. გამათავისუფლეს თუ არა, ეგ თქვენი საქმე არაა. დავუშვათ და, გამათავისუფლეს, მერე თქვენ რაა?“ - გვითხრა სხვა მუშამ.

„გაგვიშვეს უფასო შვებულებაში, გვეუბნებიან, რომ მალე დასაქმდებითო. იმედია, დაგვიძახებენ და ისევ განვაგრძობთ მუშაობას,“ - ამბობს ერთ-ერთი მუშა.

როდის დასაქმდება უფასო შვებულებაში გასული 200-მდე მუშა და რა მიზეზით მოხდა მათი გათავისუფლება? ჩვენ ამ კითხვით „ფრეშ ჯორჯიას“ დირექტორის მოადგილეს თემურ ბიბილეიშვილს მივმართეთ.

„ქარხანაში მიმდინარეობს მოდერნიზაცია, სწორედ ამიტომ ჩვენ დროებით დავითხოვეთ 200-მდე მუშა. არავისთან კონტრაქტი არ შეგვიწყვეტია, ჩვენ ვაპირებთ ევროპის ქვეყნებში გავიტანოთ ჩვენი საქონელი და წლის ბოლოსთვის მეტიც, 3000-მდე მუშა იმუშავებს ჩვენს ქახანაში,“ - განაცხადა ჩვენთან საუბრისას „ფრეშ ჯორჯიას“ დირექტორის მოადგილემ თემურ ბიბილეიშვილმა.

მისი დავალებით, დაცვის წევრებმა ობიექტი დაგვათვალიერებინეს. საწარმო მშვენივრად გამოიყურება, თუმცა უვადოდ გათავისუფლებულ 200-მდე მუშას ისღა დარჩენია, დაელოდონ, როდის შევა „ფრეშ ჯორჯიას“ საქონელი ევროპულ ბაზარზე.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1703
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია