დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„ეს არის უპატრონო ბინა!“
2012/03/19 13:20:20

წერეთლის ქუჩის №163-ში მცხოვრებლები ოთახებში რეზინის ჩექმებით დადიან

 

წერეთლის ქუჩის №163-ში მდებარე, საერთო საცხოვრებლის მობინადრეები, სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცები დახმარებას უშედეგ ითხოვენ. თვეების წინ, ძლიერმა ქარმა სამსართულიან კორპუსი ნაწილს სახურავი გადახადა და როგორც გარეთ, ისე შიგნითაც წვიმს.  

ეს ბინა არის უპატრონო და მხოლოდ მაშინ ვახსენდებით, როცა ხმების მიცემა ჭირდებათ. ჩვენც ვისწავლეთ ჭკუა და მივხვდით, რომ ხმა აღარ უნდა მივცეთ,“ - ამბობს აღნიშნულ კოპუში მცხოვრები, სოციალურად დაუცვლი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ერთ-ერთი მოხუცი.

 

თითქმის ყველა ოჯახში ჭერი წყლის ნაკადებისაგან დაზიანებულია, კარადებსა და მაგიდებზე სხვადასხვა ჭურჭელია განთავსებული, რათა ჩამოსული წყალი ცოტათი მაინც შეაკავონ და მეზობელთან მთლიანად არ ჩავიდეს. „თუ რაიმე ვედრები და ტაშტები მქონდა, ხედავთ, რომ ყველაფერი ძირს მიდევს. ქვედა სართულს რას ვერჩი, რომ ჩავუშვა წყალი!“ - ამბობს ერთ-ერთი მცხოვრები.
„რამდენიმე თვის წინ ქარმა ჩვენი კორპუსის ნაწილს სახურავი გადახადა, იმის შემდეგ ვითხოვთ, რომ გადაგვიხურონ. თუმცა ყურადღებას არავინ გვაქცევს. ამ კორპუსში თითქმის მხოლოდ ქალები და მოხუცები ცხოვრობენ. მიუხედავად მაგისა, რამდენჯერმე მე პირადად ავსულვარ და შემიკეთებია, მაგრამ უკვე დაძველდა როგორც სახურავი, ასევე - ის ხის კონსტრუქცია, რომელიც მასზეა დაჭედებული. აღარ იკავებს ლურსმანს, რომ დავაჭედო. რა ვქნათ, არ ვიცით. ჩვენი სახსრებით შეკეთება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჯანაშიას როცა  ვირჩევდით,  მაშინაც  დავაყენეთ ეს საკითხი - მიუხედავად იმისა, რომ მაშინ მთლად ასე დაზიანებული არ იყო. დაგვპირდა, თუმცა იმის შემდეგ არაფერი შედეგია. იქნებ თქვენს გაზეთში დაბეჭდვის შემდეგ დაგვეხმარონ!“ - ამბობს წერეთლის ?163-ში მცხოვრები, ბინის ამხანაგობის თავმჯდომარე მაყვალა კიწმარიშვილი.

„არაადამიანურ პირობებში ვცხოვრობთ, წყალი ისე ჩამოდის ჩვენს ოთახებში, როგორც გარეთ. ვალინკებით უნდა იარო ადამიანმა, რომ ფეხები არ დაგისველდეს. ისე ჩამოდის წყალი! ჩვენს ბინაში ძირითადად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველები ვცხოვრობთ. იქნებ ვინმე დაგვეხმაროს და მოგვიგვარონ რამენაირად ეს პრობლემა, თორემ მესამე სართულის იატაკი უკვე დამპალია და, ალბათ, მალე ჩავარდება კიდეც!“ - შემოგვჩივლა სოციალურად დაუცველმა ცისანა ჯიმშელეიშვილმა.

„ეს არის უპატრონო ბინა, დახმარების სურვილი არავის არ აქვს, როგორ შეიძლება ადამიანი ასეთ პირობებში, ცხოვრობდე რასაც ახლა თქვენ უყურებთ, ყველაფერი სველია სახლში: საწოლი, საბანი, „ადიელა“, სასწრაფოდ გაგვიკეთონ სახურავი და გვაგრძნობინონ, რომ ადამიანები ვართ. ჩვენ უკვე ისე ვართ გამწარებული, აღარავის აღარ გვჯერა, გვიშველეთ რამე!“ - გვითხრა მანანა ვაჭარაძემ.

არის თუ არა 2012 წლის ბიუჯეტში ჩასმული წერეთლის ქუჩის ?163 ბინის გადახურვა და რატომ არ გადაიჭრა ამ დრომდე მობინადრეების პრობლემა?

„წერეთლის №163 კორპუსში მცხოვრებლებს ჩვენ 2009 წელს გადავეცით სახურავის ნაწილი. 2012 წლის ბიუჯეტში კვლავ არის დაგეგმილი, რომ მათ ახლა უკვე მთლიანად საჭირო სახურავი გადავცეთ, რომელსაც 30 წლის გარანტია ექნება. თუმცა სახურავის მასალა მათ საკუთარი ხარჯებით უნდა გადახურონ და ჩვენ მაგ პროცესებში არ ვერთვებით. ასევე თქვენ აღნიშნეთ, რომ დაზიანებულია. თვით ის ხის კონსტრუქცია, რომელზედაც დამაგრებულია სახურავი. ამ კონსტრუქციას ვერ შევუცვლით და თავად უნდა შეცვალონ, ხოლო სახურავს მათ ივნისის ბოლოს სრულად გადავცემთ.“ - ამბობს მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის, მართვისა და განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი კახაბერ ხვარეშია.

იცნობს თუ არა წერეთლის ქუჩის მაჟორიტარი დეპუტატი კორპუსის პრობლემებს და როგორ ცდილობს ის მათ დახმარებას? ჩვენ კახიანაურის მაჟორიტარ დეპუტატს დავით ჯანაშიას მივმართეთ.
„მათი კორპუსის პრობლემების შესახებ დეტალურად ვფლობ ინფორმაციას, მათთან მაქვს ხშირად შეხვედრები. ზოგი მათგანი საავადმ-ყოფოშიც მაკითხავს და რითაც შემიძლია, ყველანაირად ვეხმარები, ხოლო სახურავს რაც შეეხება, მათ სულ მალე დავეხმარებით,“ - ამბობს კახიანაურის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ჯანაშია.

როგორც მერიაში გვითხრეს, რამდენიმე თვეში საერთო საცხოვრებელში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს მთლიანად გადაეცემათ გადასახურავი მასალა, მანამდე კი, ამ სიცივესა და თოვლ-ჭყლაპში, მათ საკუთარ ოთახებში კვლავ რეზინის ჩექმებით სიარული მოუწევთ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1646
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია