დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„სასაკლაო“ ქუთაისში
2011/12/12 12:10:50

რა გამოიწვევს ბაზარზე ხორცის ფასის ზრდას?

საქონლის ხორცი კიდევ უფრო გაძვირდება? ეს კითხვა მოსახლეობის ნაწილს უკვე აწუხებს. ხორცის ფასის ზრდასთან და სასაკლაოს მშენებლობასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან  „თავისუფალი საქართველოს“ რეგიონული ორგანიზაცია ალაპარაკდა. ჩვენთან საუბრის დროს ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო დოლიძემ აღნიშნა:

 

„როგორც ჩვენთვის ცნობილია, ქუთაისში, ავტოქარხნის ტერიტორიაზე, იხსნება „ბოინის“ შენობა. თუ ადრე  სოფლის  მოსახლეობას  ჰქონდა უფლება,  თავიანთი საქონელი დაკლული ჩამოეტანათ და სარეალიზაციოდ გაეტანათ ბაზარზე, სასადილოში, რესტორანში, ან ნებისმიერ ასეთ კვების ობიექტში, დღეს ისინი უკვე ვალდებულები არიან, ჩამოიყვანონ საქონელი, დაიკლას „ბოინის“ შენობაში, ერთ კილოგრამში გადაიხადონ ერთი ლარი და შემდეგ გაიტანონ სარეალიზაციოდ ჩვენს მიერ დასახელებულ ობიექტებში. ეს, რა თქმა უნდა, გამოიწვევს ფასების ორმოცდაათი პროცენტით მაინც ზრდას, ანუ თუ დღესდღეობით ხორცი ღირს ათი-თერთმეტი ლარი, აუცილებლად გახდება თხუთმეტი-თექვსმეტი ლარი. აქედან გამომდინარე, მოსახლეობა გადავა დაბალხარისხიანი საქონლის ხორცის მოხმარებაზე, რაც უარყოფითად აისახება მათ ჯანმრთელობაზე.“

„თავისუფალი საქართველოს“ რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენელთა თქმით, ეს გამოიწვევს სოფლის მეურნეობის, მესაქონლეობის დარგის ჩავარდნას, რადგან მთიან რაიონებში მოსახლეობის დიდი ნაწილი დაკავებულია მესაქონლეობით, რაც მათ შემოსავალს წარმოადგენს. ისინი მოუწოდებენ ადგილობრივ ხელისუფლებას, შეაჩეროს ეს უშედეგო პროექტი. ადგილობრივი თვითმმართველობა დგას ამ ყველაფრის უკან, მათი აზრით, საკუთარი ბიზნეს-ინტერესების განსახორციელებლად.

ამასთან დაკავშირებით ჩვენ შევეცადეთ, საქონლის ხორცის გამყიდველი და ყასაბი ჩაგვეწერა. მათი დიდი ნაწილი, როცა შეიტყობდა, რომ ჟურნალისტი ვიყავი, თავს არიდებდა საუბარს, თუმცა მაინც მოვახერხეთ ერთი მათგანის ჩაწერა, მან მხოლოდ სახელი და ასაკი გაგვიმხილა.

ვახტანგი, 64 წლის: „სიმართლე გითხრა, ზუსტად არ ვიცი, იხსნება თუ არა ეს შენობა, თუმცა, თქვენ რასაც მეუბნებით, ეს ჩემთვის მიუღებელია. თუ ერთ კილო ხორცზე იქ ერთი ლარი დაგვატოვებინეს და ამან ფასების ზრდა გამოიწვია, ჩვენ რა ვქნათ! ისედაც ყველა წუწუნებს, როცა მოდიან ხორცის საყიდლად: რა ძვირი ღირსო! მერე, ალბათ, საერთოდ აღარ იყიდიან. მოკლედ, არ ვიცი, ჩემი ნათქვამი რას უშველის, მაინც როგორც უნდათ, ისე გააკეთებენ.

ჩვენ მოსახლეობის აზრით დავინტერესდით და რამდენიმე მათგანი გამოვკითხეთ:

ლელა, 38 წლის (ფსიქოლოგი):„პირველად მესმის, რასაც მეუბნებით. არსად გამიგია, რომ „ბოინის“ შენობა იხსნება, თუმცა ვფიქრობ, თუ ასე მოხდება, მოსახლეობისთვის უკეთესი იქნება, რადგან ის მაინც გვეცოდინება, რომ შემოწმებულ და ხარისხიან ხორცს ვყიდულობთ.“

გრიგოლი, 58 წლის (ყოფილი ინჟინერი): „ბუნებრივია, ეს ფასების ზრდას გამოიწვევს, ისედაც ცეცხლის ფასი აქვს ხორცს, მერე, ალბათ, სანატრელიც გამიხდება ხორცის ყიდვა.“

ზურაბი, 49 წლის (დროებით უმუშევარი): „მე ვფიქრობ, ეს კარგი იქნება, იქ ხომ შემოწმდება ხორცის ვარგისიანობა. თუ კი გაძვირდება ერთი ან ორი ლარით, მე ეს მიღირს, იმიტომ, რომ მეცოდინება, ხარისხიან ხორცს ვყიდულობ.“

დალი,  61  წლის  (დიასახლისი): „პირველად მესმის, არ ვიცი... ეს თუ ფასების ზრდას გამოიწვევს, კიდე გაძვირება უნდა ხორცს? ისედაც წელიწადში ერთხელ ვყიდულობთ, არ გვაქვს საშუალება და რა ვქნათ.“

ჩვენ დავუკავშირდით სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსს ვერიკო გულუა, რომელმაც გვითხრა:

ბოლო 1 წლის განმავლობაში საქართველოს ყველა რეგიონში და თითქმის ყველა რაიონში გაიხნა სასაკლაო. ეს განპირობებულია ვეტერინარიის შესახებ საქართველოს კანონში არსებული მუხლის ამოქმედებით, რომელიც ითვალისწინებს, რომ სარეალიზაციოდ გამზადებული ხორცი აუცილებლად უნდა დაიკლას სასაკლაოზე ვეტერინარი ექიმის ზედამხედველობის ქვეშ. ყოველივე ეს აუცილებელია ქვეყნაში სხვაასხვა დაავადებების გავრცელების თავიდან ასაცილებლად და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის შესანარჩუნებლად. კანონის ეს მუხლი მანამდეც მოქმედებდა, თუმცა, რეალურად სასაკლაოების არარსებობის გამო არ იყო აუცილებელი საქონლის სასაკლაოზე დაკვლა, თუმცა სახელმწიფო ვეტერინარი ექიმი ესწრებოდა საქონლის დაკვლას, რომელიც გასცემდა შესაბამის დოკუმენტს -.. ფორმა “2-ს, რომელიც ადასტურებდა საქონლის ჯანმრთელობას.   

ამდენად, ქუთაისში ახალი სასაკლაოს ამოქმედება პირველ რიგში რეგიონში ეპიზოოტიური მდგომარეობის გაუმჯობესებას და კეთილსაიმედოობის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2019
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია