დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
პრეზიდენტის მორიგი საჩუქრები - ქუთაისს
2011/11/28 12:22:13

2011 წელი ქვეყნის მეორე დედაქალაქის - ქუთაისის წლადაა გამოცხადებული. სწორედ ამიტომ, ბოლო თვეების განმავლობაში პრეზიდენტი ქალაქს აქტიურად სტუმრობს. ქუთაისელებს უკვე გაუხსნა ყინულის მოედანი, იუსტიციის სახლი, რეაბილიტირება გაუკეთდა ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრს...            ქუთაისობისთვის“ გაიხსნება მესხიშვილის თეატრის განახლებული შენობა და ასევე ცენტრალურ მოედანზე - „კოლხური შადრევანი...

ამჯერად, ვარდების რევოლუციის 8 წლისთავზე, პრეზიდენტმა ქუთაისში ახალი პროგრამა შეასრულა.

არაოფიციალური ინფორმაციით, სააკაშვილი ქალაქს 21 ნოემბერს, საღამოს ესტუმრა. მან საკუთარი თვალით დაათვალიერა ის ობიექტები, რომლებიც 22-ში საზეიმო ვითარებაში უნდა გაეხსნა. როგორი რეაქცია ჰქონდა პრეზიდენტს მაშინ, როცა პრეზენტაციამდე რამდენიმე საათით ადრე, ყოფილი კინოთეატრ „საქართველოს“ შენობის ფასადები ნახევრად შეღებილი იყო, ეს რთული სათქმელია, თუმცა ფაქტია: მუშებმა ივაჟკაცეს და მეორე დღეს, გამთენიისას, თითქმის ყველაფერი მზად ჰქონდათ.

თავდაპირველად პრეზიდენტმა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ახალი ბინა გახსნა - იგი ეროვნული ბანკის ყოფილ შენობაში განთავსდა. მუზეუმის ცენტრალური მოედნიდან გადმოტანა თავად პრეზიდენტის ინიციატივა იყო. 

მუზეუმის გახსნის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა, იქვე, ახლოს, ყოფილი კინოთეატრ „საქართველოს“ წინ გადაინაცვლა, სადაც კერძო ინვესტიციით განხორციელებული და ერთ ღამეში დასრულებული შენობის ფასადი მოიწონა. აქ მომავალ წელს სამი კინოდარბაზი, ბოულინგ-ცენტრი და საბავშვო გასართობი ცენტრი გაიხსნება.

სწორედ აქ ცდილობდა ქალბატონი ნანა ცერცვაძეც პრეზიდენტისთვის წერილის გადაცემას, რომელშიც ოჯახის რომელიმე წევრის დასაქმებას ითხოვდა:

„მრავალსულიანი ოჯახი ვართ, არცერთი წევრი არ ვმუშაობთ. ბანკს 7 წლის განმავლობაში 450 დოლარს ვუხდიდი. რამდენიმე თვეა, ქირას ვეღარ ვუხდი, შვილები ქუჩაში დამირჩა. სწორედ ამიტომ მინდა, პრეზიდენტს ვთხოვო, იქნებ ოჯახის რომელიმე წევრი დაგვისაქმოს,“ - გვითხრა ჟურნალისტებს ქალბატონმა ნანა ცერცვაძემ.

მუზეუმის გახსნისა და ახალი ცენტრის ფასადის დათვალიერების შემდეგ, პრეზიდენტმა კოპიტნარის აეროპორტში გადაინაცვლა, სადაც სპეციალური ტექნიკით, სიმბოლურად ჩაუყარა საფუძველი აეროპორტის ძველი შენობის ნგრევას. ახალი აეროპორტის მშენებლობაზე ჰოლანდიური კომპანია იმუშავებს და ის მომავალი წლის სექტემბერში დასრულდება. ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი 2 კილომეტრისა და 600 მეტრის სიგრძის იქნება.

კოპიტნარის აეროპორტში გააკეთა პრეზიდენტმა პირველი კომენტარი:


„დღეს ვიწყებთ ამ აეროპორტის მშენებლობას, რომელიც მომავალი წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს. ქუთაისს უნდა ჰქონდეს თავისი ნამდვილი საერთაშორისო აეროპორტი. არა ისეთი მეორეხარისხოვანი, როგორც ადრე იყო, არამედ - აეროპორტი, საიდანაც ყოველდღე იფრენენ რეისები მიუნხენის, ლონდონისა თუ შანხაის მიმართულებით. ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ იყოს დაბალი ტარიფები და როცა აეროპორტი გაიხსნება, იმის გამო, რომ ავტობანი ჩამოდის თბილისიდან ქუთაისამდე, ძალიან ბევრი მგზავრი თბილისიდან და არამარტო თბილისიდან, არამედ მეზობელი ქვეყნებიდან - ჩამოვიდეს ქუთაისში. მოდი, ვთქვათ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ძალიან მაღალი ფასებია და შედარებით უჭირთ შემოსვლა დაბალბიუჯეტიან კომპანიებს. ხოლო როცა გაიხსნება ქუთაისში აეროპორტი, იძულებული იქნება თბილისის აეროპორტიც - დაწიოს ფასები,“ - განაცხადა მედიასთან საუბრისას ქვეყნის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. მისი თქმით, „ქუთაისი გახდება ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქი.“

კოპიტნარის შემდეგ პრეზიდენტი მთავრობის ახალი სახლისკენ  გამოეშურა, სადაც ადგილობრივმა საოპერო მომღერლებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს, მომღერალმა მერაბ სეფაშვილმა კი ქუთაისს სიმღერა უძღვნა. სიმღერას სუხიშვილების ნაციონალური ბალეტი  „მხედრულის“ ცეკვით ალამაზებდა. ცერემონიალის დასრულებისთანავე, მთავრობის გუნდი შეიკრიბა და  ქუთაისში მინისტრთა კაბინეტის პირველ სხდომას თავად პრეზიდენტი წარუძღვა. მან ასევე ისაუბრა ევროკავშირის ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლებზე.

„უვიზო მიმოსვლა ნიშნავს, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება თავისუფალი გადაადგილება ევროპის მიმართულებით. ეს უახლოესი წლების ამბავია. ასე რომ, ევროპის დროშა, რომელიც დღეს მთავრობის სახლის გახსნაზე ფრიალებდა, აღარ არის მულაჟი, ეს არის ჩვენი რეალობა, რომელშიც გადავდივართ. მონობას შეჩვეული ზოგიერთი პოლიტიკოსისთვის ჩვენი მომავალი არის მხოლოდ მოსკოვში. იმ მოსკოვში, რომელმაც გუშინ აღიარა, ომი ჩვენთან იმიტომ დაიწყო, რომ არ დაეშვა ნატოს გაფართოება ჩვენს საზღვრებში და რუსეთის სამხრეთ საზღვრებთან, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

პრეზიდენტმა აქვე აღნიშნა ისიც, რომ მთავრობის ყოველი მესამე-მეოთხე სხდომა ქუთაისში უნდა გაიმართოს, სანამ პარლამენტი ქუთაისში  გაიხსნება, ხოლო ამის შემდეგ უფრო ხშირად მოუწევთ ჩამოსვლა. მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ პრეზიდენტი ქუთაისს დროებით დაემშვიდობა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1644
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია