დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ველოსიპედების არჩევანი - ქუთათურებს
2011/06/13 13:18:35

დრო მოვიდა, ფეხი თუ ბორბალი ავუწყოთ თანამედროვე ქუთაისური ცხოვრების რიტმს. მალე ქუთათურებმა ველოსიპედებით უნდა იაროთო და, გადავწყვიტეთ, ამ მხრივ სასარგებლო ინფორმაცია მოგაწოდოთ.

 

აქ განვიხილავთ ველოსიპედის შექმნის ისტორიას და მის ნაირსახეობებს. რა იცით, იქნებ ხვალ კი გაგიჩნდეთ სურვილი, მზით გადახრუკული „პალმების ხეივანს“ შორის აღმაშენებლის გამზირს ველოსიპედით გაუყვეთ?  

მსოფლიოში პირველად ველოსიპედი 1780 წელს, საფრანგეთში გამოჩნდა. სატერფულებისა და საჭის გარეშე ის ორბორბლიან ხის ცხენს ჰგავდა. პირველი ველოსიპედის გამომგონებლის ვინაობა უცნობია, ამიტომ მის შექმნას გერმანელ გამომგონებელს, ბარონ კარლ დრაიზს მიაწერენ.

დრაიზის მიერ აწყობილი ველოსიპედი გერმანიაში 1817 წელს გამოჩნდა და გამომგონებლის პატივსაცემად დრაიზენი უწოდეს. ძალიან მარტივი აგებულების გამო, დრაიზენი სათამაშოს უფრო ჰგავდა, ვიდრე სატრანსპორტო საშუალებას.

იუხედავად ამისა, ამ ველოსიპედს თვლებთან ერთად საჭეც ჰქონდა და დასაჯდომი სკამიც.

1861 წელს ფრანგმა მამა-შვილმა, ერნესტ და პიერ მეგოებმა, კონსტრუქციას სატერფულები დაუმატეს და მას ველოსიპედი (ლათინური სიტყვიდან ველუქს - სწრაფი, პედალი - ფეხი) უწოდეს. ასე გახდა ახალი სატრანსპორტო საშუალება შედარებით სწრაფი და ადვილად სამართავი.

1870 წელს ბრიტანეთში პირველად გამოჩნდა ველოსიპედი წინ დიდი ბორბლებით. წინა თვლის ზომის გაზრდამ ველოსიპედის სიჩქარეც გაზარდა. ბორბლის რადიუსი ერთ მეტრზე მეტი იყო და უკანა თვლისგან მკვეთრად განსხვავდებოდა. ამ ველოსიპედს ინგლისელები პენი-ფართინგს ეძახდნენ. პენი და ფართინგი ინგლისური მონეტები იყო და ზომებით მკვეთრად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან.

პენი-ფართინგის შემდეგ გამოიგონეს უსაფრთხო ველოსიპედი, რომელიც ჩვეულებრივი ზომის იყო და გაცილებით მოსახერხებელიც. ახალ, უსაფრთხო ველოსიპედს ორივე თვალი თანაბარი ჰქონდა.

1879 წელს ინგლისელმა ჰენრი ლევსონმა პარიზში მოწყობილ გამოფენაზე კიდევ უფრო ახალი მოდელი წარადგინა, რომელიც საბოლოოდ ცნობილი გახდა, როგორც ველოსიკლეტი. ველოსიკლეტი თანამედროვე ველოსიპედებთან უფრო ახლოს იყო, მას რეზინის ორი მსუბუქი თვალი ჰქონდა.

1903 წელს მსოფლიოში პირველად გაიმართა ველორბოლა, სახელწოდებით ტურ დე ფრანსე და, აქედან მოყოლებული, საფრანგეთი ყოველწლიურად მასპინძლობს შეჯიბრს, რომელიც სამი კვირის მანძილზე გრძელდება.

 

უნიციკლი (ერთადგილიანი ველოსიპედი) - სატრანსპორტო საშუალება, რომელიც შედგება ველოსიპედის ერთი ბორბლისა და ყველა დანარჩენი ნაწილებისაგან, რომლებიც ჩვეულებრივ აქვთ ტიპურ ორბორბლიან ველოსიპედებს. უნიციკლის სამართავად საჭიროა, დაცული იყოს ოთხმხრივი ბალანსირება. ძირითადად გამოიყენება ცირკში, თუმცაღა დღესდღეობით ექსტრემალურ სპორტშიც გვხვდება. ორ წელიწადში ერთხელ იმართება ჩემპიონატები უნიციკლით მართვაში. დადგენილია, რომ ადამიანს შეუძლია უნიციკლის მართვის სწავლა საშუალოდ 10-15 საათში.


მონოციკლი - სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ერთი ბორბლისაგან შედგება და მძღოლი თავად ბორბლის შუაში ზის. მონოციკლები ასევე გვხვდება მოტორიზებულებიც. მაამებლობის მიზნით, შესაძლოა, სურათზე ნაჩვენები მოდელი ზუსტად იმავე ატრიბუტებით ქუთაისშიც იხილოთ სამთავრობო უწყებების ხალხთან შეხვედრისას...

ლიგერადი - ორბორბლიანი ან სამბორბლიანი ველოსიპედი, რომელიც იმართება ნახევრად მწოლიარე მდგომარეობით. ამ ტიპის ველოსიპედები უფრო ხშირად ზურგზე დასაწოლი გვხვდება, თუმცაღა არსებობს მუცელზე მწოლიარე მართვის ტიპებიც. ლიგერადი ტიპის ველოსიპედები აეროდინამიურია და ავითარებს მაღალ სიჩქარეს, ამიტომ მათთვის ცალკე შეჯიბრებები იმართება. 2004 წელს რეკორდი ლიგერადებს შორის დამყარდა საათში - 84 კმ 215 მ, ხოლო ჩვეულებრივი ველოსიპედისათვის კი - 49 კმ 441 მ. ლიგერადის ჩემპიონატი პირველად გაიმართა 1933 წელს. ასევე არსებობს ტანდემური ლიგერადები (ერთი ნახევრად დაწოლილია ხოლო მეორე ზის).


ტანდემი - ველოსიპედი ორი ადამიანისათვის, რომელთაც თავიანთი პედლები გააჩნიათ. ამ ტიპის ველოსიპედებში ერთი ზის მეორის უკან, თუმცაღა 1890 წელს იყო ტანდემის ვერსია, სადაც ორი ადამიანი გვერდიგვერდ იჯდა. ტანდემები ასევე არსებობს სამი და მეტი ადამიანისათვის.

ქუთაისის შემთხვევაში, შესაძლოა, სამთავრობო წრეებისთვის გამოიყენონ, ძალისხმევის დაზოგვისა და ერთიანობის დემონსტრირებისთვის.

მხოლოდ ტურისტებისთვის ნუ გავაკეთებინებთ ადგილობრივ მთავრობას ველობილიკებს და ჩვენც ვნახოთ სარგებელი.

აბა, თქვენ იცით, ქუთათურებო, მომავალ თუ არა, მის მომდევნო წელს მაინც ასახელეთ ქალაქი „ტურ დე ფრანსის“ შეჯიბრებაზე.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1833
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია