დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„ჩვენ მზად არ ვართ უცხოელი ტურისტების მისაღებად“
2011/04/04 12:45:19

ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურად გაძლიერებისა და განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიად ხელისუფლება ტურიზმის განვითარებას მიიჩნევს. არავინ დაობს, რომ საქართველოს ამის პოტენციალი ნამდვილად გააჩნია, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით, სხვა, განსხვავებული აზრებიც ფიქსირდება: რომ საქართველო არ არის მზად ტურისტების მისაღებად; ჩვენში მომსახურება და ფასები ერთმანეთს არ შეესაბამება; პლუს ამას, არ არსებობს ერთიანი პოლიტიკა, სტრატეგიული გეგმა, თუ რა სახის ტურიზმი უნდა განვითარდეს; რა მიზნობრივი ჯგუფია ამოღებული მიზანში და არ არის გაანალიზებული ჩვენი სუსტი და ძლიერი მხარები, არც გარე ანალიზია გაკეთებული, ანუ ის, თუ რას სთავაზობენ ჩვენი კონკურენტები კლიენტებს. კონკურენტები კი ძლიერი  გვყავს, თუნდაც ერთ-ერთი მათგანის - თურქეთის სახით...

 

ყოველივე ამის შესახებ ვესაუბრეთ ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მფლობელს შალვა ბობოხიძეს და ამ სფეროს მცოდნეს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორს შალვა კირთაძეს.

 

გიდი და ტურისტული სააგენტოები

შალვა ბობოხიძე: დღესდღეობით, ვინც რა ინფორმაცია იცის ამ ქალაქის შესახებ, იმ ინფორმაციას აწვდის სტუმარს. მე მეკითხებიან ხანდახან თბილისელი გიდები - ტურისტებს ბაგრატის ტაძრის, გელათის შესახებ რა ვუთხრა, ინფორმაცია მომეციო. უყურე ქვას მარტო, თუ მისი მნიშვნელობა ვერ გაიგე და ვინმემ არ გითხრა, რა ისტორიული წარსული და მნიშვნელობა გააჩნია ამა თუ იმ ძეგლს! ინფორმაციაზე მოთხოვნა არის, მაგრამ არის გიდების პროფესიონალიზმის პრობლემა. ამის თუნდაც ერთი ნათელი მაგალითია, უმრავლესობა ჩვენს ქალაქში ჩამოსული სტუმრებისა არიან ებრაელები, პირველი სკოლის წინ არის ფოტოგრაფ ილოს ძეგლი, თბილისელმა გიდებმა კი არ იციან, რატომ უდგას იმ კაცს ასეთი ძეგლი და ის, რომ ებრაელი იყო, ეს ხომ ელემენტარული რაღაც არის, რაც უნდა იცოდნენ. 

შალვა კირთაძე: გიდების პრობლემა ნამდვილად არის. ქუთაისში რამდენიმე ტურისტული სააგენტო შეიქმნა, მაგრამ ამჟამად ქალაქში ნორმალურად ფუნქციონირებად ტურისტულ სააგენტოს ვერ ვხედავ. ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია, იგივე პროფესიული გადამზადების თვალსაზრისით. ვისაც ისტორიული ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, შეიძლება მათი გადამზადება საჭირო უნარ-ჩვევებითა და ინგლისურით. შეიძლება ეს რომელიმე უნივერსიტეტმა აიღოს თავის თავზე, მაგრამ შემდგომ ამ ადამიანებზე მოთხოვნა უნდა იყოს, რათა დასაქმდნენ“.

 

საზოგადოებრივი ტუალეტები

შალვა ბობოხიძე: „მაგალითად, ეს არ არის იმხელა პრობლემა, რომ ამის მოგვარება ქალაქს არ შეეძლოს. თუ ქალაქი ამას ვერ აგვარებს, მაშინ ტენდერი გამოაცხადონ. ესეც ერთ-ერთი წვრილმანი მცირე ბიზნესია, ფული კეთდება აქაც. იხდის უცხოელი იმ ფულს, ოღონდ უნდა იყოს მოწესრიგებული, სუფთა, ლამაზი, გამოიყოს ტერიტორია და გაკეთდეს. ასეთი მცირე რაღაცების გაკეთება შეგვიძლია ჩვენ თვითონ, ეს არ იქნება სახელმწიფო დაფინანსებაზე“.

შალვა კირთაძე: „ქალაქში სველი წერტილების არ არსებობა დიდი პრობლემაა, რომელიც აუცილებლად უნდა მოგვარდეს. ჩამოსული სტუმრები, პირველ რიგში, ამას უყურებენ, ამბობენ: როგორადაც საპირფარეშო ობიექტებია მოწესრიგებული, ისეთი მომსახურება გაქვთო. ასე ფიქრობს უცხოელი“.

 

გასართობი ცენტრები

შალვა ბობოხიძე: „ხშირად ითხოვენ კაზინოებს და არ არის კაზინოები. დანარჩენს, ისინი საღამოს მოდიან და რასაც ასწრებენ, იმას ათვალიერებენ, თორემ მეორე დღით კი გადიან.

რამდენად სწორი იქნება ამის თქმა, არ ვიცი, მაგრამ რაც დაინგრა საბჭოთა კავშირის დროს გაკეთებული, მას შემდეგ არაფერი  გაკეთებულა. ფასადების გარემონტების თვალსაზრისით, ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რომ სტუმარმა ქალაქი კარგად აღიქვას. ძველ შენობას რომ უყურებთ, მას ისეთი აღდგენა უნდა, რომ ლამაზი იყოს, დაათვალიერონ. ქალაქის ცენტრში ერთი წრე კი გაკეთდა, მაგრამ რამდენჯერ დატრიალდეს იმ წრეზე სტუმარი, სხვაგან ვერსად წავა“.

შალვა კირთაძე: „გართობის ცენტრები რომ უნდა იყოს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. კაზინოებზე მოთხოვნა ნაკლებად არის, მაგრამ გასართობ ცენტრებზე - დიდია. იყოს კლუბები, დისკო-კლუბები, ლიტერატურული კაფეები, სადაც ქართული ჰანგების მოსმენა შესაძლებელი იქნება და ყოველივე ამით, ჩვენს კულტურასა და ტრადიციებს პოპულარიზაცია გაეწევა“.

 

სასტუმრო მომსახურება:

შალვა ბობოხიძე: „სასტუმროებში ნორმალური ფასებია, სამწუხაროდ, სასტუმროები არ გვაქვს ნორმატიული. ძირითადად თუ გადავხედავთ ქალაქს, რაკი სტუმარი ნაკლებად შემოდის, სასტუმროები სტუმრის უკმარისობას განიცდის და მათი დიდი ნაწილი გადასულია საათობრივ მუშაობაზე, ქალის და მამაკაცის საათობრივ მიღებაზე, რაც უცხოელი სტუმრისთვის არ არის მაინც და მაინც სასიამოვნო. სისუფთავეც ასეთ სასტუმროებში არ არის სათანადო დონეზე. ამ მხრივ ტურისტს უკეთ ემსახურებიან, შედარებით, მხოლოდ საოჯახო ტიპის სასტუმროები, რომლებიც მიახლოებულია მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, მაგრამ ასეთი სასტუმროები ცოტაა და გვიჭირს განვითარება. ფინანსები გვიჭირს. კი დაგვაფინანსა სახელმწიფომ შეღავათიანი კრედიტებით, მაგრამ 30 და 40 ათასი ლარის ფარგლებში ბევრი არაფრის გაკეთება შეიძლება. საერთო ჯამში, პროცენტი მაინც დიდია და ვერ ძლევს მცირე მეწარმე, რომ ერთდროულად განავითაროს თავისი ბიზნესი“.

შალვა კირთაძე: „საოჯახო სასტუმროების მეტი სიმრავლე უნდა იყოს და სასტუმროს ფასები - დაბალი. მაგალითად, თურქეთში არის საშუალო კლასის სასტუმროები, რომლებიც ძალიან კარგ  სერვისს გთავაზობენ. სისუფთავეზე ლაპარაკი ზედმეტია, კვებაზე და მომსახურების ხარისხზე კიდევ არ ვსაუბრობ და მათი ღირებულება 15 და 25 დოლარამდე ფარგლებში თამაშობს. ეს არის ძალიან ნორმალური და მისაღები ფასები. ამგვარი მომსახურება და ფასები ჩვენთანაც უნდა იყოს, რომ კონკურენცია გავუწიოთ ყველას ჩვენს რეგიონში, მათ შორის - თურქეთსაც, რადგანაც იქ ძალიან ბევრი ტურისტი დადის და მათ უნდა ჰქონდეთ ჩვენთან ჩამოსვლის სურვილიც. ჩამოსვლის სურვილი ბევრს უჩნდება, მაგრამ ხელი უნდა შევუწყოთ, რომ ეს რეალობად იქცეს“.

 

რა უნდა გაკეთდეს?  

შალვა ბობოხიძე: „უნდა შეიქმნას მაღალი ხარისხის და კარგი საინფორმაციო ბუკლეტები. ეს ყველა სასტუმროს ექნება და ტურისტებისთვისაც მეტად ხელმისაწვდომი გახდება. როცა ჩვენგან სტუმარი ინფორმირებული წავა, ჩათვალეთ, რომ ეს არის რეკლამა, რათა მოვიდეს მეორე სტუმარი. ჩვენ კი ამას ჯერ ვერ ვახერხებთ. კარგი საინფორმაციო ცენტრი უნდა შეიქმნას, სადაც დაიდება გზამკვლევები, სადაც დაიდება ინფორმაციები თოთოეული კულტურული ძეგლის შესახებ. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, თუ ინდივიდუალურად ჩამოდის ტურისტი, რომ ქალაქში თავისუფლად იმოძრაოს. თუკი ამ ყველაფერს ქალაქის ხელმძღვანელობა ვერ უყურებს, ჩვენ, ჩვენი ჩართულობით, შეგვიძლია მივიდეთ მათთან, შეიქმნას ჯგუფი ან საბჭო, რომელსაც ურთიერთობა ექნება თვითმმართველობასთან. მარტო საკუთარი მონაწილეობით, ჩვენ ვერც რუკას შევქმნით და ვერც ინფრასტრუქტურას.

კიდევ, საჭიროა, სასტუმრო ბიზნესის და მცირე ბიზნესის განვითარების სწორი ფორმა გამოვძებნოთ. ტურისტთან მუშაობისას დაცული უნდა იყოს: სისუფთავე, კარგი კვება, რომელშიც იგულისხმება ახალი, ბუნებრივი საკვები. ყველა ნომერში, რაც პრობლემა არის და ოჯახის სასტუმროებმა ვერ მიაღწიეს, უნდა ჰქონდეთ სველი წერტილები, კონდენციონერი, ჰქონდეთ გათბობა.

რაც ყველაზე პრობლემურია ჩვენთვის, სასტუმროების მეპატრონეებისთვის, და ტურისტებისთვისაც, შიდა გზების პრობლემაა, ეს საკითხი რამდენჯერმე დავაყენეთ მერიაში, თუმცა, ეტყობა, ჯერ არ მოვიდა ჩვენი რიგი, კონკრეტულად საუბარია დები იშხნელების ქუჩაზე“.

შალვა კირთაძე: „ჩემი აზრით, გარემო რომ თანდათან ხელსაყრელი ხდება ტურიზმისთვის, ეს ყველასთვის ნათელია, ამისკენ ძალიან დიდი ნაბიჯები იდგმება. ქართველებს სტუმართმოყვარეობა არასდროს გვაკლდა და ეს სისხლსა და ხორცში გვაქვს გამჯდარი, მაგრამ შეიძლება, ცოტა რთულმა ეკონომიკურმა პირობებმა, რაც 90-იანი წლებში საქართველოში იყო, ოდნავი „გაციება“ გამოიწვია სტუმრების მიმართ. მე ამას რატომღაც ვგძნობ. მე მინდა, საქართველოს ყველა მოქალაქეს გათვითცნობიერებული ჰქონდეს, რომ მის ქვეყანაში ჩამოსული ყველა სტუმარი მისი პირადი სტუმარია. რომ მას ისევე პატივი უნდა მიაგოს, ისე უნდა მოექცეს, როგორც საკუთარ სტუმარს და ეს ჩვენთვის უცხო არ არის. ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი, რატომაც ტურისტები ვერ ჩამოდიან ჩვენს ქვეყანაში, მიუხედავად დიდი ინტერესისა ჩვენი ქვეყნის მიმართ, ავიაბილეთები საქართველოს მიმართულებით ძალიან ძვირი ღირს. ის არის, რომ აი, ამ საქმეს თუ მიეხედება უფრო მეტი სტუმარი ჩამოვა. მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ, გერმანელებთან მქონდა კავშირი და მათ ჩამოუსვლელობის ერთ-ერთ მიზეზად თქვეს, რომ თვითმფრინავის ბილეთები ღირს ძალიან ძვირი და ეს გასათვალისწინებელია. კიდევ ერთი ფაქტორი: სტუმარს არ სიამოვნებს გადაჯდომა, ურჩევნია, პირდაპირი ხაზი იყოს თურქეთი-ქუთაისი, მიუნხენი-ქუთაისი.

ასევე ძალიან მოსწონთ ქართული სამზარეულო, თან ევროპულ ფასებთან შედარებით ყველაფერი იაფია და ეკოლოგიურად სუფთაც. ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი ადგილობრივი პროდუქციის წარმოებას. სტუმარმა იცის, რა არის თურქული, ევროპული, ამერიკული, იცის, რომ ეს ყველაფერი, ხშირ შემთხვევაში, გენმოდიფიცირებულია და არა - ეკოლოგიურად სუფთა. ჩვენ შეგვიძლია აქ, მათ დავახვედროთ ეკოლოგიურად სუფთა და ჯანმრთელობისთვს სასარგებლო პროდუქტი, იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანას ამის ბუნებრივი პირობები აქვს ღვთისგან ბოძებული, ნატურალურად ყველაფერი გემრიელი და კარგი იზრდება. ჩვენი ტრასები მეტ-ნაკლებად  ფორმაშია, მაგრამ სოფლებამდე  და ისტორიულ ძეგლებამდე მისასვლელი გზების ხარისხი - საშინელ მდგომარეობაში, თუ ამას ყურადღება მიექცევა, ეს კარგი იქნება“.

 

რა ტურისტული პოტენციალი გვაქვს?

შალვა ბობოხიძე: „ამ ეტაპზე, ქუთაისი, როგორც ტურისტული ქალაქი, ასე რომ ვთქვათ, არ არის. ჩვენთან, ძირითადად, ჩერდებიან სვანეთისკენ მიმავალი ტურისტები, იმიტომ რომ ერთჯერზე თბილისიდან სვანეთისკენ ვერ ადიან. თუმცა არის ჩვენ შემოგარენში უამრავი რამ, რისი ნახვაც შეიძლება და ტურისტს უნდა დავანახოთ. ყოველივე ეს ჯერ ჩვენ თვითონ არ გვაქვს გათვლილი და კარგად შესწავლილი. ქალაქის ცენტრში რაღაც გაკეთდა და გალამაზდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ტურისტი ამის გულისთვის  ორი დღე მაინც. შეჩერდეს, უამრავი რამ არის გასაკეთებელი“.

შალვა კირთაძე: „სასტუმროებმა უნდა დადონ ხელშეკრულება და თვითონ უნდა უზრუნველყონ ტურისტული მარშრუტების შეთავაზება აქ ჩამოსული ტურისტებისთვის, მათ უნდა დააინტერესონ. იგივე სვანეთში წასვლა ძალიან კარგია, ულამაზესი მხარეა, თან ახლოსაა ქუთაისთან. თუ გაკეთდება გზა ოდნავ ნორმალურად მაინც, უშგული-ლენტეხი, შეიძლება ტურისტი წავიდეს, აი, ამ გზით: ქუთაისი-ზუგდიდი-მესტია-უშგული-ლენტეხი. ეს არის ულამაზესი ბუნება, მსგავსი არ არსებობს ალბათ მსოფლიოში, იმდენად ლამაზია, მაგრამ გზის მეტი ყველაფერია. ეს გზა თუ გაკეთდება, ჩათვალეთ, რომ დიდი რაოდენობის ტურისტი ეყოლება იმერეთს. არანაკლებ ბუნებრივი სილამაზე გვაქვს ქუთაისის გვერდითაც.

ანუ ჩვენს ქალაქში ჩამოსული სტუმარი თუ ნახავს გელათს, ბაგრატს და მოწამეთას, ამ ყველაფრის დათვალიერებას ერთი დღეც ეყოფა, ამიტომ უნდა შევთავაზოთ დამატებითი საინტერესო ტურები. იგივე რაჭა, რაჭაზე არავინ არაფერს ლაპარაკობს, მაგრამ სილამაზით არანაკლებია, ვიდრე სვანეთი“.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1528
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია