დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
სტუმარი
2010/05/31 13:11:58

ჩვეულებრივ ქართულ ქორწილში გახლდით. შეიძლება, იგი მხოლოდ იმით დამხსომებოდა, რომ ნეფე-დედოფალი ჩემი ნათესავი იყო, მაგრამ იქ ერთი ისეთი ფაქტი მოხდა, დარწმუნებული ვარ, დამსწრეთა მეხსიერებას დიდხანს შემორჩება.

...მოკლედ, ამ ქორწილს ერთი შუა ასაკის ამერიკელი ქალბატონი ესწრებოდა, ახალგაზრდა ქართველი მეგობარი ბიჭის მიერ ოკეანის გაღმიდან ჩამოყვანილი. მადამ მიშელი, რომელსაც პატარა საბანკეტო შავი კაბა ეცვა და, უნდა ითქვას, არცთუ ცუდი ფიგურა ჰქონდა (ამერიკის რამდენიმეგზის ჩემპიონი გახლდათ სპორტის ერთ-ერთ სახეობაში), ისე აქტიურად ცლიდა ჭიქებს და თავსაც ისე უშუალოდ გრძნობდა, საყოველთაო ყურადღება მიიპყრო... ქართული ცეკვის შესრულებაც არაერთხელ სცადა, იხტუნა და კვანწა ხელები, გარკვეული პერიოდის მერე კი საბანკეტო დარბაზის ტუალეტიდან პატარა ბავშვებმა მოირბინეს, „ის ამერიკელი ქალი“ ტუალეტშია წაქცეულიო. ცოტა ხანში, ეტყობა, სტუმარმა თავი უკეთ იგრძნო და ღიმილით გადმოიბარბაცა დარბაზი...

მეორე დილით, წესისამებრ, კვლავ განახლდა ახალ მოყვრებს შორის სუფრა. გამოძინებული მიშელიც ჩვეულებრივად გამოიყურებოდა, ვითომც წუხელ სულ არაფერი მომხდარიყოს. მასპინძელი ბიჭის გვერდით იჯდა და გატაცებით განაგრძობდა „ქართულ ქეიფს“. რამდენიმე ტრადიციული სადღეგრძელოს შემდეგ, მოულოდნელად, იგი მიკროფონთან დადგა, თარჯიმნად მეგობარი ბიჭი დაიყენა, პატარა ფურცლებზე ჩამოწერილი „სიტ-ყვა“ მოიმარჯვა და ღიმილით განაცხადა:
- მათთვის, ვინც ჯერ არ მიცნობს, - მე მქვია მიშელი. ეს არ არის ჩემი პირველი ვიზიტი აქ. მანამდე ორჯერ ვიყავი საქართველოში ქართული კულტურის შესასწავლად. მინდა წარმოგიდგინოთ საქართველოში გატარებული ცხოვრების შედეგად მიღებული დასკვნები. შევეცდები, გიჩვენოთ, რით განვსხვავდებით ამერიკელები და ქართველები ერთმანეთისაგან. მე ეს თვითმფრინავში მოვამზადე თქვენთვის.

და მადამ მიშელმა დაიწყო დანომრილი ფურცლების კითხვა:

1. პირველი, ყველაზე დიდი შოკი ჩემს ცხოვრებაში იყო - ქართული ტუალეტი. ერთ-ერთ სოფელში ვნახე და კინაღამ გული გამისკდა. გადავწ-ყვიტე, აქ აღარასოდეს შევალ-მეთქი, მაგრამ... არანაკლებ მძიმე მდგომარეობა იყო ქალაქშიც... აქვე დავამატებ, რომ თქვენებური ტუალეტის ქაღალდი იკბინება და იფხაჭნება. ამერიკაში კი ტუალეტის ქაღალდი არის ფაფუკი... ქართველები ტუალეტის ქაღალდს იყენებენ მანქანის, ჭურჭლის გარეცხვისას და ზოგჯერ ფეხსაცმელებსაც კი იწმენდენ. მშვენიერი იდეა გამიჩნდა - სიამოვნებით გადავუცვლიდით მათ ჩვენს ტუალეტის ქაღალდს მშვენიერ ქართულ ღვინოში... 

2. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქართველებს აქვთ მსოფლიოში საუკეთესო ღვინო! შეგიძლია, გაუთავებლად სვა, სვა და სვა... მაგრამ ეს არ არის პრობლემა, რადგან მათ აქვთ ასევე გენიალური „ბორჯომი“, რომელსაც იყენებენ მეორე დღეს, ნაბახუსევზე.

ქართველები არასდროს სვამენ ღვინოს სადღეგრძელოების გარეშე. სადღეგრძელო შესანიშნავი საშუალებაა იმისათვის, რომ აჩვენო, რამდენად მნიშვნელოვანი ხარ მის ცხოვრებაში.

ის, რაც ქართველებს ყველაზე ძალიან უყვართ, არის: სტუმარი, ბავშვები, მშობლები, ახლობლები, ოჯახი, მეგობრები და ა.შ.

ვფიქრობ, ურიგო არ იქნება, სადღეგრძელოები დაგენომრათ. მაგალითად: „ჩვენზე“ - სადღეგრძელო ?1; „ბავშვებზე“ - ?2; მშობლებზე - ?3 და ა.შ. როცა თამადა იტყვის: „სადღეგრძელო ?...“ ყველას შეეძლება, აიტაცოს ჭიქა, სწრაფად თქვას: „გაუმარჯოს!“ და დალიოს! ასე დროს კარგად დაზოგავენ და მეტის დალევას მოასწრებენ.

პირადად მე, ჩამოვწერდი მხოლოდ 10 სადღეგრძელოს, რადგან მეტის დალევის შემთხვევაში ცუდად გავხდებოდი და მოვხვდებოდი ისევ ჩემს „საყვარელ“ ქართულ ტუალეტში.

3. ჩვენთან, როდესაც ორი ადამიანი შექმნის ოჯახს, ის ტოვებს დედის სახლს, აქ კი პირიქით - დედებთან რჩებიან საცხოვრებლად...

4. ბევრი კარგი რამ მახსენდება ქართულ რესტორნებზე. აქ შეიძლება ერთი ლარი გადაიხადო ერთ ბოთლ ღვინოში, სამაგიეროდ, 20 ლარი მისცე მომღერალს მხოლოდ ერთ სიმღერაში!

ჩვენთან პირიქით - ერთ ბოთლ ღვინოში შეიძლება მისცე 20 ლარი და მომღერალს - ერთი.

5. საქართველოს ტერიტორიები იმდენად მშვენიერია, სიამოვნებით წავიღებდი მის ნაწილს ჩემს სამშობლოში.

6. ქართულ მაგისტრალებზე მანქანები ისე ჩქარა დადიან და ცდილობენ, გადაუსწრონ ერთმანეთს, როგორც კომპიუტერულ თამაშებში. თუმცა, გარკვეული პრობლემები ამერიკულ გზებზეც იქმნება...

7. არის კიდევ ერთი რამ, რამაც დამაფიქრა: ლაშამ დამიძახა „სვანი“, რაც, მართალი გითხრათ, ვერ გავიგე, რას ნიშნავდა. თუმცა, ერთი აზრი მაქვს: ალბათ, სვანებიც ისევე გამოიყურებიან, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების მკვიდრნი, ალბათ, სვანეთი პატარა ამერიკასავითაა.

8. რაც შეეხება ენის სწავლას - ვცდილობ, რაღაცეები დავიმახსოვრო. ვცადე, ჩემი ყოფილი მეუღლისთვის რაღაცები მეთქვა ქართულად, თუმცა მისი რეაქცია ასეთი იყო: „დარეკეთ 911“.

 

და ბოლოს, როდესაც ჩემზე სადღეგრძელოს თქმას დაიწყებთ, მე ამ დროს სმა-ჭამაში ვიქნები გართული და - შემაღვიძეთ!

*** 

დამსწრეთა რეაქცია: თვალებდაჭ-ყეტილი, გაკვირვებული საზოგადოება ჯერ თავაზიანი ღიმილით შეხვდა გაგანია ქორწილში ქართულ ტუალეტებთან დაკავშირებულ                      „დასკვნას“, მერე პირველი რეპლიკა „ბარტერთან“ მიმართებით თავად სიძის დედამ ისროლა: „მადამ, ჩვენ უკეთილშობილეს ქართულ ღვინოს ტუალეტის ქაღალდში არა ვცვლითო“; ცოტა მოგვიანებით, თამადის სადღეგრძელოების დანომვრაზე რომ მიდგა საქმე, ფერნაცვალმა ხნიერმა კაცებმა თავი ჩაქინდრეს - სტუმარია, თანაც ქალია, ჩვენი ტრადიციის ასე დაწიხლვასთან დაკავშირებით ხომ არ გავუწყრებითო. ნასვამი ბიჭები კი თარჯიმნის მისამართით დაუფარავად იმუქრებოდნენ: გასალახავია, ეს ტექსტი რა ნამუსით გვითარგმნა, როგორ გვაკადრა საზეიმო სუფრასთან მსხდომთ ასეთი სიტყვებიო.

ასე იყო თუ ისე, მადამმა მონდომებით ჩაათავა ამ პატარა ფურცლების კითხვა (დროდადრო ზეპირ კომენტარებსაც ურთავდა) და ქართველი მასპინძლების შეთხელებული ტაშის ფონზე, გამარჯვებული იერით დაბრუნდა თავის სკამთან.

- რას ვუკრავთ ტაშს, ხალხო, რას? - აღშფოთებით მომმართა თანამეინახეებზე გამწყრალმა ერთ-ერთმა სტუმარმა, ბატონმა სოსომ, - ამ ქალმა სულში ჩაგვაფურთხა, ჩვენს ტრადიციებს ფეხი დაადგა, ქართული სუფრის წესები ხელყო!.. კი, მართალია, მისი ზოგიერთი შენიშვნა მისაღები და გასათვალისწინებელია, მაგრამ ეს ახლა უნდა ეთქვა? აქ, ამ სუფრასთან, ჭამისას, ტუალეტზე უნდა ესაუბრა? ეგაა მაგათი მაღალი კულტურა? ჩვენ კი, აქაოდა, ამერიკელიაო, მონური ღიმილით შევციცინებდით თვალებში და ტაშიც დავუკარით! მაგან არც კი იცის, რა კულტურული ფასეულობებით მოვდივართ ჩვენ, არ იცის, რას ნიშნავს: „დღეს სტუმარია ეგ ჩვენი, გინდ ზღვა ემართოს სისხლისა!..“ ეტყობა, მისმა მასპინძლებმა ისიც ვერ აუხსნეს, რომ ტრადიციული ქართული სუფრა ინტელექტის, ზრდილობის, კულტურისა და მახვილსიტყვაობის აკადემიაა, თორემ სადღეგრძელოების ასე დანომვრას როგორ გვაკადრებდა?

ახლა მეორე სტუმარი ჩაერია, შუა ხნის ქალბატონი:

- ამერიკელ ქალს ასეთი შთაბეჭდილება სწორედ ჩვენ შევუქმენით ჩვენი გადაგვარებული ჩვევებით, არაჰიგიენურობით, წესრიგის უპატივცემულობით, თუმცა, თავადაც გვარიანად არაკორექტული ყოფილა: ელემენტარული პატივისცემის ღირსადაც არ ჩათვალა ჩვენი ფასეულობები, რაკი თავად დიდი ქვეყნის შვილია! აბა, რომელი რიგითი ქართველი იკადრებდა იმას, რომ ამერიკულ ქორწილში სიტყვა ეთხოვა და ტუალეტებზე და ფეკალიაზე დაეწყო ხმამაღლა ლაპარაკი?! მაგრამ... ამერიკელია და ვუქიცინოთ კუდები - ჩვენ, „ვეფხისტყაოსნის“ და ფილიგრანული მინანქრული სკოლის  შემქმნელებმა!

მთელი გზა, თბილისიდან ქუთაისამდე, ეს თემა ირჩეოდა მექორწილეებით სავსე „მარშრუტკაში“.

 

P.S. ამერიკელი ქალბატონის ის პატარა თეთრი ფურცლები ახლა ჩემთან ინახება - ავტორს ვთხოვე და მაჩუქა...

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1422
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია