დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
საგანგაშო ნიშნული გამოსავალი ერთია: ადგილობრივი პროდუქციის წარმოება უნდა განვავითაროთ
2011/01/31 12:53:43

პროდუქტებზე ფასების ზრდამ საგანგაშო ნიშნულს მიაღწია. მასობრივი უმუშევრობის, დაბალი ხელფასებისა და პენსიის პირობებში პრობლემა თანდათან უფრო მწვავე და მტკივნეული ხდება ჩვენი საზოგადოებისათვის და, სამწუხაროდ, არც სამომავლო პროგნოზია დასაიმედებელი.

საწვავზე ფასების ზრდამ იმპორტირებული საქონლის გაძვირებაც გამოიწვია.

ფაქტია, რომ კრიზისი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში მძვინვარებს და, შესაბამისად, ჩვენს ხელისუფლებას მისი დაძლევის გზები არ გააჩნია. თუმცა სახელმწიფომ ეკონომიურობა მოსახლეობის ხარჯზე  გასწია და საშუალო ოჯახზე, გათვლებით, საარსებო მინიმუმი თვეში 250 ლარი დაადგინა.

 

თემაზე მუშაობა საიდან უნდა დამეწყო, თუ არა ბაზრიდან? თუმცა ჩვენი საზოგადოებისათვის დამახასიათებელ გულგრილობას ვერც აქ ავცდი. ხშირად მოსახლეობას პრობლემაზე საუბარს მისთვის გვერდის ავლა ურჩევნია. ერთ-ერთმა მოვაჭრემ, როდესაც შეიტყო, ჟურნალისტი ვიყავი, ხელი აიქნია: „კარგი ერთი, შენი ჭირიმე, გაზეთი მინდა ახლა მეო!“ - ჩაილაპარაკა და თავიდან მომიშორა. სამაგიეროდ, ჩემი მისვლა სხვებისათვის სასურველი აღმოჩნდა. აღნიშნულ პრობლემაზე გამოთქმული მათი მოსაზრება ერთმანეთის იდენტურია:

იზა, მოვაჭრე: ამ პროდუქტებიდან, რომლითაც მე ვვაჭრობ, ფასმა მხოლოდ შაქარზე მოიმატა. ადრე თუ 2,20 ლარი ღირდა, ახლა 2,60 ლარს მიაღწია. წიწიბურა, ბრინჯი, ზეთი, ჯერჯერობით, არ გაძვირებულა.

თინა, მყიდველი: ჩემი ერთადერთი შემოსავალი პენსიაა, რომლის უმეტესი წილიც წამლებისათვის მჭირდება და გაძვირებული პროდუქტი, როგორღა უნდა ვიყიდოთ? ნაცვლად იმისა, რომ სამუშაო ადგილები შექმნან და ხალხს საარსებო წყარო შეუქმნან, პროდუქციას გვიძვირებენ.

მზია, მოვაჭე: რა თქმა უნდა, მოსახლეობა ამ ფაქტს უარყოფითად ხვდება. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს კარგია? მყიდველებს ჰგონიათ, რომ მოვაჭრეებს ფასების გაძვირება გვიხარია, მაგრამ ეს კრიზისი ჩვენც ისევე გვეხება, როგორც - ნებისმიერ რიგით მოქალაქეს!

თაზო იობიძე, ტაქსის მძღოლი: ერთადერთი სამუშაო და შემოსავლის წყარო ოჯახში ეს მანქანაა, მთელი დღე გასული ვარ სახლიდან, რომ პურის ფული ვიშოვო, მაგრამ უკვე ესეც შეუძლებელია, ბენზინზე ფასი 5 თეთრით გაიზარდა და ამბობენ, რომ კიდევ გაძვირდება. ეს თავისთავად გულისხმობს იმას, რომ მგზავრობის ღირებულება გაიზრდება, მაგრამ მოსახლეობას ამის საშუალება არ აქვს და რა გამოდის? ისედაც უმუშევარი, საბოლოოდ უმუშევრად ვრჩები.

ეკა ვერულაშვილი: ვიცით, რომ ეს პრობლემა მხოლოდ ჩვენს ქვეყანას არ შეეხო და მხოლოდ ჩვენი მთავრობის ბრალი არაა, მაგრამ ახლა რომ ამით თავს იმართლებენ, ხომ შეეძლოთ, ხალხზე ადრე ეზრუნათ და სამუშაო ადგილები შეექმნათ? თუ მსოფლიოში ფასები გაძვირდა, იქ ხალხი დასაქმებულია მაინც, ჩვენთან კი 10 კაციანი ოჯახიდან ორმა თუ იმუშავა, დიდი მიღწევაა!

- რამ გამოიწვია პირველადი მოხმარების პროდუქტების ზრდა და ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ, რომ სურსათზე ფასების ზრდის პროცესი შედარებით უმტკივნეულო იყოს? - ამ კითხვით საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის ოფისის ხელმძღვანელს მივმართე.

პაატა კლდიაშვილი: - ექსპერტები ვვარაუდობდით, რომ ფასების მატება მოხდებოდა, რაც გამართლდა.

წლის ბოლოსათვის ფასების ზრდა მსოფლიო ბაზარზე დაიწყო და ამან ქართულ ბაზარზეც მოახდინა გავლენა. 2010 წელი მოუსავლიანი იყო. საწვავზე, ზეთზე, წიწიბურასა და შაქარზე ფასები ბევრ ქვეყანაში გაიზარდა; გარე ფაქტორების გარდა, მნიშვნელოვნად მოქმედებს შიდაფაქტორებიც, როცა ეროვნული ვალუტის კურსი უფასურდება, ეს პირდაპირ კავშირშია ინფლაციასთან. იმ პროდუქტების დიდი ნაწილი, რომლის ფასებიც გაიზარდა, იმპორტირებულია.

წლის ბოლოსათვის ლარის ინფლაცია 11%-ის დონეს აღწევდა, არადა, 6-7%-ს ვარაუდობდნენ. ეს მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდამ გამოიწვია.

- ქართულ ბაზარზე ეროვნული წარმოების პროდუქტების წილი რამდენია?

- ზუსტად არ ვიცი, დაახლოებით 12-დან 14% ფარგლებში მერყეობს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია,რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტების წილი იმპორტირებულია. სამწუხაროდ, იმიტომ, რომ ჩვენ სოფლის მეურნეობის ქვეყანა ვიყავით ოდითგანვე, ახლა კი იმპორტის იმედად ვართ.

- საარსებო მინიმუმის დაანგარიშება რა პრინციპით ხდება?

- სასურსათო კალათა მსოფლიოში მიღებული სტანდარტების მიხედვით იქმნება. მასში 300-მდე პროდუქტია შესული. ხოლო არასასურსათო კალათაში შეაქვთ ტრანსპორტირების, კომუნალური გადასახადების, სამედიცინო მომსახურების და ა.შ. ხარჯები. ანგარიშობენ, ერთ ადამიანს საშუალოდ რამდენი სჭირდება და ორივე კალათის ჯამიდან გამოჰყავთ საშუალო ციფრი. ასეა საზღვარგარეთ, ჩვენთან კი სასურსათო კალათაში. მხოლოდ რამდენიმე სახის პროდუქციაა შეტანილი.

- რა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ, იმისათვის, რომ პრობლემა ნაკლებად მწვავე იყოს?

- რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა სტრატეგია ე.წ. იმპორტირებულ პროდუქციასთან ბრძოლის შესახებ, რაც ფასების მატების გარე ფაქტორების შემცირებას გულისხმობს. მსოფლიო ფასებზე რომ არ ვიყოთ დამოკიდებული, მთავარი - ადგილობრივი პროდუქციის წარმოების განვითარებაა. ნავთობი არა გვაქვს და ვერაფერს ვუშველით, მაგრამ ბოსტნეულის, ხორბლის, რძის პროდუქტის მეტი რაოდენობით წარმოება შეგვიძლია. მით უფრო, რომ ჩვენს ქვეყანაში ამის დიდი რესურსია.

 

ნესტან ჩაგელიშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1675
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია