დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
როგორ ხვდება ახალ წელს ქუთაისი?
2010/12/13 14:17:42

ახალი წლის დადგომამდე მცირე დრო რჩება, შესაბამისად, საახალწლო განწყობა მთელ მსოფლიოში იგრძნობა, ჩვენს დედაქალაქშიც დღესასწაულთან დაკავშირებით ქუჩების ნათურებით და გირლიანდებით მორთვა რამდენიმე კვირაა დაიწყო და დასასრულს უახლოვდება.

 

მეორე დედაქალაქში კი საახალწლო სამზადისი ისეთი დუნე ტემპით მიმდინარეობს, ახალწლამდე რომ დამთავრდეს, გამიკვირდება.

კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურში ვარაუდობენ, რომ ქალაქის მორთვა-გალამაზება 17 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ ქალაქში მიმდინარე პროცესი ამაში დაეჭვების საბაბს ნამდვილად იძლევა.

რა უჯდება ქუთაისს საახალწლო მორთულობა და 2011 წლის გამასპინძლება? ამ და სხვა კითხვებზე პასუხის გასაცემად ვესტუმრეთ ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურს.  თუმცა, ჩანს, პრესის წარმომადგენლებს აქ არ სწყალობენ: აპარატის ერთ-ერთმა თანამშრომელმა კითხვებით მისულს აქეთ მკითხა, ხომ კარგ საქმეზე ვიყავი მისული. მოგვიანებით კი იუმორნარევი სინანულით აღნიშნა: „ესენი ყველანი ამბობენ, რომ კარგ საქმეზე მოდიან, თუმცა გასულები ისეთებს წერენ, თითქოს მთელი ქვეყანა ჩვენ დაგვექციოსო“!

ჩვენს კითხვაზე კი პასუხი კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის ანდრო მაღლაკელიძისაგან მივიღეთ. როგორც მან გვითხრა, 2010 წლის ბიუჯეტში საახალწლო ღონისძიებებისათვის 100 ათასი ლარი გამოიყო, რომლიდანაც 35 ათასი ლარი იანვრის ბოლოს ქალაქში არსებული მორთულობის დემონტაჟისათვის დაიხარჯა. დემონტაჟი მხოლოდ ცენტრალურ ქუჩებში არსებულ მორთულობას შეეხება, რადგან, როგორც წესი, ეს პროცესი ცენტრს ვერასდროს გასცდა. და მაინც, თუნდაც ცენტრში იყოს .... უნდა დასჭირვებოდა? ბატონი ანდრო განაგრძობს: - დარჩენილი 65 ათასი ლარით კი ვცდილობთ, შევხვდეთ ამ ახალწელს. მიმდინარე სამუშაოებს ქალაქი თავისი ძალებით აკეთებს და უკვე დასრულდა სამუშაოები ცენტრალურ უბნებში, შემდგომ კი გამოცხადდება ტენდერი - თუ ვინ შეასრულებს ამ სამუშაოებს და ეს ღონისძიებები, სავარაუდოდ, 17 დეკემბრამდე დასრულდება.

- რამდენად გასცდება ეს პროცესი მთავარ ქუჩებს? ტრადიციულად, საახალწლო სამზადისი ცენტრში იწყება და აქვე მთავრდება ხოლმე...

- რა თქმა უნდა, სამზადისი გასცდება ცენტრალურ ქუჩებს, არის სახელმწიფო ორგანიზაციები და კერძო ფირმები, რომელთაც აქვთ სურვილი, საკუთარ დაწესებულებებთან და საკუთარ ფირმებთან მაღალი დონის გაფორმება და ნაძვის ხე გააკეთონ. ჩვენს რესპონდენტს არ დაუკონკრეტებია, ამ ხარჯებს ვინ დაფარავს - ბიუჯეტი თუ თვითონ კერძო პირი, აქედან გამომდინარე, ქალაქში იქნება ბევრი კუთხე, მართლაც ისეთი, რომელიც ძალიან გაალამაზებს საახალწლო სიტუაციას.

ქალაქში წელს ორი ნაძვის ხე დაიდგმება: ერთი ცენტრალურ მოედანზე, მეორე კი - რეაბილიტირებული უბნის კიდევ უფრო გასალამაზებლად. ახალიწლის შესახვედრად იგეგმება კონცერტი, თუმცა, როგორი სახის იქნება და ვინ მიიღებს მასში მონაწილეობას, ამ დროისათვის უცნობია. არც ისაა გარკვეული, მეორე დედაქალაქის მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისაგან მიიღებს თუ არა საახალწლო საჩუქრად ერთდღიანი უფასო მგზავრობის უფლებას მუნიციპალური ტრანსპორტით და მოხდება თუ არა ტრანსპორტის მუშაობის გრაფიკის გახანგრძლივება, რადგან მოქალაქეებმა, რომლებიც ახალ წელს ქუჩაში, ნაძვის ხესთან შეხვდებიან, სახლში დაბრუნება შეუფერხებლივ შესძლონ. სატრანსპორტო საქალაქო სამსახურში აცხადებენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიანაც კარგი გრაფიკით მუშაობს და ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქსების მძღოლებიც ადამიანები არიან, მათაც სურთ ახალი წლის დადგომამდე შინ დაბრუნება.

საახალწლო განწყობა ჩვენს ქალაქში იანვრის ბოლომდე გაგრძელდება, დღესასწაულის დასრულებასთან ერთად ღონისძიებებში ბოლო შტრიხებიც შევა და და ტრადიციულად, არსებული მორთულობის დემონტაჟი მოხდება, რომლისთვისაც, ალბათ, წელსაც სოლიდური თანხა გამოიყოფა, რადგან 2011 წლის ბიუჯეტში საახალწლო ღონისძიებებისათვის, დაახლოებით 150000 ლარი იქნება გათვალისწინებული.

 

ნესტან ჩაგელიშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1852
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია