დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
საით უნდა წავიდეს ინგლისურენოვანი საქართველო?!
2010/12/13 14:13:03

ჩვენი ქვეყნის რეფორმატორებს მიაჩნიათ, რომ ქვეყნის წინსვლა, ახალი ინიციატივების გარეშე შეუძლებელი იქნება. ნატო, ევროინტეგრაცია, დასავლური კულტურა, მისი ფასეულობებისა და  ღირებულებების მიღება-გათავისება, როგორც ქვეყნის პირველი პირი აცხადებს, კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმის- ქვეყნის ინგლისურიზაციის გარეშე წარმოუდგენელი იქნება.

 

პრეზიდენტის პროგრამა: 

 პროექტი „ყივჩაღები“ ინგლისური ენის საქართველოში გავრცელების მასშტაბური გეგმის ნაწილია. 11 სექტემბრის მთავრობის სხდომაზე, ბათუმის „პიაცაზე“ დადგმულ უზარმაზარ მაგიდასთან წარმოთქმული პრეზიდენტის სიტყვა საპროგრამოდაც კი შეიძლება ჩაითვალოს.

„ძალიან საერთაშორისო ქვეყანა ვხდებით. ჩვენ მთლიანად უნდა ვიყოთ ქვეყანა, რომელიც ლაპარაკობს ინგლისურ ენაზე, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. – თანამედროვე სამყაროში ინფორმაციის ენა არის ინგლისური. თუ ინგლისური არ იცი, ინფორმაციას ვერ მიიღებ. ეს არ არის ჩვენი ახირება და აკვიატება. ეს არის რეალობა... სასურველია, რომ წავახალისოთ ინგლისური, ინგლისური, ინგლისური!“

„როგორც თავის დროზე დავით აღმაშენებელმა ჩამოიყვანა 40 000 ყივჩაღი და საქართველოს სახელმწიფოს მოდერნიზაციამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო, ზუსტად ამ მასშტაბის მოვლენაა შემდეგი 3 წლის განმავლობაში 10 ათასი ინგლისური მასწავლებლის ჩამოყვანა მთელი საქართველოს მასშტაბით,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

ინიციატივები და მისაღები კანონები: 

 ამავე მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტმა რამდენიმე კონკრეტული ინიციატივა წამოაყენა:

1. ინგლისურის სწავლება დაიწყება პირველი კლასიდან.

2. „ყველა მასწავლებელს, ასე თუ ისე, უნდა ვუბიძგოთ ინგლისურისკენ” – ამისთვის, ყველა პედაგოგს, რომელიც ინგლისურს ფლობს, ხელფასის გარდა, 200-ლარიანი დანამატი დაერიცხება.

3. „ყველა პოლიციელი უნდა იყოს ინგლისურენოვანი!” – ასეთებს აუცილებლად დაერიცხებათ 200- ლარიანი დანამატი.

4. „სამწუხაროდ, უმაღლეს სასწავლებლებს ვერ გადავიყვანთ მთლიანად ინგლისურენოვან სწავლებაზე, სამაგიეროდ სტუდენტები უმაღლესი სასწავლებლის დიპლომს ვერ აიღებენ, თუ ინგლისური არ იციან."

   

მაყურებელმა კინოდარბაზში ფილმი, შესაძლოა, მხოლოდ ორიგინალში ქართული სუბტიტრებით, ან ქართულად დუბლირებული ნახოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პარლამენტი „ეროვნული კინემატოგრაფის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ” კანონში ცვლილებას შეიტანს. თუ კინოთეატრები კანონს დაარღვევენ, მათ პირველად 1500, მეორედ 3000, მესამედ ან მეტჯერ კი – 10 000 ლარით დააჯარიმებენ.

„ყივჩაღების“ ჩამოყვანა ამ დრომდე „ინგლისურიზაციის“ გეგმის ყველაზე ძვირი და მასშტაბური პროექტია. ერთ წელიწადში საქართველოს მთავრობას 1000 მოხალისის ჩამოყვანა და პროექტში ჩართვა, სავარაუდოდ, 6 მილიონი ლარი დაუჯდება.

როგორ ხედავს საზოგადოება ახალ ინიციატივებს ამოქმედებას სამომავლოდ, რამდენად გაამართლებს პრეზიდენტის ახალი რეფორმები და შეუქმნის თუ არა ის საფრთხეს ეროვნულობას?

 

საზოგადოება: 

 

მანანა მიქაძე, ფილოლოგი, პროფესორი: "საერთოდ რამდენი ენაც იცის ადამიანმა, იმდენი კაცია. ეს ყოველთვის იცოდა ჩვენმა წინაპარმა და საქართველოში არასოდეს ყოფილა მომენტი, რომ ქართველს ქართულის გარდა სხვა ენა არ სცოდნოდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაბადების დღიდან ვასწავლოთ ადამიანს უცხო ენა. ბავშვის გონება უნდა გაიხსნას მშობლიურ ენაზე. პირველ კლასში უცხო ენის შემოტანა არ შეიძლება, შესაძლებელია ისწავლებოდეს მხოლოდ თამაშის დონეზე, თორემ ერთდროულად ორ ენაზე წერა-კითხვის შესწავლა დაუშვებლად მიმაჩნია. თუ ინგლისური არ ეცოდინება, ის ადამიანი არ არის- ეს აბსურდია, ასეთი გზა ჩვენ უკვე გავიარეთ. XIX საუკუნეში ასე იყო ფრანგული, საქართველოს თავად-აზნაურობას იმ ეტაპზე საერთოდ დაავიწყდა საკუთარი ენა, შემდეგ რუსული შემოვიდა და დღეს ვხედავთ, რომ მანაც კუთვნილი ადგილი დაიკავა, ასე იქნება ინგლისურის შემთხვევაშიც. თუმცა ისეთი სიტუაციაა მსოფლიოში, ადამიანმა რამდენიმე ენა უნდა იცოდეს. რაც შეეხება სუბტიტრებით ფილმის ჩვენებას, ერთი მხრივ კარგია, მეორე მხრივ- ცუდი. ვინც ენა არ იცის, იმას ხელს უშლის, ვინც ენა იცის, იმისთვის კარგია, მაგრამ უფრო მეტად, ვინც ინგლისური არ იცის, დაზარალებული ის გამოდის, რადგანაც ტიტრებს კითხულობს და ფილმს ვერ აღიქვამს"

იაშა კუჭუხიძე, ფილოსოფოსი: "ჩვენ, ქართველებს, გვეშლება ერთი რამ – არ ვიცით არაფერში ზომიერება: თუ რამეს ვაქებთ, ავიყვანთ ზეცაში, თუ არადა – გავასწორებთ მიწასთან. რაც უცხოურია, ის არის მორალური და მოსაწონი. ამ მოსაზრებას ოფიციოზიც ხელს უწყობს. ინგლისური არის გუშინდელი ენა, მითუმეტეს, ამას ჩვენ არ გვავალებს არავინ და რატომ ვიხვევთ თავს, გაუგებარია. ყველაფერზე ინგლისური წარწერებია და ქართული დაიკარგა.

რაც შეეხება პირველი კლასიდან სწავლებას, პედაგოგიურად გაუმართლებლად მიმაჩნია. თუ თვალს გადავავლებთ მსოფლიო და ევროპის კლასიკას პედაგოგიკის სფეროში, უმეტეს ქვეყნებში ბავშვები სკოლაში 6 წლის ასაკიდან დადიან. ჩვენთან 5 წლის შედიან სკოლაში, შეიძლება ვთქვათ, სამხრეთში ვცხოვრობთ და აქ ადამიანი ადრე მწიფდება, თუმც უცხო ენის შესწავლა აუცილებლად მეორე კლასიდან უნდა დაიწყოს, თორემ ბავშვი ქართულსაც ვერ ისწავლის და ინგლისურსაც."

იაგო ბალანჩივაძე, ფსიქოლოგი: "ბავშვი არის ინდივიდი. შესაძლოა, ზოგმა კარგად აითვისოს უცხო ენა პირველი კლასიდანვე და ზოგმა- პირიქით და ეს მოხდება მშობლიური ენის ხარჯზე, რაც გამოიწვევს ეროვნულობის დეგრადირებას.

ინგლისური ენის შესწავლა სასურველი უნდა იყოს და არა – სავალდებულო. კომუნისტების დროს რუსული ენა იყო სავალდებულო, დღეს კი ინგლისური, შეიცვალა რამე? არც არაფერი.

მე პირადად ინგლისური არ ვიცი და ფილმებს ვერ ვუყურებ. რამდენჯერმე ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა: წავიკითხე ტიტრები, თუმც ფილმში რა მოხდა, ვერ აღვიქვი, გამომრჩა კადრები. ეს არის მიუღებელი. როცა ერმა ინგლისური კარგად იცის, შეიძლება ტიტრებიანი ფილმების ჩვენება, მაგრამ ჩვენთან საზოგადოების დიდმა ნაწილმა, დაახლოებით 70%-მა არ იცის ენა. ამიტომ ნუ გავზომავთ რაღაცებს ერთეულებით, იმ ადამიანებით, ვინც ეს ენა იცის. თუნდაც თბილისით, იქ შედარებით ბევრმა იცის ინგლისური, მაგრამ საქართველო მხოლოდ თბილისი არ არის, რას ვერჩით სხვებს."

ბადრი ფორჩხიძე, ფილოსოფოსი: „თვითონ ინგლისში გამოკითხვა ჩაატარეს, თუმცა ამას ჩვენ არ გვაჩვენებენ, რომ ინგლისელები საკმაოდ აგრესიულები არიან ამერიკელების მიმართ, რადგანაც მათ ექსპანსიური პოლიტიკით საფრთხე შეუქმნეს არამარტო ინგლისურ ტრადიციებს, კულტურას, არამედ ინგლისურ ენასაც. გავიხსენოთ, როგორ მოკვდა ლათინური ენა - იმის გამო, რომ ყველამ დაიწყო ამ ენაზე საუბარი და ენამ დაკარგა თავისი ფუნქცია. დღეს ინგლისელებს არ მოსწონთ, ინდოელები რომ ინგლისურ ენაზე საუბრობენ, რადგანაც ენას ამახინჯებენ. არ შეიძლება ერთ ენაზე საუბარი. პირველ რიგში ენა ზარალდება, რომელი ენაც გახდა ექსპანსიური და მოინდომა გაბატონება მსოფლიოში, ყველა ენა მოკვდა და ამის ერთი ნათელი მაგალითია ბაბილონის გოდოლის მშენებლობა, სადაც ყველამ ერთ ენაზე მოინდომა საუბარი და ღმერთმა ნიშანი მოგვცა, რომ ეს შეუძლებელი არის."

ციცი ჯინჯიხაძე, ფსიქოლოგი: "ადამიანში, როგორც ბიოლოგიურ არსებაში, ენის სტრუქტურა გენეტიკურია, როგორც სხვა გენეტიკური კოდები თავიდანვე მასში ჩადებული და ეს მეცნიერულად დამტკიცებულია. თუ ჩვენი ახლანდელი თაობა დაიწყებს უცხო ენის შესწავლას და 4, 5, 6, 7 წლის ბავშვები დაიწყებენ სხვა ენაზე აზროვნებას, მათ სხვაგვარი ფსიქიკა და აზროვნება ჩამოუყალიბდებათ და ამ შემთხვევაში ჩვენ დავკარგავთ ეროვნულობას. ეს გარკვეული ხნის შემდეგ გაცილებით ადვილად შესამჩნევი იქნება. რაც შეეხება ფილმების სუბტიტრებით ჩვენებას, აღქმას აქვს ბევრი სხვა ელემენტი და ხდება როგორც თვალის, ასევე სმენის ორგანოთიც, ამ კომპონენტების თანხვედრა სუბტიტრებით ფილმის ჩვენების დროს აღარაა. ადამიანის ფსიქიკა კონცენტრირებულია მხოლოდ წარწერებზე და ფილმის აღქმა სათანადოდ ვერ ხდება. შესაძლოა თამამად ვთქვათ, რომ ამ შემთხვევაში ირღვევა ადამიანის უფლებები."

მაკა გიორგაძე, სტუდენტი: "თუ სახელმწიფოს მიზანია, ქართველმა ხალხმა და განსაკუთრებით მომავალმა თაობამ, ორ ენაზე იაზროვნოს, ეს გაუმართლებელი და მიუღებელია, რადგანაც ეს ყოველივე მშობლიური ენის ხარჯზე მოხდება. პირადად,  ინგლისური ენა ნორმალურად ვიცი და დიპლომის აღებაც არ გამიჭირდება, მაგრამ იმათ რა უნდა ქნან, ვინც წლებია უკვე, ფრანგულს, რუსულსა და გერმანულს სწავლობდა სკოლაშიც და უნივერსიტეტშიც. წლების შემდეგ შესაძლოა ეს დააკანონო კიდევაც, მაგრამ დღეს- არა."

ირაკლი ხობუა, სტუდენტი: "არავინ დაობს, რომ ჩვენ, ახალ თაობას, განსაკუთრებულად გვჭირდება ამ ენის ცოდნა, მითუმეტეს ტექნოლოგიების ეპოქაში და ისეთი მაღალი კონკურენციის დროს, როგორიც დღეს გვაქვს, სამსახურის შოვნა პრაქტიკულად შეუძლებელია, თუ ინგლისური არ გეცოდინება. ეს პროცესი თავისთავად მოხდება, შეიძლება ცოტა დრო კი დასჭირდეს, მაგრამ ოფიციალური მოთხოვნები და კანონის მიღება, ჩემი აზრით, ჯერ ნაჩქარევია."

თინათინ სიორდია, პედაგოგი: "განათლების სამინისტროს მიაჩნია, რომ მომავალი თაობისთვის აუცილებელია ორ ენაზე აზროვნება. ამ შემთხვევაში სწავლა იქნება ინტენსიური და მოხდება სხვა საგნების ხარჯზე. რამდენად საჭიროა ეს?- ჩნდება კითხვა და ჯერ დამარწმუნებელი პასუხი ვერ მივიღე. არა მგონია, განათლების მამებს ამაზე სერიოზულად ეფიქრათ. მასწავლებელს, რომელსაც ინგლისური ენა ეცოდინება, 200 ლარიანი დანამატი ექნება, ეს ხომ მასწავლებლების გარჩევაა, არა პროფესიონალიზმით, არამედ- ენის ცოდნით, რომელიც ბავშვებთან, შესაძლოა, საერთოდ არ გამოიყენოს. მათემატიკის მასწავლებელმა რატომ უნდა იცოდეს ინგლისური, თუ მისი სურვილი არ არის, უბრალოდ, არ მესმის."

მადონა ნიქაბაძე, პედაგოგი:- "იდეის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ქართველი მოსახლეობის ინგლისურის ცოდნის დონე ჩამოუვარდება აუცილებელს და საჭიროა ამ მაჩვენებლის გაუმჯობესება. ისიც საკითხავია, რატომ არის აუცილებელი ამ უცხო ენის შესწავლა, როცა ქვეყანაში და ზოგადად განათლების სისტემაში სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებია. კერძოდ, არ არსებობს ერთიანი პოლიტიკა, თუ რა უნდა ისწავლებოდეს სკოლაში და რა უნარები უნდა უვითარდებოდეს სკოლაში სწავლის განმავლობაში ადამიანს."

თენგიზ ასათიანი, პენსიონერი: "გაურკვეველია, საით მიდის ქვეყანა, რატომ უნდა იცოდეს ყველამ ინგლისური კარგად, არ მესმის. თუ ტურისტული ქვეყანა გვინდა გავხდეთ, ამას მთელი საქართველოს „ინგლისურიზაცია“ რაში სჭირდება, როცა ტურისტები ისედაც დაათვალიერებენ, რაც სურთ და გიდებიც ეყოლებათ. სახელმწიფომ კი ამ წამოწყებაში რამდენიმე მილიონი უნდა დახარჯოს, სჯობს უბრალო ხალხს მოგვაქციონ ყურადღება."

ლუიზა გოქსაძე, 53 წლის: "ჩემი შვილიშვილი 5 წლის შევიდა სკოლაში და ჯერ ქართულ წერა-კითხვას ძლივს სწავლობს. ყველა ერთნაირად ხომ ვერ ითვისებს ყველაფერს და კიდევ რომ ინგლისური დაუმატონ, ვერც ერთს ვეღარ ისწავლის. სხვა საზრუნავი რომ არ ჰქონდეს ჩვენს ხალხს, შესაძლებელია, ამ წამოწყებას რაღაც გამართლება მოუძებნო."

ალეკო გვეტაძე, 27 წლის: "ფილმებს საერთოდ ვეღარ ვუყურებ. არ ვიცი ეს ინგლისური და რა დავაშავე, ჩემნაირები ხომ არც ისე ცოტაა. ირღვევა ჩვენი უფლებები, თუმც მარტო აქ რომ ირღვეოდეს, ეს კიდევ არაფერი, სხვა პრობლემები რომ მოგვარებული იყოს ჩვენს ქვეყანაში."

ჩვენს ქვეყანაში რეფორმების ეპოქაა თუ ეპოქალური რეფორმები, რთული გასარკვევია, მაგრამ ფაქტია, საზოგადოების ჩართულობა ახალი ინიციატივების მიღების დროს ჯერ კიდევ მიუღწეველია. 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1833
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია