დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ოფურჩხეთის პრობლემების მოგვარებას „სოფლის დახმარების პროგრამა“ არ ყოფნის...
2010/11/29 14:02:32

ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით თვალშისაცემია სოფლის მოსახლეობის მიგრაცია ქალაქში. ამის გამო ზოგიერთი სოფელი თითქმის გაუდაბურდა. ადგილზე, სადაც წლების წინ სიცოცხლე იგრძნობოდა, ახლა მხოლოდ მგლების ყმუილი ისმის. იმისთვის, რომ შეწყდეს ეს პროცესი, სახელმწიფომ მოსახლეობას ელემენტარული ცხოვრების პირობები უნდა შეუქმნას. ამის ერთ-ერთი პირობა პროექტ „სოფლის დახმარების პროგრამის“ სრულყოფილად განხორციელებაა, რომლის მთავარი მიზანია, სოფლის მცხოვრებლებმა თავად შეარჩიონ და გადაწყვიტონ, რა არის მათთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანი.

2010 წელს, სოფლის დახმარების პროგრამით წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფურჩხეთისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 21 ათასი ლარი  გამოიყო.  მოსახლეობის  უმრავლესობას  პროგრამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. შესაბამისად, არც პრიორიტეტების შერჩევაში მიუღიათ მონაწილეობა. ხოლო ისინი, ვინც ჩართული იყვნენ ამ პროცესში, არასაკმარისად მიიჩნევენ გამოყოფილ თანხებს, თუმცა, რაც გაკეთდა ელემენტარული, დადებითად აფასებენ.

ნუგზარ სვანიძე: „თუ რამე მოხდება სოფელში, ბევრმა ადგილობრივმა მცხოვრებმა უნდა მიიღოს მონაწილეობა კრებაში და ერთად გადაწყვიტოს რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რაც აუცილებელია რომ მოგვარდეს. მხოლოდ ორი თუ სამი ადამიანის აზრი არ უნდა იმარჯვებდეს. ოფურჩხეთში ბევრი პრობლემაა, ცოტა ნიავმა თუ დაუბერა, დენი მაშინვე გვეთიშება, იმდენად ძველი ხაზებია, მოუწესრიგებელია წყლის სისტემა, უმუშევრობის გამო ძალიან გაჭირვებულია ხალხი.“

ნელი ახვლედიანი: „გასაკეთებელია როგორც ცენტრალური, ასევე შიდა გზები. კარგ ამინდში საშინელი მტვერი დგას ირგვლივ, გვესაჭიროება სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილზე, რადგან, თუ ვინმე ცუდად გახდა, სანამ მანქანა გამოივლის წყალტუბოს, ქუთაისს, სოფელ გუმათს და შემდეგ მოაღწევს ჩვენამდე, ავადმყოფი შეიძლება მოკვდეს.“

მაია, 29 წლის: „წყლის მილების გაკეთება კარგია, თუ ბოლომდე მიიყვანენ დაწყებულ საქმეს. მაგრამ, სოფელში არ არსებობს საბავშვო ბაღი, რის გამოც ჩვენი შვილები სკოლაში მოუმზადებლები შედიან. აქ ბევრი ახალგაზრდა ოჯახი ცხოვრობს და საბედნიეროდ პატარებიც გვყავს, ამიტომ აუცილებელია ბაღის გახსნა.“

ოფურჩხეთის მოსახლეობამ კიდევ ერთ მთავარ პრობლემად ქვის კარიერის არსებობა დაასახელა, რომელიც დაახლოებით 7 ადგილზე მოქმედებს. რის გამოც მთები იშლება და მათი თქმით სოფელს პრობლემებს უქმნის.

„სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში სოფელ ოფურჩხეთში 12 ათასი ლარი ახალი სასაფლაოს შემოღობვას მოხმარდა, რომელიც 7000მ კვადრატია. 3200 ლარი დაიხარჯა შიდა გზებზე ხრეშის მოყრისთვის - იგი თითქმის აღარ არის დარჩენილი გზებზე, რადგან წვიმის მოსვლის შემდეგ მთლიანად წაიღო წყალმა. დარჩენილი თანხა რამდენიმე უბანში წყლის სისტემის მოსაწესრიგებლად, მილების შესაძენად დაიხარჯა. „მოსახლეობის საერთო კრებაზე გადაწყდა, რა იყო ამ ეტაპზე გასაკეთებელი. რა თქმა უნდა, ამ თანხამ ყველა უბანი ვერ მოიცვა, მაგრამ დაუთმეს ერთმანეთს, მომავალში კი სხვას გავაკეთებთ. ვინაიდან ჩვენი სოფლისთვის მთავარი წყალია, ამიტომ დავიწყეთ მილებთან დაკავშირებით სარეაბილიტაციო სამუშაოები. რაც დაგეგმილი იყო, ბოლომდე შესრულდა. სამუშაოები დაიწყო აპრილ-მაისის თვეში და დამთავრდა აგვისტოს ბოლოს,“ - განაცხადა ოფურჩხეთის ადმინისტრაციული ერთეულის რწმუნებულმა კახა იოსელიანმა.

რაკი ამ ეტაპზე, მოსახლეობა სოფლის დახმარების პროგრამაში ჩართულობის მხრივ კმაყოფილი არ არის, იმედს გამოთქვამენ, რომ მომავალი წლისთვის მათი აზრი უფრო მეტად იქნება გათვალისწინებული.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1542
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია