დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
პოლიტიკური კრიზისი ქუთაისის საკრებულოში
2012/12/03 12:41:09

მიუხედავად იმისა, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქუთაისის საკრებულოში ორხელისუფლებიანობით გამოწვეული ვნებათაღელვის განეიტრალება, საკრებულოს თავმჯდომარის სასწრაფო რეჟიმში არჩევით,  დროებით შეძლო, წარმომადგენლობით ორგანოში პოლიტიკური კრიზისი მაინც დადგა.              

 

„ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობას წარმოადგენს, საკრებულოს სხდომებს ოპოზიციისა და სახელისუფლებო ფრაქცია „ქუთაისის“ მონაწილეობის გარეშე მართავს. ფრაქციების „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ და ქუთაისის“ წევრები კი „საკანონმდებლო იდილიის“ დარღვევას, ჯერჯერობით, არ აპირებენ.

 ქუთაისის საკრებულოში ვითარება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებისთანავე დაიძაბა. საკრებულოს მაშინდელმა ოპოზიციონერმა წევრმა და „ალიანსი საქართველოსთვის“ ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელმა მამუკა მღვდელაძემ არჩევნების შემდეგ საკრებულოში ახალი ფრაქცია „ქუთაისი“ ჩამოაყალიბა. საკანონმდებლო ორგანოში ფრაქციის შექმნისთვის საჭირო რაოდენობა მან „ნაციონალური მოძრაობიდან“ გადმობირებული დეპუტატებით შეავსო.

თავის მხრივ, დეპუტატების მიერ პარტიული რიგების დატოვებას მწვავე რეაქცია მოჰყვა „ნაციონალური მოძრაობის“ დანარჩენი წევრებისგან. შედეგად, საკრებულოს თითქმის არც ერთ სხდომას სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. საკრებულოს დეპუტატ გია უკლებასა და ფრაქცია „ქუთაისის“ თავმჯდომარის მამუკა მღვდელაძის დაპირისპირება, რომელიც ლამის ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა, ქალაქში ერთ-ერთი ხმაურიანი თემა იყო. ადგილობრივი თვითმმართველობა ხელისუფლებას „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ზეწოლაში ადანაშაულებდა, თუმცა თავად „გადაბირებული“ დეპუტატები მსგავსი ფაქტების არსებობას უარყოფდნენ და პარტიული რიგების დატოვების მიზეზად პირად შეხედულებებს ასახელებდნენ.

ქუთაისის საკრებულოში ახალი ფრაქციის შექმნისა და დეტუტატების გადმობირების მიზანი მალევე გაცხადდა. ფრაქცია „ქუთაისის“ წევრებმა „ქრისტიან-დემოკრატიული“ მოძრაობის წარმოამდგენლებთან ერთად, საკრებულოში უმრავლესობის შექმნა და საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხის დაყენება განიზრახეს. საკრებულოს ახალ თავმჯდომარედ კი მამუკა მღვდელაძე მოიაზრებოდა.

თუმცა ერთი იდეის ქვეშ გაერთიანებული ორი ფრაქციის   გეგმები  „ნაციონალებმა“ რიგგარეშე სხდომაზე ჩაშალეს. დეპუტატებმა საგანგებო სხდომაზე  საკრებულოს თავმჯდომარის ამირან ხვადაგიანის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი თავად დააყენეს და პოსტზე კვლავ მის არჩევას დაუჭირეს მხარი.

უმრავლესობის ხარჯზე თანამდებობიდან გადააყენეს საკრებულოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილე დავით დვალი. მისი პოსტი კი ქუთაისის საკრებულოს საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ მერაბ მეშველიანმა დაიკავა. შესაბამისად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამით საკანონმდებლო ორგანოში პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა და ახლა საკრებულოს სხდომებს მშვიდ ვითარებაში, ცხარე კამათისა და შენიშვნების გარეშე ატარებს. ცხადია, რომ  უმცირესობის გარეშე მუშაობა „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირ დისკომფორტს არ უქმნის.  საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან ხვადაგიანმა ოპოზიციისა და სახელისუფლებო ფრაქციის ბოიკოტს „სამწუხარო ფაქტი“ უწოდა და მათთან ნებისმიერ საკითხზე თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

თანამშრომლობისთვის მზადყოფნას კი ვერ ხედავს ფრაქცია „ქუთაისის“ თავმჯდომარე მამუკა მღვდელაძე. მისი თქმით, ბოიკოტი გაგრძელდება მანამ, სანამ საკანონმდებლო უმრავლესობა არ გამოიჩენს გონიერებას და  ქალაქის საკეთილდღეოდ არ დაიწყებს დიალოგს ხელისუფლებასთან.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამირან ხვადაგიანის პოსტზე დატოვების შემდეგ, ფაქტობრივად, კარი გამოიხურა. ასეთ რეჟიმში მუშაობა შეუძლებელია. ქალაქისთვის უამრავი საჭირბოროტო საკითხია გადასაწყვეტი. გაურკვეველია 27 მილიონის ბედი, რომელიც ქალაქმა ტრანსფერის სახით სწორედ ხელისუფლებისგან უნდა მიიღოს. თუ არ ელაპარაკები ხელისუფლებას, თანხის მოთხოვნა, როგორც მინიმუმ, უხერხული მომენტია,“ - ამბობს ფრაქცია „ქუთაისის“ თავმჯდომარე მამუკა მღვდელაძე.

ხელისუფლებასთან ბოიკოტის რეჟიმის პარალელურად კი „ნაციონალურ მოძრაობაში“ იმედი აქვთ, რომ 2013 წლის ბიუჯეტში თანხის მობილიზება მოხდება, რადგან, მათი თქმით, ახალ ხელისუფლებას კარგად უნდა ესმოდეს ქალაქის რეალური საჭიროებები.

ქუთაისის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი თემურ ცაგარეიშვილი   იმედოვნებს, რომ პოლიტიკური პროცესები ქალაქის განვითარებაზე უარყოფით გავლენას ვერ მოახდენს.

„გულწრფელად მჯერა, რომ ეს თანხა, 27 მილიონ 400 ათასი ლარი, იანვარ-თებერვალში აუცილებლად ჩაირიცხება. ადრეც ასე ხდებოდა და, იმედია,  ახალაც ასე იქნება,“ - ამბობს თემურ ცაგარეიშვილი.

აღსანიშნავია,რომ ქუთაისის ბიუჯეტი ყოველთვის დამოკიდებული იყო სატრანსფერო თანხებზე, რომელიც  ბევრად აჭარბებდა ადგილობრივ შემოსავლებს. წელსაც, ბიუჯეტის დიდი წილი სწორედ ტრანსფერზე მოდის. მომავალი წლის ბიუჯეტი  40 მილიონი ლარით განისაზღვრება. აქედან ადგილობრივი შემოსავლები მხოლოდ 13 მილიონია. დანარჩენ 27 მილიონს კი ქალაქი ცენტრალური ხელისუფლებისგან ელოდება. თუმცა, ამ საკითხზე ადგილობრივ თვითმმართველობაში არანაირი კონსულტაციები არ მიმდინარეობს.

გამომდინარე აქედან, ჯერჯერობით, გაურკვეველია, როგორ დაარეგულირებს ურთიერთობებს სახელისუფლებო ფრაქცია საკრებულოს უმრავლესობასთან. საკრებულოს ბოიკოტირებული ნაწილი მუშაობას მხოლოდ კომისიებში აგრძელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისის საკრებულოში „ნაციონალური იდილია“ კიდევ  სამი თვე არ დაირღვევა, ვიდრე საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხის დაყენება კანონით დადგენილ ვადებში არ იქნება შესაძლებელი, თუმცა სახელისუფლებო ფრაქციაში  არ   გამორიცხავენ,   რომ   „ნაციონალური მოძრაობის“ რიგების დატოვების „სერია“ გაგრძელდეს და საკანონმდებლო ორგანოში უკვე ნაცვლად ოპოზიციური უმრავლესობისა, სახელისუფლებო უმრავლესობა შეიქმნას. ასეთ შემთხვევაში კი საკრებულოს თავმჯდომარისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის დაყენება ნებისმიერ დროს იქნება შესაძლებელი.

ამას ემატება ის ფაქტიც, რომ საკრებულოს ახლად არჩეული თავმჯდომარე ამირან ხვადაგიანი მიმდინარე კვირიდან ოფიციალურ შვებულებაში იმყოფება, რაც იმას ნიშნავს, რომ წარმომადგენლობით ორგანოში ოპოზიციური უმრავლესობა ერთ ხმას კარგავს და „ნაციონალურ მოძრაობას“ მხოლოდ 12 დეპუტატი რჩება, რაც გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი რაოდენობა არ არის.

 

მარი პატარაია 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1649
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია