დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ბავშვები სახელმძღვანელოებს ისევ ელოდებიან
2010/10/25 16:19:54

დღეს რა ნოვაციების და გიგანტური ნაბიჯების ეპოქაში ვცხოვრობთ, ალბათ, შეხსენება არ გჭირდებათ.     ამ ნაბიჯების შედეგად რომ წარმოუდგენელი წინსვლა გვაქვს ნებისმიერ სფეროში, ხომ საერთოდ საიდუმლოს აღარ წარმოადგენს. ამას ტელევიზორიდან დაუზარებლად გვახსენებენ ხან პლაჟზე წამოწოლილები, ხანაც წყალში მოჭყუმპალავენი, ან თხილამურებით ხელში და ხან, საერთოდ წურბლებით კისერზე. ასე რომ, თუ სულ მალე ჩვენი ქვეყანა დიდი შვიდეულის გვერდითაც აღმოჩნდა, არ გაგიკვირდეთ.

ევროპასა და ამერიკაში ნაცადი მრავალი რეფორმის გადმოქართულებასთან ერთად, ჩვენმა ხელისუფლებამ თეორიულად ისიც იცის, რომ, მაგალითად, შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებს იმავე ევროპასა და ამერიკაში ბედნიერი ცხოვრებისთვის ყველა პირობას უქმნიან. ამიტომ, ბუნებრივია, თვითონაც აქვს სურვილი, გამოხატოს კეთილი ნება და... ასე იქმნება უამრავი სახელმწიფო პროგრამა, რომლის გაპიარებაზეც უფრო მეტი ენერგია იხარჯება, ვიდრე თავად პროგრამის შესრულებაზე.

ერთ-ერთი ასეთი ცინცხალი, პრეზიდენტისა და განათლების მინისტრის მრავალგზის გაპიარებული სახელმწიფო პროგრამა გახლავთ სოციალურად დაუცველი კატეგორიის პირველკლასელებისთვის  სახელმძღვანელოების დარიგება.

თუმცა, სანამ კონკრეტულად ამ პროგრამაზე ვისაუბრებ, მანამდე განგიმარტავთ, რომ სოციალურად დაუცველი ბავშვები დაყოფილია რამდენიმე კატეგორიად: მცირე საოჯახო ტიპის სახლებში განთავსებული ბავშვები; სიღარიბის ზღვარს ქვემოთ პროგრამაში მონაწილე ოჯახში მცხოვრები ბავშვები; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები; მინდობით აღზრდაში (შვილობილობაში) მყოფი ბავშვები, რეინტეგრაციის პროგრამაში მყოფი ბავშვები. ამ ჩამონათვალიდან, ზემოხსენებული პროგრამა ეხებოდა მხოლოდ და მხოლოდ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ბავშვებს. თუმცა, ცალკე თემაა ის, თუ ვის თვლის სახელმწიფო სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ადამიანებად. სწორედ ამ პროგრამის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე მოხდა ამ კატეგორიამინიჭებული ოჯახების გადამოწმება და პროგრამიდან ამოღება. მაგალითად, იმ ოჯახებს, რომლებსაც ჰყავთ  ხუთი შვილი და გააჩნიათ ელემენტარული საარსებო წყარო, თუნდაც იმისთვის, რომ ღუმელი დადგას და ზამთარში ბავშვები არ გაეყინოს, სახელმწიფო არ თვლის დახმარების ღირსად. ამ ოჯახის შვილებმა არ უნდა ისწავლონ, არ უნდა ჰქონდეთ მომავლის პერსპექტივა და, საერთოდ,  რა საჭიროა ამდენი ნასწავლი და განათლებული ადამიანი?

ასეა თუ ისე, უკვე ისედაც ხარვეზებით მიმდინარე სახელმწიფო პროგრამის პირველი ეტაპი დასრულდა და ბავშვთა გარკვეულმა ნაწილმა  მიიღო სახელმძღვანელოები, თუმცა ვერა და ვერ დაიწყო პროგრამის მეორე ეტაპი, რომელშიც შედიან ის ბავშვები, ვინც გაურკვევლობის გამო, გვიან მიიღო შესაბამისი (სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი კატეგორიის) საბუთი. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ბავშვები ჯერჯერობით ამაოდ ელოდებიან წიგნებს. მიუხედავად იმისა, რომ სწავლა კარგა ხნის დაწყებულია და პასუხს კითხვაზე - საერთოდ იქნება თუ არა სახელმძღვანელოები, ვერც ქუთაისის რესურსცენტრში სცემენ, სადაც, სიმართლე უნდა ითქვას, რომ საერთოდ არ უყვართ გაურკვეველი საკითხების განმარტება  და ამა თუ იმ, თუნდაც საჯარო ინფორმაციის გაცემა (აღარაფერს ვიტყვი პრესასთან ურთიერთობის კულტურაზე, რომლის შესახებ, ვფიქრობ, ამ სამსახურში წარმოდგენაც არა აქვთ).

კულუარული ინფორმაცია, რითაც აღელვებულ მშობლებს აწყნარებენ, ასეთია: სახელმძღვანელოების  შემოტანა საბაჟოზე ფერხდება. არ გაგიკვირდეთ, წიგნები ხომ საქართველოში კი არა, ინდოეთსა და ჩინეთში იბეჭდება. ჩვენთან, როგორც ჩანს, არ, ან, ვერ მოიძებნა სტამბა, რომელიც რამდენიმე ათასი წიგნის დაბეჭდვას მოახერხებდა. ზემოხსენებულ ინფორმაციას ადასტურებს გამომცემლობა „დიოგენეც“ - რომ საზღვარგარეთ დაბეჭდილი წიგნების შემოტანის შეფერხება  საბაჟოზე სხვადასხვა ტვირთის დიდი რაოდენობის არსებობას უკავშირდება. ალბათ, ეს თუ იყო მიზეზი იმისა, რომ პრეზიდენტის ტრადიციული საჩუქარი, პირველკლასელთათვის წიგნები და ჩანთები, 47 ათას პირველკლასელს მინიმუმ ერთი კვირის დაგვიანებით გადაეცათ.

წიგნების ბეჭდვა სახელმწიფო ბიუჯეტს 580 177 ლარი დაუჯდა, ჩანთების შეძენა - 700 555. ასევე უფასოდ ურიგდებათ სკოლის სახელმძღვანელოები რუსეთის აგრესიის შედეგად დროებით გადაადგილებულ ყველა მოსწავლეს კომპაქტურად ჩასახლებულ ადგილებში.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი სტატისტიკა, შესაძლებელია, უფრო კონკრეტული და დახვეწილი ყოფილი-ყო, კითხვებზე პასუხის გამცემი რომ გვყოლოდა. მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა გამოხატა კეთილი ნება და თავად პროგრამის დეტალებში გაგვარკვია. ინფორმაციის გაცემაზე უარს ამბობენ სკოლებიც: რამდენი სოციალურად დაუცველი მოსწავლე ჰყავთ, მიიღეს თუ არა სახელმძღვანელოები ბავშვებმა და, ზოგადად, როგორ ვითარდება ეს პროგრამა. თუმცა მათი დუმილი გასაგებია, თუ გავითვალისწინებთ, რომ თავად განათლების სამინისტროში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

გაურკვევლობაში მყოფმა მშობლებმა ვერ გადაწყვიტეს, შეიძინონ საჭირო სახელმძღვანელოები, თუ დაელოდონ, ამასობაში დროც გადის. სახელმწიფო პროგრამის შეფერხებას კი გავლენა ნამდვილად არ მოუხდენია წიგნის ბაზრობებზე, სადაც სახელმძღვანელოებს, მართლაც, რომ შთამბეჭდავი ფასები აქვს. პირველკლასელის სახელმძღვანელოების სრული კომპლექტი 100 ლარი ჯდება. მომდევნო კლასების - კიდევ უფრო ძვირი, ხოლო დამამთავრებელი კლასები სახელმძღვანელოთა ჯამური ფასი 200 ლარამდეც კი აღწევს.

 

მანანა ქურციკიძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1578
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია