დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
პურის ფულის დაკარგვის შიშით შეპყრობილი მოვაჭრეები
2010/03/01 13:55:58

ქუთაისში შპს „ოკეანის“ ერთ-ერთმა მეპატრონემ, ირაკლი სურგულაძემ, ხელები ცივი იარაღის გამოყენებით გადაისერა. დაშავებულმა პროტესტის ამ ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც მისი ოფისის წინა გარევაჭრობის აკრძალვა ვერ მოხდა. ირაკლი სურგულაძე ამბობს: „ჩვენ ავაშენეთ და გავაკეთეთ ევროპულ დონეზე ეს სავაჭრო ადგილი, რათა გარეთ მყოფი მოვაჭრეები აქ შემოსულიყვნენ.“ ამ უკანასკნელის პროტესტს მწვანე ბაზრის მოვაჭრეებიც უერთდებიან. მათი თქმით, „აქ არავინ შემოდის, გარეთ დგანან და იქ ყველაფერი იყიდება შედარებით იაფად, რადგან ისინი ღია ცის ქვეშ დგომაში ფულს არავის უხდიან. ჩვენ კი ამ ბაზრის პატრონს ყოველდღე ვუხდით ფულს აქ დგომაში.“

ირაკლი სურგულაძის პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა რამდენიმე დღიანი უშედეგო მცდელობის შედეგი იყო. სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს და მის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება. თუმცა მისი მოთხოვნა დღემდე იგივე რჩება.

ქალაქის ცენტრალურ უბანში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ათობით გარემოვაჭრე სოფლის პროდუქტს ყიდის. გარემოვაჭრეებისა და შპს „ოკეანის“ მეპატრონეს შორის დაპირისპირება შენობაში შესვლაზე არაერთხელ ყოფილა. ქალბატონი ნათელა, რომელიც ბაზარში შესვლაზე უარს შემდეგი მიზეზით აცხადებს:  „მე აქ კაპიკებს ვშოულობ, რომ ჩემს სამ შვილს პური ვუყიდო და ვაჭამო. გამოდის, რასაც აქ მთელი დღე ვიშოვი, მათ უნდა მივცე.“

„ჩვენ აქ წვიმაში და თოვლში ვდგავართ გაყინულები. მეც მშვენივრად დავდგები გადახურულში, ბოლოსდაბოლოს, არ დავსველდები. წვიმაში ბეჭებზე „ცელოფანი“ მაქვს შემოფარებული, რომ არ დავსველდე. მაგრამ ძვირია იქ შესვლა. ჩვენ აქ საჭმლის ფულს ვშოულობთ და ეს ლუკმაც უნდათ. რომ წაგვართვან,“ - გვითხრა ქალბატონმა მზიამ, რომელიც რამდენიმე დღის წინ მომხდარ დაპირისპირებაში აქტიურობით გამოირჩეოდა.

როგორც გაირკვა, შპს „ოკეანის“ მეპატრონეები 80 სანტიმეტრი სიგრძის ადგილზე მოვაჭრეებს ყოველდღიურად 6 ლარს სთხოვენ. ეს თანხა, მეპატრონეების თქმით, არცთუ ისე ძვირია, თუმცა გარემოვაჭრეებს ამ თანხის გადახდაც უჭირთ. გარდა ამისა, მოვაჭრეები შიშობენ, რომ ყოველდღიურ გადასახადს, შესაძლოა, საგადასახადო ინსპექციის რეიდებიც დაემატოს, რაც მათ „პურის ფულის შოვნის“ უკანასკნელ საშუალებასაც საბოლოოდ მოუსპობს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1643
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია