დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ჯერ ზამთარი და მერე - არჩევნები
2009/12/14 14:26:42

ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა, ჯერ ზამთარია და მერე - არჩევნები. ხელისუფლების მიდგომაც ლოგიკურია: ზამთარს როგორც გადავაგორებთ, ისეთივე საარჩევნო შემოდგომა გვექნებაო. ესეც მათი არაოფიციალური დასკვნაა, რომელიც იმ ღონისძიებების უკან იმალება ზამთრის სეზონის მზადებასთან დაკავშირებით თვითმმართველობაში რომ შეიმუშავეს.

მე, პირადად, შარშანდელი ზამთარი არცთუ კარგად მახსოვს. ტრანსპორტი ცუდად მუშაობდა და გაყინულ გზებზეც რამდენჯერმე დავეცი - თუმცა, ესეც სუბიექტური აზრია და აქ გავჩერდები, რადგან, რაც არ უნდა იყოს, სულ რამდენიმე დღის წინ მოვაწერე ხელი ჟურნალისტის ეთიკის ქარტიას...

ამიტომაც ძალიან მარტივი კითხვა დავუსვი თანაქალაქელებს: - როგორ გახსოვთ წინა ზამთარი და ამ ზამთრისთვის როგორ მოემზადეთ?

აი, პასუხებიც: - ზამთარი წელიწადის ყველაზე საშინელი დროა, სახლში ვერც შუქით ვთბები და ვერც გაზით, მერე გადასახადი ძალიან ბევრია, ამიტომაც მირჩევნია, სახლში ლაბადამოხურულებმა ვიაროთ მთელმა ოჯახმა. ხელისუფლების ზრუნვა არც წინა წელს მიგრძვნია და ამჯერადაც არ ველოდები,“ - ამბობს ციალა ტურძელაძე.

„ზამთრისთვის მეტ-ნაკლებად მოვემზადეთ, შეშა ვიყიდეთ, ხელისუფლებისგან რას უნდა ველოდებოდეთ, მე გარეუბანში ვცხოვრობ და, ცოტა წამოთოვს თუ არა, ტრანსპორტი მოძრაობას წყვეტს. თუ ამ კუთხით მოგვაქცევენ ყურადღებას, კარგია,“ - ამბობს როზა კიკაბიძე.

დანარჩენი პასუხებიც ზუსტად იმავე შინაარსისაა, და წერილი ვრცელი რომ არ გამოვიდეს აქ აღარ მოვიყვან.

ადგილობრივ ხელისუფლებას ზამთრის სეზონისთვის მზადება უკვე დაწყებული აქვს.

მართალია, ქუთაისელებს კარგად ახსოვთ, შარშან ზამთარში, თოვასა და ცუდ ამინდში ტრანსპორტი რომ არ მოძრაობდა, მაგრამ ხელისუფლებას სხვა მახსოვრობა აქვს: საინფორმაციო ფურცელში წერია, რომ შესაბამისი სამსახურები სისტემატურად აწარმოებდნენ გზის საფარის გაწმენდას. არ შეფერხებულა სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა.

ახალი ზამთრისთვის ძველი ზამთრისგან მონარჩენი 10 ტონა მარილი შპს „მწვანე ქუთაისის“ ტერიტორიაზე ინახება. თუმცა, ვარაუდობენ, რომ ეს საკმარისი არ იქნება და დამატებით კიდევ მინიმუმ 65 ტონა იქნება შესაძენი, დეკემბრის დასაწყისში ისიც გაახსენდათ, რომ შპს „მწვანე ქუთაისს“ ავანსის სახით 20 ათასი ლარი სჭირდება - მანქანა-მექანიზმების საექსპლოატაციო მდგომარეობაში სრულყოფილად მოსაყვანად. საერთო ჯამში, ჯერჯერობით ადგილობრივ ბიუჯეტში ზამთრის სეზონის მზადებისთვის 50 ათასი ლარია გათვალისწინებული.

ჯერ ზამთარი გვინდობს, თუმცა, შამუგიამ გადადგომამდე ბრძანების გამოცემა მოასწრო და საკოორდინაციო შტაბი უკვე შექმნილია.

ყველა სტარტზეა - „ენერგო-პროც“, „ქუთაისის წყალიც“ და „გაზიც“, მთავარია, დიდი არ მოთოვოს, თუმცა, თუ მარტოხელა ხართ და უმწეო, საცხოვრებელ სახლს ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლები გადმოგითოვლავენ.

ფურცელზე სამუშაოები ყველა სამსახურმა გადაინაწილა. ქუთაისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური ტრანსპორტის საწარმოთა ხელმძღვანელების, გადამზიდავების და ტრანსპორტის სხვა მფლობელთა მონაწილეობით შეადგენს ზამთრის პერიოდში სამგზავრო ტრანსპორტით შეუფერხებელი მუშაობის ოპტიმალურ გეგმა-გრაფიკებს, იმიტომ, რომ საღამოს საათებში ტრანსპორტის პრობლემა, ჯერ არ მოუთოვია და, მაინცაა.

კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ხეების გადაზიდვა-მოჭრის სამუშაოებს განახორციელებს და შეშის სახით გადასცემს სოციალურად დაუცველ ფენებს. აი, მოყინულ გზებზე ხრეშისა და მარილის მოსაყრელად კი ტენდერი ჩატარდება. ხიდებისა და ტროტუარების გაწმენდაზე დასუფთავების სამსახური იზრუნებს. საქმეში საგანგებო სიტუაციების მართვის, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და განათლების საქალაქო სამსახურებიც ჩაერთვებიან.

მთავარი მისია მაინც მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურს დაევალა - ზამთრის სეზონისთვის საჭირო ღონისძიებების დაფინანსება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1580
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია