დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„ჩვენ რომ სინგაპური გავხდებით, ეს კარგია...“ (?)
2009/12/07 15:40:56

ქუთაისს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ესტუმრა და საფეიქრო საწარმო „LS@I“ კიდევ ერთხელ გახსნა. საწარმო ჯერ კიდევ 2006 წელს დაფუძნდა, იგი ორი წელი მუშაობდა იჯარით აღებულ ფართობზე, თუმცა, ერთი წლის წინ პროგრამა „იაფი სესხის“ ფარგლებში დამფუძნებლებმა სახელმწიფოსგან 300000 ლარი ისესხეს და საფეიქრო საწარმო ავანგარდის დასახლებაში გახსნეს. დამფუძნებლები სოსო ლანჩავა და იუზა თევდორაძე არიან. მსუბუქი მრეწველობის საწარმოში ამ ეტაპზე 40-მდე ქუთაისელია დასაქმებული.

დამფუძნებლები პრეზიდენტთან საწარმოს გაფართოებაზე საუბრობდნენ, სადაც კიდევ 100 ადამიანს დაასაქმებენ. ამ ეტაპზე საწარმო ტექნიკურ ქსოვილებს ამზადებს. თუმცა იუზა ლანჩავას თქმით, უახლოეს მომავალში ეგრეთ წოდებული ბრეზენტის და ჯინსის ქსოვილების დამზადებასაც გეგმავენ.

საფეიქრო საწარმოს მარკეტინგის მენეჯერი ლაშა ლანჩავა ამბობს: „ტექნიკური ქსოვილებიდან დამცავ ფილტრებს ვკერავთ, რომელთაც საქართველოში ცემენტის, ფეროშენადნობი, მეტალურგიული და აგარის ქარხნები იყენებენ. პარალელურად ვქსოვთ ფართო მოხმარების ქსოვილებს. ვკერავთ სპეცდანიშნულების ფორმებს, რომლებსაც შეკვეთისდამიხედვით ვამზადებთ. მათი საბაზრო ღირებულება 25 ლარიდან 40 ლარამდე მერყეობს. ვფიქრობ, ამ ეტაპზე საკმაოდ კონკურენტუნარიანები ვიქნებით, რადგან თავად ვაწარმოებთ ქსოვილებს და ვკერავთ. ამ კუთხით კონკურენტი საქართველოში არ გვყავს. რაც შეეხება ფილტრებს, ჩვენს ბაზარზე აქამდე უკრაინას და რუსეთს შემოჰქონდათ. ახლა კი საქართველოს ბაზარი ამ ორმა ქვეყანამ ფილტრების შემოტანის კუთხით დატოვა და დღეს უკვე ჩვენ დავრჩით ბაზარზე.“

საფეიქრო საწარმო პრეზიდენტს უდავოდ მოეწონა, თუმცა მიმდებარე ტერიტორია, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ავანგარდის ტერიტორიაზე უკანონო ნაგავსაყრელად იქცა, მხედველობიდან არ გამორჩენია. პირველი განცხადება პრეზიდენტმა სწორედ ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე გააკეთა, თუმცა აქვე პირველი საყვედური ქალაქის მერს, ნუგზარ შამუგიასაც გამოუცხადა: „ეს ხალხი ყოველდღე უყურებს ამ ნაგავსაყრელს თავის საცხოვრებელი სახლიდან. მეტალურგიის ქარხანა რომ აშენდება ქუთაისში, ინფრასტრუქტურა განვითარდება და ჩვენ რომ სინგაპური გავხდებით, ეს კარგია, მაგრამ ახლა ქუთაისში ვართ. მე, თქვენს ადგილზე, მივცემდი დაინტერესებას აქ მცხოვრებლებს და ყველა ერთად გავწმენდდით ამ ტერიტორიას. თუ გინდათ, მეც დამირეკეთ და შემოგიერთდებით. მიდით, შესთავაზეთ აქ მცხოვრებ მოსახლეობას, რომ ჩვენ ეზოს გაგილამაზებთ და ეს ტერიტორია გაწმინდეთო. მათ მერიაც თუ შეუერთდება, დარწმუნებული ვარ, რომ აქ ნაგავს აღარ დაყრიან. არ შეიძლება ვისხდეთ ყელამდე ნაგავში, როგორც ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყანა აფრიკაში და თავი მოგვქონედს, რომ არგონავტების ქალაქი ვართ. ამის შემდეგ, ალბათ, ქუთაისის სადღეგრძელოებს სვამთ ყოველ საღამოს რესტორანში. კარგი იქნება, სადღეგრძელოების ნაცვლად ცოტა მეტი დრო აქ რომ დახარჯოთ,“ - განაცხადა პრეზიდენტმა (თუმცა, რას გულისხმობდა „აქ“-ში - ნაგავსაყრელს თუ ზოგადად ხალხს - გაურკვეველი დარჩა).

ქალაქის მერმა პრობლემის მოგვარების „იმედად“ აქვე მშენებარე მეტალურგიული ქარხნის მშენებლობა დაასახელა. თუმცა, რა კავშირშია ქარხნის მშენებლობა ტერიტორიის      „ცელოფნებისაგან“ გასუფთავებასთან, პრეზიდენტს ვერ აუხსნა.  შამუგიამ აქვე დასძინა, რომ ტერიტორიას გადაასწორებს, მაგრამ მიხეილ სააკაშვილს არც ეს „გამოსავალი“ მოეწონა.

პრეზიდენტს და ქალაქის მერს შორის დაძაბულობა ქუთაისის ცენტრალურ საფეხბურთო მოედანზე დათბა. აქ სპორტისა და კულტურის მინისტრ ნიკა რურუასთან ერთად საჩოგბურთო კორტების მშენებლობა დაათვალიერეს. პრეზიდენტმა საცურაო აუზები და საფეხბურთო სტადიონიც მოინახულა. აქვე ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელთან თემურ სიჭინავასთან ერთად მოედნის რეკონსტრუქციაზე ისაუბრა. რეკონსტრუქციისთვის 3 მილიონ დოლარს სახელმწიფო გამოყოფს. 14000 მაყურებელზე მოეწყობა სტადიონი, რომელიც „ფიფას“ სტანდარტებს დააკმაყოფილებს.

მშენებლობა ადრე გაზაფხულზე დაიწყება და, სავარაუდოდ, 2 წელიწადში დამთავრდება.

პრეზიდენტმა დაგეგმილი კიდევ ერთი ქარხნის გახსნა ამჯერად განუსაზღვრელი ვადით გადადო. თუმცა ნუგზარ შამუგია მოსახლეობისადმი გულგრილობაში მას შემდეგ კიდევ ერთხელ დაადანაშაულა, რაც მარინა უგულავა-ცინდელიანის ოჯახს ესტუმრა. მრავალრიცხოვან ოჯახს პრეზიდენტმა შეშის ღუმელი აჩუქა.

რატომ „გაუწყრა“ პრეზიდენტი ქალაქის მერს მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნების წინ, გაურკვეველი დარჩა. მიხეილ სააკაშვილი „კარგად მომზადებული“ ჩანდა, მაგრამ შამუგიას ამ ეტაპზე ბოლომდე „გაწირვას“ პიარის ეს ნაწილი, ალბათ, არ ითვალისწინებდა...

P.S. ქუთაისის მერმა, ნუგზარ შამუგიამ, მერიის თანამშრომლებთან ერთად ქალაქის გარეუბნების დასუფთავება პრეზიდენტის სტუმრობიდან მეორე დღესვე დაიწყო. დასუფთავების აქციაში ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტი და მუნიციპალიტეტებიც ჩაერთვნენ. ნიკეას მარჯვენა დასახლების მიმდებარე ტერიტორიის და ავანგარდის დასახლებაში უკანონო ნაგავსაყრელის დასუფთავების აქციაში ადგილობრივი მოსახლეობაც მონაწილეობს. ტრანსპორტი ნარჩენების  გატანისთვის  მერიამ  გამოყო.  როგორც  ქალაქის  ხელისუფლება აცხადებს, ქალაქის დასუფთავების მიზნით ასეთი აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1566
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია