დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„5000-ლარიანი მინიგრანტების მიზნობრიობა აუცილებლად გაკონტროლდება, ანუ სახელმწიფოსგან მოცემული ფულით ვერც სამოგზაუროდ წახვალთ და ვერც მანქანას იყიდით...“
ავტორი: ნატო გუბელაძე
2014/10/06 15:29:46

საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მთავრობის ინიცირებულმა პროექტმა „აწარმოე საქართველოში“, რომელიც ახლახანს კიდევ ახალი კომპონენტებით შეივსო და სახალხო პროექტის სახე მიიღო.


კონკრეტულად რას ითვალისწინებს პროექტის თითოეული კომპონენტი, რა სიახლეებია დაგეგმილი მიკრობიზნესის სტიმულირებისათვის და ვის შეუძლია, მიიღოს 5000-ლარიანი მინიგრანტები, - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ინტერვიუ ვთხოვეთ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორს, ბატონ გიორგი ციკოლიას.

 

 

***

- ბატონო გიორგი, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის სამინისტრო  თავისი პროექტების პრეზენტაციებს ახდენს რეგიონებში, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც უცნობია ის დეტალური მოთხოვნები, რაც საჭიროა იმისათვის, რომ ჩაერთონ ისეთ პროექტებში, როგორიცაა „აწარმოე საქართველოში“ და ასევე, ახლახანს გამოცხადებულ სახალხო პროექტში, რომელიც მიკრობიზნესის სტიმულირებას ითვალისწინებს. გთხოვთ, უფრო დეტალურად გვესაუბროთ ამ პროექტებზე.

 

- კი, ბატონო,  დავიწყებ თავიდან: 2014 წლის მაისში ჩამოყალიბდა მეწარმეობის განვითარების სააგენტო,  ხოლო ივნისიდან პრემიერ-მინისტრის პირადი ინიციატივით ამოქმედდა მთავრობის ინიცირებული პროგრამა „აწარმოე საქართველოში“. ეს პროგრამა მოიცავს სამ ძირითად კომპონენტს:

 

პირველი კომპონენტი - ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გამარტივება

 

როგორც ვიცით,  ბანკში კრედიტის აღების დროს წინასწარ განსაზღვრულია კრედიტის საპროცენტო განაკვეთი და ამ შემთხვევაშიც, სესხის მოცულობიდან გამომდინარე, დადგენილია საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზღვარი 11-13%-მდე. ჩვენ მზად ვართ, რომ ამ განაკვეთიდან  10 პროცენტი დავაფინანსოთ პირველი ორი წლის განმავლობაში.

 

ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი ორი წლის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთი, პროგრამაში ჩართული პირისათვის მერყეობს 1-დან 3 პროცენტამდე.

 

გარდა ამისა, ბანკის მიერ მოთხოვნილი უზრუნველყოფის 30% არის გარანტირებული ჩვენის მხრიდან, რაც თავისთავად მეწარმეს უმცირებს პროექტის წამოწყების ხარჯებს.

 

აქვე მინდა ავღნიშნო, რომ არსებული პროგრამა განკუთვნილი იყო მხოლოდ ახალი საწარმოს შექმნისთვის, თუმცა მოთხონის შესაბამისად, პროგრამის დებულებაში შევიდა ცვლილება და ამ კომპონენტით სარგებლობა უკვე არსებული ბიზნესის, ანუ საწარმოს გადაიარაღების და გაფართოების მიზნითაც არის შესაძლებელი.

 

- ანუ პირველი ორი წელი მეწარმე პროცენტს არ იხდის?

 

- პირველი 2 წლის განმავლობაში ბანკი უწესებს მეწარმეს საშეღავათო პერიოდს და მას არ უწევს ძირი თანხის დაფარვა, ამასთანავე პრაქტიკაში არსებობს კარგი შემთხვევები, როდესაც ბანკმა პირდაპირ 10%-ში დაამტკიცა სესხი, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში მეწარმეს არ უწევს არც პროცენტის და არც ძირი თანხის დაფარვა.

 

მეორე კომპონენტი - ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა

 

მათთვის, ვისაც გააჩნიათ კაპიტალი და სურთ საწარმოს გაკეთება, ჩვენ ვთავაზობთ სახელმწიფო ქონებას, რომლებიც გვინდა, რომ საწარმოდ ვაქციოთ. მობრძანდით, აირჩიეთ შესაბამისი ნუსხიდან ის ადგილი, რომელიც თქვენთვის მისაღებია და გვითხარით, რისი გაკეთება გსურთ.

 

 დაგვიდეთ ბიზნეს-გეგმა, მოიტანეთ საინვესტიციო  ღირებულების 10 პროცენტიანი საბანკო გარანტია, რომლითაც დავრწმუნდებით, რომ  გაგაჩნიათ რესურსი, რომ ეს პროექტი განახორციელოთ.

 შედეგად, თუ ქონება თბილისში იქნება არჩეული, ამ ქონების ღირებულების ექვსმაგი ინვესტიციის განხორციელების ვალდებულებას აიღებს ბიზნესმენი, ამ ქონებას ჩვენ სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, გადავცემთ. რეგიონის შემთხვევაში - ოთხმაგი  ინვესტიციის ოდენობაა საჭირო. 

 

 ქონების ღირებულება 30 000 ლარიდან იწყება და, დაახლოებით, მილიონნახევრამდე ადის.

ქონების ჩამონათვალი ჩვენს ვებ-გვერდზეა განთავსებული, რომელიც ამ პროგრამისთვის შეიქმნა www.qartuli.ge

 

მესამე კომპონენტი - საკონსულტაციო მომსახურება

 

პროგრამის მესამე კომპონენტი გულსხმობს საკონსულტაციო მომსახურებას. თუმცა, მესამე კომპონენტი მიბმულია პირველ ორ კომპონენტზე. ანუ ბენეფიციარმა ან პირველი ან მეორე კომპონენტის ფარგლებში უნდა მიიღოს მონაწილეობა.

 ამ შემთხვევაში,  საკონსულტაციო მომსახურებისთვის ერთ ბენეფიციარზე განსაზღვრული თანხა  შეადგენს 10 000-20 000 ლარს. ამისთვის ჩვენ გამოვიყენებთ საკონსულტაციო კომპანიებს, პროფესიონალ კადრებს და ასე შემდეგ.

 

- ბატონო გიორგი, ახლა ვისაუბროთ ახალ სახალხო პროექტზე, რომელიც 5000 ლარის გაცემას ითვალისწინებს მიკრობიზნესის წასახალისებლად. როგორ მოხდება ამ პროექტის განხორციელება, რა პრინციპით შეირჩევიან დასაფინანსებელი ადამიანები და რა ვალდებულებები უნდა იკისრონ მათ?

 

- მიკრო ბიზნესის პროგრამის ფარგლებში, რომელიც ასევე თანამონაწილეობრივია, თითოეულ მეწარმეზე გამოყოფილი იქნება 5000 ლარის ოდენობის ფინანსური მხარდაჭერა. აქ თანამონაწილეობა დაინტერესებული პირის მხრიდან თანხის 20 პროცენტი იქნება.

 

პროგრამის განსახორციელებლად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ს.ს.ი.პ. მეწარმეობის განვითარების სააგენტო მოიწვევს კვალიფიციურ არაკომერციულ იურიდიულ პირებს, რომლებიც მოგებაზე არ არიან ორიენტირებულნი და ტენდერის მეშვეობით შეარჩევს შემსრულებელ ორგანიზაციას.

პოტენციური ბენეფიციარი ვალდებული იქნება, გაიაროს  სპეციალური ტრეინინგი. დაფინანსების შემთხვევაში, თანხის მიზნობრივ ხარჯვას მონიტორინგს გაუწევს შემსრულებელი ორგანიზაცია, ხოლო საბოლოო შედეგებს მონიტორინგს გაუწევს მეწარმეობის განვითარების სააგენტო.

 

5000-ლარიანი მინიგრანტების მიზნობრიობა აუცილებლად გაკონტროლდება, ანუ სახელმწიფოსგან მოცემული ფულით ვერც სამოგზაუროდ წახვალთ და ვერც მანქანას იყიდით...

 

- პროექტი ოქტომბრიდან იწყება, თუმცა რა ვადებში განხორციელდება?

 

- მიკრობიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 20 მილიონ ლარს, განხორციელდება 26 თვის განმავლობაში და დაფინანსდება ნებისმიერი სახის ბიზნესი მთელი საქართველოს მასშტაბით, გარდა თბილისისა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5305
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია