დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„მე პრეზიდენტი „ბაევიკი“ კი არ მინდა, არამედ - დიპლომატი“ - აცხადებს ლოთი ქობალია
2009/10/14 14:00:39

ზურაბ ნოღაიდელის განცხადება პარტიის ახალი წევრის შესახებ, კვირის სკანდალური ფაქტი აღმოჩნდა. ლოთი ქობალია კვლავ პოლიტიკაშია. ეროვნული დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი და დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის მარჯვენა ხელი ამჯერად სხვა პოლიტიკური დატვირთვის მქონე პარტიასთან თანამშრომლობას იწყებს.

 

როგორია მისი პოლიტიკური მომავალი და რა გეგმები აქვს მას უახლოეს მომავალში, ამაზე თავად ლოთი, იგივე ვახტანგ ქობალია გვესაუბრება. 

- ბატონო ვახტანგ, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი მოღვაწეობა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში?

- ჩემი მოღვაწეობა ქართულ პოლიტიკაში მხოლოდ და მხოლოდ სამართლიანად წარიმართება და არ იქნება არანაირი დარღვევები. ვფიქრობ, ჩემს ერს მხოლოდ სწორი პოლიტიკა გააერთიანებს. სხვანაირად ვერ წარმომიდგენია ჩვენი ქვეყნის მომავალი.

- არჩევანი თავად გააკეთეთ, რომ ზურაბ ნოღაიდელის გვერდით ყოფილიყავით?

- დიახ, არჩევანი მე გავაკეთე. მართალი რომ გითხრათ, მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსათვის“ არის ჩემი ჰობი. ჰობია ბრძოლა სამართლიანი საქართველოსათვის. გეტყვით, რომ ამ ორგანიზაციის ჩამომყალიბებელს ძალიან დიდ პატივს ვცემ.

- პოლიტიკაში თქვენი გამოჩენის შემდეგ ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდა. ერთი მათგანი ჟურნალისტ ბოლქვაძის მკვლელობას ეხება. თქვენი წარსულის ფონზე, რამდენად მომგებიანი იქნება თქვენი პოლიტიკური ფიგურა პარტიისთვის?

- ჩემი წარსულით მე ვამაყობ. მე ჩემი წარსულით მართალი ვარ ჩემი ხალხის და ქვეყნის წინაშე და ამ სიმართლით ჩემს მომავალს ეცხოვროს. მიმაჩნია, რომ მაშინ ყველაფერი გავაკეთე ისე, როგორც მართალი და სწორი იყო.

- თქვენ პოლიტიკურ მოღვაწეობას ზუგდიდში გააგრძელებთ?

- მე ვიქნები იქ, სადაც საჭირო იქნება ჩემი ყოფნა. სულ ერთია, ეს სად იქნება - თბილისში, ზუგდიდში, კახეთში, აჭარაში, აფხაზეთში თუ სამაჩაბლოში. ვინც მე პირადად მიცნობს, ყველა დარწმუნებულია იმაში, რომ მე ჩემს საქმეს გავაკეთებ.

- დაიწყეთ უკვე პოლიტიკური მუშაობა რეგიონში?

- მე პოლიტიკურ საქმიანობაში 1963 წლიდან ჩავები, როცა ჩემი ოჯახის წევრები დააპატიმრეს. მაშინ, რაც გვქონდა, ყველაფერი ჩამოგვართვეს. ეს ხრუშჩოვის მოღვაწეობის პერიოდი იყო და სწორედ მაშინ დავიწყე საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა. ამ ეტაპზე სამეგრელოს რეგიონის რაიონებში დავდივართ და პარტიის რაიონულ ორგანიზაციებს ვაყალიბებთ. პარალელურად კი ვემზადებით არჩევნებისათვის.

- თქვენ იყავით ადამიანი, რომელიც იდგა ზვიად გამსახურდიას გვერდით, დღეს კი ზურაბ ნოღაიდელის პოლიტიკურ პარტიაში აქტიურ წევრად მოიაზრებით. ნოღაიდელის და გამსახურდიას პოლიტიკური ხედვები საკმაოდ განსხვავებულია...

- ზურაბ ნოღაიდელი აღმოჩნდა ის ერთადერთი პიროვნება, რომელსაც იარაღი არ უსვრია არც ჩვენი ხელისუფლებისათვის და არც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. მან სურვილი გამოთქვა, ეროვნულ საწყისებზე გაამაგროს და ააშენოს ქართული პოლიტიკა. ნოღაიდელს უნდა, ქართული ტრადიციები აღადგინოს, ხელი შეუწყოს კულტურის და ხელოვნების განვითარებას.

- თქვენ აფხაზეთისა და ცხინვალის ბრძოლების აქტიური მონაწილე იყავით. მაშინ საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობა გეჭირათ. როგორ ფიქრობთ, დაუბრუნდება აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოს ტერიტორიულ საზღვრებს?

- დღეს, როდესაც დაპირისპირებაა ქვეყნის შიგნით, ქართული ტერიტორიების დაბრუნებაზე საუბარი ძნელია. ამ დაპირისპირებას ვერ მივესალმები. ზვიად გამსახურდია მე იმიტომ მიყვარდა და ვედექი გვერდით, რომ მან უსისხლოდ და უმტკივნეულოდ გამოგლიჯა იმპერიას დამოუკიდებელი საქართველო. ეს ბატონი ზვიადის ყველაზე დიდი ნამოღვაწარია, რაც კი გააკეთა. მე პრეზიდენტი „ბაევიკი“ კი არ მინდა, არამედ - დიპლომატი, რომელიც სწორი პოლიტიკით წარმართავს ქვეყნის დამოუკიდებლობას და არ დააპირისპირებს ერთმანეთს ჩვენს კუთხეებს.

- თუკი არჩევნებში თქვენი პარტია წარმატებას მიაღწევს, თქვენ რა ადგილს, რა თანამდებობას დაიკავებთ?

- ასე თუ ისე, მე მაქვს ჩემი ავტორიტეტი. მე ვუყვარვარ ისევ იმ ხალხს, ვინც 1991 წელს ქვეყნის დამოუკიდებლობას ხმა მისცა. აქედან გამომდინარე, მინდა ჩემი ავტორიტეტი გამოვიყენო და ახალგაზრდები, რომლებიც არიან ნიჭიერები და აქტიურები, გვერდით დავიყენო. მე არანაირი თანამდებობა არ მინდა და არც ვითხოვ. პოლიტიკაში თანამდებობის გულისთვის არ ვიბრძოლებ. ჩემი მიზანი სამართლიანობისთვის ბრძოლაა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1685
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია