დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ნიკეაზე ნაგვის „უკმარისობაა?“
2009/07/31 20:16:16

ყოველი ზაფხულის მოსვლას ნიკეას ბოლოს მცხოვრებნი შიშითა და გულისფანცქალით ელიან. ქარს ხომ ნამდვილი თავსატეხი გაუჩენია მათთვის. ჰაერში მოფრიალე სხვადასხვა სახის ნაგავი მათ ფანჯრებს ელამუნება და ოთახში შესვლასაც ლამობს... თუ შეაღწია, „შესაშურ“ სურნელს ტოვებს.

 

ნიკეაზე არსებულ ნაგავსაყრელთან ახლოს, მაღალსართულიან კორპუსებში მცხოვრებნი, უკვე ათეული წლებია, პრობლემებს ვაჟკაცურად უმკლავდებიან. ანუ უძლებენ იმ სუნსა თუ კვამლს, რომელმაც ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება გააუარესოს ან სავალალო შედეგამდეც კი მიიყვანოს. პრობლემის მოგვარება დღემდე ვერ ხერხდება...     „შვილო, იმდენი ფული ვის აქვს, ზამთარში ან ზაფხულში სადმე დასასვენებლად წავიდეს. ზოგჯერ 50 თეთრიან „კაპლსაც“ ვერ ვყიდულობ. არადა, მითუმეტეს აქ მყოფთათვის ჰაერის გამოცვლა აუცილებელია. ჩემი თავი ჯანდაბას, 76 წლის ვარ და დღემდე აშმორებული ჰაერით ვსუნთქავ, მაგრამ ახალგაზრდები მაინც არ ეცოდებათ?! აქაურობის გამო სულ ავად ვარ, ხან რა ვირუსი აღმომაჩნდება ხოლმე და ხან რა!“ - შემოგვჩივლა ქალბატონმა ლამარა კოშაძემ.

ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში გვითხრეს (სიტყვა-სიტ-ყვით) „დასუფთავების სამსახურს ძველი უფროსი არ ჰყავს, ახალი ჯერ არ დაუნიშნავთო.“ ჩვენც ამ სამსახურის მთავარ სპეციალისტთან ნუგზარ კილაძესთან გადაგვამისამართეს. მის კაბინეტში არცთუ მცირე ხნის ლოდინის შემდეგ უფროსიც შემოგვიერთდა (სადაც მისი თანამშრომლები სხვადასხვა კომპიუტერული თამაშებით იყვნენ დაკავებულნი). ჩვენი სტუმრობის მიზეზის გაგების შემდეგ ბატონ ნუგზარს გაეცინა და გაოცებულმა გვითხრა: „ნაგავსაყრელის პრობლემა კომუნისტებმა ვერ მოაგვარეს და ჩვენ - რა?“ - თან, გაღიმებულმა, გაკვირვებით დაუმატა: „მოსახლეობა უკვე იმ ნაგავსაც და ნაგავსაყრელის სუნსაც შეეგუა, ამდენად, ეს მათთვის უცხო არ უნდა იყოს,“ - ასეთია დასუფთავების სამსახურის მთავარი სპეციალისტის პასუხი.

ის, რომ მოსახლეობას უკვე ათეული წლებია აწუხებს და, მათივე თქმით, იტანჯებიან ნაგავსაყრელზე არსებული მდგომარეობით, დასუფთავების სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა ურბანიზაციას დააბრალა: „თავის დროზე გონივრულად არ იქნა შერჩეული ეს ადგილი დასასახლებლად. ნაგავსაყრელს სხვაგან ვერ გადაიტანენ, ამიტომ ცოტა მოთმინება მართებთ,“ - აცხადებს კილაძე.

80 წელს მიღწეული შოთა გედენიძის თქმით: „უამრავი პრობლემა მაწუხებს, მაგრამ ეს (ნაგავსაყრელი) მეტისმეტია! რა გახდა ასეთი, ამდენ რაღაცას ანგრევენ და აშენებენ, ამისთვის კი ვერაფერი მოუხერხებიათ. მეხუთე სართულზე ვცხოვრობ. ფანჯარა თუ ღია დამრჩა, ქარი რომ დაუბერავს, სახლს ნაგვით ავსებს. სანამდე უნდა ვითმინოთ, არ ვიცით, აქ აირწინაღებით უნდა იარო,“ - გვითხრა ბატონმა შოთამ და ნელი ნაბიჯებით გზას გაუყვა.

„ნაგავსაყრელის „დამსახურებით“, დღემდე მარტო ვცხოვრობ, შვილო. ჩემმა შვილმა ცოლი რომ შეირთო, ამ სუნის გამო თბილისში გადავიდნენ, სადაც ქირით ცხოვრობენ. შვილიშვილების ნახვა მენატრება. აქ არ მოდიან, ეშინიათ, ბავშვებს, რამე ინფექცია არ შეეყაროს. მგონი, ისე ამომხდება სული, რომ ჩემს სიკვდილს კაი ხანს ვერავინ გაიგებს,“ - თვალცრემლიანი გვიყვება 80 წელს მიღწეული თალიკო ძოწენიძე.

ნუგზარ კილაძის თქმით, ადრე დასუფთავების სამსახური უცხოელ ინვესტორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა - ნაგავსაყრელზე ქარხნის აშენებასთან დაკავშირებით, მაგრამ საკმარისი რაოდენობით ნარჩენი არ აღმოჩნდა, ამიტომ არ აშენდა.               „წვის ქარხნის აშენება 1 მილიონამდე მცხოვრებიანი ქალაქისთვის არის განკუთვნილი, ქუთაისში კი, არც ვიცი, რამდენი ადამიანი ცხოვრობს, ალბათ - 100-150 ათასი, ამიტომ ეს შეუძლებელია. დღეისთვის კი მიმდინარეობს 2-3 დღეში ერთხელ ნარჩენების გატანა ანუ უტილიზაცია. იქ (ნაგავსაყრელზე) აუცილებელია მეთანის გადამამუშავებელი სამსახურის აშენება, რომელიც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. შიგნით გზა რომ გაკეთდეს და მანქანა შევიდეს, ამისთვის 5 მილიონამდე ლარია საჭირო. რაც ჩვენ არ გაგვაჩნია... დაფინანსება დასუფთავების სამსახურს სულ 1 მლ. 800 ათასი აქვს. დასუფთავებიდან შემოსული გადასახადი კი დაახლოებით 1 მლ-ია. ამ თანხებით ვერაფერს გავხდებით. მითუმეტეს, ნაგავსაყრელის პრობლემა მარტო ჩვენ კი არა, ყველა ქალაქს აწუხებს. მათ შორის - თბილისსაც და ბათუმსაც. დიდი ხანია, რუსთავიც ცდილობს ამ პრობლემის მოგვარებას, მაგრამ ვერაფერს აკეთებს,“ - აცხადებს ბატონი კილაძე.

ჩვენს კითხვაზე, გაუწევს თუ არა ცენტრალური ხელისუფლება ფინანსურ დახმარებას ქუთაისის დასუფთავების სამსახურს, გვიპასუხა: „ცენტრალური ხელისუფლებისთვის პრიორიტეტები მშენებლობა და კეთილმოწყობაა და არა - ნაგავსაყრელი.“

ნიკეას ნაგავსაყრელზე სხვადასხვა სახის ნარჩენები დღეისთვის, როგორც გავარკვიეთ, მხოლოდ ქუთაისიდან და წყალტუბოდან შემოდის. რამდენიმე წლის  წინ   კი   ბაღდათს და ვანსაც „ემსახურებოდა“.  კილაძის  თქმით, ამ ორ რაიონს ძვირი უჯდება ნაგვის შემოტანა და ამიტომ შეწყდა. ქუთაისელი ქალბატონი ნანა მიქაძე გვეუბნება: „მე ვიცნობ უსახსრო ადამიანებს, რომლებიც სპეციალურად მოდიან აქ და პოლიეთილენის ბოთლებს აგროვებენ, რათა ჩააბარონ სადმე და სახლში პური მიიტანონ. მირჩევნია, ამ ხელისუფლებისგან მივიწყებულ, გაჭირვებულ ადამიანებს ფულით დავეხმარო, ვიდრე - ჩემგან გადაყრილი ბოთლებით. ამიტომ ბოთლებს ვჭრი და ისე ვათავსებ ნაგვის ურნაში, ორი-სამი კაცის გულდაწყვეტა სჯობს იმას, რომ ათასობით ადამიანი დაიწამლოს,“ - გვითხრა ქალბატონმა ნანამ. მისივე ინფორმაციით, ასე აკეთებს კიდევ რამდენიმე მეგობარი და მოუწოდებენ საზოგადოებას, ასე მოიქცნენ, როცა ბოთლებს ნაგავში ყრიან.

ნიკეას ნაგავსაყრელზე „პრობლემის მოგვარებით „დაინტერესებული“ აღმოჩნდა ქუთაისის ვიცე-მერი. ზაზა ნუცუბიძე რამდენიმე დღეში ოფიციალური ვიზიტით იტალიაში მიემგზავრება ერთ-ერთ ფირმასთან მოსალაპარაკებლად (რომლის სახელიც არ იცის). „უახლოეს დღეებში იტალიელების მოწვევით მივდივარ, მაგრამ წინასწარ არ ვიცი, რამდენად ნაყოფიერი იქნება ჩემი ვიზიტი, ვნახოთ, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს და ნუ ვიქნებით სულსწრაფები,“ - განაცხადა ზაზა ნუცუბიძემ.

კილაძისა და ნუცუბიძის პასუხების შინაარსი რომ გავაცანით ნიკეას მოსახლეობას, ასე გვიპასუხეს: „აქ თუ ნაგავი არაა სამყოფი და ჩვენ კი სულსწრაფები ვართ, მაინც არ ყოფილა საშველი და ეგაა!“

აქ დღეში 120-130 მანქანა ნაგავი შემოდის და მიმოფანტულია მთელ პერიმეტრზე. ნაგავსაყრელით შეწუხებული მოსახლეობაც მორჩილად ელის დღეს, როცა ეს პრობლემა მოგვარდება.

თუმცა, უსაზღვრო ნამდვილად აღარაა მათი მოლოდინი...

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1521
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია