დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ჩავარდნამდე მისული პროგრამა დასრულდა
2009/07/27 13:11:24

ბოლოს ჯანდაცვის სამინისტრომ ძალიან მოინდომა და სამინისტროს პოლიტიკისა და პროგრამების დეპარტამენტის თანამშრომლებმა რეგიონებში დირექტივები ჩაიტანეს საინფორმაციო კამპანიის გააქტიურებაზე. სოფლის რწმუნებულებმა კი ამის საფუძველზე საკუთარი სოფლები ფეხდაფეხ მოიარეს და დაზღვევის სიკეთეში მოსახლეობას არწმუნებდნენ. ვინც დარწმუნდა, უბედური დღისათვის 20 ლარიც გადადო, დაზღვევის პროგრამა ხომ მეტწილად უბედურ და ნაკლებად გეგმიურ შემთხვევებს აფინანსებს.

სადაზღვევო ინერტულობა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა იმერეთში, თემურ იმედაძემ ქართველი კაცის განსაკუთრებულ ოპტიმიზმს დააბრალა. „ის არ ფიქრობს, რომ ლეღვზე ან ტყემალზე ავა და ხიდან ჩამოვარდება, სწორედაც აკეთებს, ანკი ცუდზე და უბედურებაზე რატომ უნდა იფიქროს?“

ნაკლებ სადაზღვევო აქტიურობაზე საკუთარი არგუმენტი აქვს სოციალური სუბსიდიების სააგენტოს იმერეთის საკოორდინაციო ცენტრის უფროსს აპოლონ ფოჩხუასაც:

„როგორც კი საქმე იქამდე მივა, რომ რაღაც ფასიანია, მერე ის აღარ უნდათ“.

ოპტიმიზმის გარდა, დაზღვევის სურვილს ხელი სოციალურმა მდგომარეობამაც შეუშალა და ხმებმაც - პროგრამის არაეფექტურობის შესახებ.

საბოლოო ჯამში, დაზღვევის სტატისტიკა იმერეთში 20 ივლისისათვის ასეთია: იმერეთში სულ 18900 ადამიანი დაეზღვია, ქუთაისში კი 2678 მოქალაქე. „ალდაგი ბი სი აი“-მ 710 ადამიანი ქუთაისში დააზღვია, მას იმერეთის რაიონებში დაზღვეულები არ ჰყავს, სამაგიეროდ, ყველაზე მეტი ადამიანი „ირაომ“ მოიზიდა- 13669, „ჯი პი აი ჰოლდინგმა“ - 2205, „სახალხო დაზღვევამ“ - 888, „აი სი ჯგუფმა“  - 10, „არქიმედეს გლობალ ჯორჯიამ“ - 46, „ტაო-657“, „იმედი L internacional“ - 579. შედარებითი სტატისტიკისათვის 5 ივნისის უფრო უიმედო ციფრებიც არსებობს. ამ დროისათვის ქუთაისში 1329 დაზღვეული იყო, ხოლო მთლიანად იმერეთში - 3640. სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული მომსახურება კი, წესით, ასეა გაწერილი:

უბედური შემთხვევის შედეგად საჭირო სამედიცინო მომსახურება 100 %-ით - 5000 ლარით ფინანსდება.

 გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება ღირებულების 50%-ით და არაუმეტეს 1000 ლარით დაფინანსდება.

გადაუდებელი ამბულატორული მომსახურება 300 ლარით დაფინანსდება. პირველადი ჯანდაცვის დონეზე ექიმთან ვიზიტი ულიმიტოა და 100 %-ით დაფინანსდება. რაც შეეხება კლინიკო-ლაბორატორიულ კვლევებს, სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, გლუკოზა სისხლში და კრეატინინი წელიწადში ორჯერ უფასოა. ასევე უფასოა და წელიწადში ორჯერ 100%-ით ფინანსდება ელექტროკარდიოგრაფიაც

თუ როგორ შესრულდება იაფი დაზღვევის პროგრამა, ამას მონიტორინგიც დასჭირდება. ჯერჯერობით, იმერეთში ასეთი სტრუქტურა არ არსებობს, თემურ იმედაძის თქმით კი, მედიაციის სამსახური თბილისში უკვე შექმნილია და ქუთაისშიც მალე გაიხსნება. სწორედ ამ სამსახურმა უნდა მოაგვაროს დამზღვევსა და დაზღვეულს ან სამედიცინო დაწესებულებას შორის ურთიერთობა. მანამდე კი, ალბათ, ჯანდაცვის სექტორიც უფრო მეტად ინფორმირებული გახდება, რა სერვისი უნდა გაუწიონ მოქალაქეებს და - რა განწყობით.

როცა პროგრამის შესახებ მოქალაქეთა ნაკლებ ინფორმირებულობაზე ისაუბრა, „იაფი დაზღვევის“ პროგრამის ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა იმერეთში ისიც აღნიშნა, რომ თვითონ ჯანადაცვის სექტორშიც, ექიმებსა და სამედიცინო პერსონალს შორის ნაკლები ინფორმაცია არსებობდა პროგრამის შესახებ.

სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩიკაშვილი კი პროგრამის წარუმატებლობას სხვადასხვა მიზეზით ხსნის. ერთ-ერთი - საზოგადოებრივი ელემენტის არქონაა, რის გამოც ადამიანები დაზღვევას შეუჩვეველნი არიან. „იაფი დაზღვევის“ მიმართ დღევანდელ დამოკიდებულებამდე არასწორმა მოლოდინმა მიგვიყვანა,“  - აცხადებს ხეჩიკაშვილი. - „წინასწარმა გათვლამ უხერხულ სიტუაციაში ჩაგვაგდო, თავის დროზე რომ არ გვეფიქრა, 500000 ადამიანი დაეზღვევაო, 80000 ათასს პოზიტიურად შევაფასებდით. უნდა გაეთვალისწინებინათ, რომ დრო უნდა ყველაფერს, მაგრამ გათვლებში შეცდნენ. წარმოიდგინეთ, სადაზღვევო ინდუსტრია წინასწარ აპირებდა გარკვეული ვადით პავილიონის დაქირავებას, იმდენი ხალხი მოაწყდება კომპანიას, რომ ვერ ავიტანთო, მაგრამ განწყობებში მოტყუვდნენ.“

პროგრამაში მოხვედრა დასრულდა, პროგრამის სიკეთე კი ბენეფიციარებმა აწი უნდა იგრძნონ. თუმცა ერთი ინვალიდი ქალბატონი ჩვენთან ჩიოდა, რომ ის კომპანიამ ამ პროგრამის ფარგლებში არ დააზღვია...

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1611
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია