დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
სახლი ფეკალიაზე
2010/04/19 13:12:34

ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ქუთაისში ავტოქარხნის სამხრეთ დასახლებაში, ხარებავას ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას აქვს - კანალიზაციაა. არჩევნები მიდის, მოდის, მაგრამ ამ ქუჩის პირველ ნომერ კორპუსს მაინც არ ეშველა. მდგომარეობა მეტად რთულია: ფეკალურმა მასებმა მიწის ზემოთ ამოსვლა დაიწყო. მოკლედ რომ ვთქვათ, ბინამ თითქმის ცურვა დაიწყო ამ მასაში... შეშფოთებულ მოსახლეობას სურს, ყურადღება მიაქციონ, მათ ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება!

 

ამ კორპუსის მცხოვრები ქეთინო ძინძიბაძე:

„როგორც იქნა, მოვიდა ნამდვილი გაზაფხული, დავაღეთ ფანჯრები იმის იმედით და მოლოდინით, ამ ჩვენს ნაზამთრალ, დანესტიანებულ ოთახებში სასიამოვნო სურნელი შემოჭრილიყო, სიცოცხლის ხალისი შეგვმატებოდა... ხოდა, იმედგაცრუებულმა, მხოლოდ გადახედვა თუ მოვასწარი ეზოში, ფანჯარა სწრაფად მოვიხურე...

უკვე მერამდენე წელია, ავტოქარხნის სამხრეთ დასახლების მცხოვრებნი უპატრონოდ და ყველასგან მიტოვებულად ვგრძნობთ თავს.იმდენადაა მოშლილი საკანალიზაციო სისტემა,რომ ფეკალური მასები პირდაპირ საცხოვრებელი სახლის სარდაფებში ჩაედინება. აუტანელი სუნი დგას მთელს დასახლებაში. მართლა უპრეტენზიო ხალხი ვართ ავტოქარხნელები, უპრეტენზიო და თავმდაბალი, თორემ ამას რომელი დედაქალაქელი მოითმენდა! ვის აღარ ვთხოვეთ დახმარება და რამდენჯერ, ვინ იცის... განცხადება დავწერეთ მუნიციპალიტეტის, მერიის სახელზეც და ველოდებით და ველოდებით...“

ბინა მეტად ავარიულ მდგომარეობაშია. შენობის უკან, ისევე, როგორც მის წინ, გზა გადაკეტილია თხრილებით. სანამ წყლის მილების შეცვლა არ დამთავრდება, მანამდე  ამ კონკრეტული ბინის უკან გზა არ გაიხსნება, რადგან, როგორც ბინის წარმომადგენელმა, აბელ ჭელიშვილმა აღნიშნა, სწორედ აქ არის წყლის მთავარი მაგისტრალი და ეს არის მიზეზი იმისა, რომ უკვე 5 თვეა, კორპუსის მცხოვრებნი თავიანთ ავტომობილებს ავტოსადგომებზე ტოვებენ, ანდა ბინის წინ, რათა ეკონომია გააკეთონ.

რაც შეეხება კორპუსის წინ მიმდინარე რემონტს, ხალხმა გადაწყვიტა საკუთარი ძალებით გაეკეთებინა კანალიზაცია და ერთხელ და სამუდამოდ გადაეწყვიტა პრობლემა, მაგრამ აქაც შეფერხებაა.

„იმდენად გაჭირდა ასე ცხოვრება, რომ გადავწყვიტეთ, ჩვენი სახსრებით გაგვეწია სამუშაო, მოვაგროვეთ გარკვეული თანხა, ლუკმა-პურის ფული მოვიკელით, მაგრამ მაინც არაფერი გამოვიდა, რადგან მთელს დასახლებაშია გაჭედილი საკანალიზაციო სისტემა და სანამ ეს არ მოგვარდება, არც ჩვენს ბინას ეშველება რამე, მანამდე იქნება ასე ათხრილი. ყველა ჭა სავსეა და პირდაპირ ეზოში მიედინება ფეკალური მასები,“ - ამბობს ვახტანგ მჟავია.

მოსახლეობა განრისხებული და შეურაცხყოფილია, რადგან, როცა ვიცემერი მერაბ მეშველიანი ესტუმრათ, პრობლემა იმით „გადაუწყვიტა“, რომ ფეკალიის წყაროს გვერდით ნერგები დარგო ტელეკამერების წინ...

ირინა ნემსიწვერიძე: „მორიგი არჩევნები დაიწყება მალე, ჩამოივლის კიდევ ჩვენისთანა საწყალი ხალხი თხოვნით და მუდარით: წამოდით არჩევნებზეო. მერედა, ვის ან რისთვის უნდა მივცეთ ხმა?! არა, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს ნამდვილად...“

მოკლედ, ამ ბინის მკვიდრნი გამუდმებით ერთსა და იმავეს გვეუბნებოდნენ:

„ამას რად უნდა კომენტარი, ეს ხომ ცოცხალი მასალაა, უტყუარი ფაქტია, შვილო, გადაუღეთ ვიდეო და ყოველგვარი პრობლემის გარეშე მიაწერეთ: „უკომენტაროდ“.

ავტოქარხნის ტერიტორიული მართვის სამსახურის უფროსმა ზვიად კვირიკაძემ გვითხრა, რომ საკითხი მისი „პრეროგატივა არ არის“; ის ცდილობს, შუამავლის როლი შეასრულოს: მოსახლეობა მასთან მიდის დახმარებისთვის, თავად კი - „წყალკანალის“ ოფისს უკავშირდება. მისი განმარტებით: „თუ მილები კორპუსის გარეთაა დაზიანებული, მაშინ ეს „წყალკანალის“ მოსაგვარებელია, ხოლო თუ შიგნითაა, მაშინ თავად ამ ბინის მცხოვრებლებმა უნდა შეარემონტონ.“

ბატონი ზვიადის საყურადღებოდ: შეგიძლიათ, ამ შემთხვევაში „წყალკანალს“ აცნობოთ, რომ სწორედ კორპუსის გარეთ არის მილები გაჭედილი და ამ კონკრეტული ბინის მცხოვრებნი მათზე არიან დამოკიდებული, რათა გააგრძელონ თავიანთი დაწყებული საქმე.

თავად დავუკავშირდით „წყალკანალის“ უფროსს ანდრო ლოსაბერიძეს, თუმცა, როგორც თვითონ გვითხრა:

„ჩვენ კომენტარის გაკეთება არ შეგვიძლია, იმიტომ, რომ პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის გვყავს თანამშრომელი, რომლის გარეშეც, ჩვენი შინაგანაწესის თანახმად, პრესასთან ურთიერთობა გვეკრძალება და გთხოვთ დაუკავშირდეთ მას. მე სხვა კომენტარი არ ვიცი, გარდა იმისა, რასაც გეტყვით ქეთი. მე არ მაქვს უფლება, პრესასთან თუ ტელევიზიასთან კომენტარები გავაკეთო. პირველ რიგში ქეთიმ იცის ეგ, რომ ჩემთან არ უნდა გადმოემისამართებინეთ. თვითონ უნდა გაარკვიოს, რა არის, როგორ არის და კომენტარიც თვითონ გააკეთოს. ასეთია კომპანიის პოზიცია(?!).“

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი ქეთევან კიკვაძე: ინფორმაცია ხარებავას ?1-დან წყალსადენის ცხელ ხაზზე არ დაფიქსირებულა. მიუხედავად ამისა, საავარიო ბრიგადის ხელმძღვანელის ყურაშვილის მიერ თავად იქნა აღმოჩენილი დაზიანება, რომელიც 15 აპრილს იქნა ლიკვიდირებული. სასურველია, მსგავს შემთხვევებში უშუალოდ მიმართონ ქუთაისის რეგიონალური ფილიალის სერვის-ცენტრის ცხელ ხაზს, რომლის ნომერია 91622 და შემდეგ დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში - დანარჩენ ინსტანციებში.“

მიიღო კი მოსახლეობამ რეალური პასუხი თავის გასაჭირზე?

თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ სწორედ ამ კორპუსის უკან უნდა გაიარონ 37-ე საჯარო სკოლისკენ მიმავალმა პედაგოგებმა თუ მოწაფეებმა და ასევე, ამ გზით უნდა მივიდნენ ბაღშიც, არც მათ ექნებათ კომფორტის შეგრძნება. ახლა იმათი მდგომარეობა წარმოიდგინეთ, ვინც, კარგა ხანია, ოცდაოთხი საათის მანძილზე სუნთქავს ამ „სურნელს“.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1619
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია