„ტყე-ტყე... წყალტუბოს ცენტრამდე“
პატივცემულო რედაქციავ, უპირველესად, დიდ მადლობას მოგახსენებთ, რომ ჩვენს გასაჭირს ეხმაურებით.
ამ რამდენიმე დღის წინ წავიკითხეთ თქვენს გაზეთში გამოქვეყნებული წერილი - „ტყე-ტყე... წყალტუბოს ცენტრამდე“, რომელიც, ძირითადად, ჩვენი თანაქალაქელის - მევლუდ ბობოხიძის მიერ მოწოდებულ ცნობებს ეყრდნობა. აღნიშნულმა პიროვნებამ მანამდე ორჯერ გამოაქვეყნა წერილი ადგილობრივ გაზეთში, სადაც მოითხოვდა, რომ „წყალტუბო-ქუთაისის ხაზზე მომუშავე მიკროავტობუსების ნახევარს ევლო სანატორიუმების - „რკინიგზელის“, „ცენტროსოიუზის“, „დრუჟბის“ და „საქართველოს“ გავლით, სადაც ამჟამად დევნილები ვცხოვრობთ. მანამდე ჩვენ, დევნილებმაც, არაერთხელ ვთხოვეთ ადგილობრივ ხელისუფლებას ამის შესახებ, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. მევლუდ ბობოხიძის კრიტიკულ წერილებს კი მოჰყვა ის, რომ დაინიშნა ერთი რაღაც უაზრო რეისი - „7ა“.
უაზროა იმიტომ, რომ აღნიშნული ავტობუსი ქუთაისიდან მოდის კვლავ ძველი მარშრუტით, ანუ გამგეობის გავლით, ადის წყალტუბოს ბაზარში და შემდეგ მოდის სანატორიუმების მიმართულებით შუაგზამდე. შუაგზიდან ბრუნდება ისევ უკან და ძველი მარშრუტით მიემართება ქუთაისში ისე, რომ სანატორიუმების მცხოვრებთა ნახევარი ამით ვერ სარგებლობს. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ეს ავტობუსი საათში ერთხელ გამოჩნდება ხოლმე, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ამით ხელისუფლებამ ჩვენი გამასხარავება მოინდომა და სხვა არაფერი. არადა, რა პრობლემა აქვთ აქ, ვერ გავიგეთ, ამ საქმის გადაწყვეტას ხომ არც ფული უნდა და არც დიდი განათლება. საჭიროა მხოლოდ კეთილი ნება, რომელიც, სამწუხაროდ, ადგილობრივ მთავრობას არ გააჩნია. კი მაგრამ, რა ჯინი აქვთ ასეთი ჩვენი? აბა, რუსი დამსვენებლები ყოფილიყვნენ ამ სანატორიუმებში, თუ გაბედავდნენ ამდენს? მაშინ ხომ შეუფერხებლად დადიოდა ამ მხარეზე ტრანსპორტი. ახლა რა ხდება, ჩვენ რა, ადამიანებად არ გვთვლიან?
მართალი გითხრათ, უკვე დავიღალეთ ამ საკითხზე დავით და არც გვეგონა თუ კიდევ გავმართავდით მათთან კამათს, მაგრამ ძალზე გაგვაღიზიანა, ამავე წერილში გამოქვეყნებულმა, წყალტუბოს გამგებლის - მამუკა თევზაძის ცინიკურმა პასუხმა, სადაც ის მოგვარებულად თვლის ზემოაღნიშნულ პრობლემას.
მართალია, თქვენი კორესპონდენტი იქვე ხდის ნიღაბს მისი პასუხის უაზრობასა და სიყალბეს, მაგრამ ჩვენ მაინც გვინდა კიდევ ერთხელ შევახსენოთ როგორც მამუკა თევზაძეს, ასევე საკრებულოს თავმჯდომარეს - მამუკა საღარეიშვილს და ასევე ქალაქის დეპუტატს პარლამენტში - მამუკა სანებლიძეს, რომ დროა, უკვე ხალხისაკენ გაიხედონ. ხოლო თუ ისინი იტყვიან, რომ ჩვენზე ზრუნავენ, მაგრამ მეტი არ შეუძლიათ, მაშინ, ბოდიში, მაგრამ დროზე დაუთმონ ადგილები იმათ, ვისაც მეტის გაკეთების თავი და უნარი აქვს.
ჩვენ კიდევ ერთხელ მოვითხოვთ, რომ გაიყოს „წყალტუბო-ქუთაისის“ ავტობუსები (7, 30 და 34 ნომრები) შუაში და ნახევარმა იარონ ზემოაღნიშნული სანატორიუმების გავლით. ნუთუ შეუძლებელია ჩვენს ქალაქში ამ ელემენტარული საკითხის გადაწყვეტა, თუ ამასაც პარლამენტის დადგენილება, ევროსაბჭო, ევროკავშირი და გაერო სჭირდება?
აფხაზეთიდან დევნილები: ნაირა კოპალიანი, ნანა ქარჩავა, მარინა გულუა, ციალა ნაჭყებია, ნუგზარ გორეზიანი, გია ჯიქია, სვეტა ჯულაყიძე, ცირა ცომაია, რაჟდენ ჯელაძე, აპოლონ ყუშაშვილი, თენგო გახოკია, მიშა ჯელაძე და სხვ. (32 ხელმოწერა)