დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„საერთო სასამართლოები“ - კანონპროექტი, რომელზეც ვერ თანხმდებიან
2013/04/01 12:34:40

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტზე და ამ პროექტში იუსტიციის საბჭოს ხელახლა დაკომპლექტების  საკითხზე  ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება დამატებით გამართული კონსულტაციების შემდეგაც ვერ შედგა. ამ კანონპროექტს საკანონმდებლო ორგანო უკვე მეორე მოსმენით განიხილავს.

 

 

საპარლამენტო უმრავლესობა უწინდებურად აცხადებს, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს მიჰყვებიან, ხოლო უმცირესობა შეთავაზებულ მოდელს არ უჭერს მხარს და პირიქით - ამბობს, რომ ხელისუფლება   ვენეციის კომისიის დასკვნას სწორედაც რომ არ ითვალისწინებს.

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, იუსტიციის საბჭოს 15 წევრიდან უფლებამოსილებას  უზენაესი  სასამართლოს  თავმჯდომარე  და კიდევ ერთი წევრი შეინარჩუნებენ. ამის შესახებ უსუფაშვილმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით უმცირესობასთან გამართული კონსულტაციების შემდეგ განაცხადა.

დავით უსუფაშვილის თქმით, იუსტიციის საბჭოს დღევანდელი 15 წევრიდან, ხელისუფლების მიერ შეთავაზებული მოდელით,  უფლებამოსილება შეუწყდება იმ 6 წევრს, რომელთაგან  4  პარლამენტის  მიერ იყო დამტკიცებული და 2 - პრეზიდენტის მიერ; „დარჩენილი 9 წევრიდან უფლებამოსილებას შეინარჩუნებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და კიდევ ერთი წევრი, რომელიც აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომელიც ახალი კანონმდებლობით დგინდება,“ - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.

მისივე განცხადებით, რაც შეეხება მოსამართლეთა მხრიდან არჩეულ დანარჩენ წევრებს, მათ უფლებამოსილება შეუწყდებათ, მაგრამ ექნებათ საშუალება, მოსამართლეთა კონფერენციაზე საკუთარი კანდიდატურები დაასახელონ და, თუ კოლეგების მხარდაჭერა ექნებათ, კვლავ დაბრუნდებიან იუსტიციის საბჭოში.

„შესაბამისად, საუბრები იმის შესახებ, რომ ჩვენ ვადაზე ადრე ვწყვეტთ უფლებამოსილებას იუსტიციის საბჭოს წევრების, არის არასწორი. პირიქით, თუ ვინმეს დარჩა 1 ან 2 წელი და თუ ისინი მოიპოვებენ თავიანთი კოლეგების ნდობას, ახალი ვადით იქნებიან წარმოდგენილი იუსტიციის საბჭოში,“ - აცხადებს უსუფაშვილი და მიიჩნევს, რომ ამ საკითხში ხელისუფლება  ვენეციის კომისიის რეკომენდაციას ეყრდნობა, რომლის თანახმადაც იმ პირებს, რომელთაც უფლებამოსილება შეუწყდებათ, მიეცეს საშუალება, მოსამართლეთა კონფერენციამ ან  დაადასტუროს მათი წევრობა, ან უარყოს.

 

საპარლამენტო უმცირესობა:  უმრავლესობის  შემოთავაზებული მოდელი მიუღებელია

 

„თუ არაფერი არ იქნება გათვალისწინებული, რა თქმა უნდა, არ დავუჭერთ მხარს... რა თქმა უნდა, აქ საუბარია ვენეციის კომისიის დასკვნაზე, და არა რომელიმე ადგილობრივი პოლიტიკოსის ნება-სურვილზე“ - ამბობს საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, „საერთო სასამართლოების შესახებ კანონის“  ხელისუფლების მიერ შეთავაზებული მექანიზმის ნაწილი მიუღებელია. ამის შესახებ ბაქრაძემ საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობას შორის  კონსულტაციების  დასრულების შემდეგ განაცხადა.

„უმრავლესობის მიერ შემოთავაზებული მოდელით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 15 წევრიდან 13 უნდა შეიცვალოს და ეს არანაირად არ არის ისე, როგორც ამას ვენეციის კომისია  გვირჩევს. კომისიის რეკომენდაციაა, რომ ცვლილებები არ შეეხოს საბჭოს არჩეულ წევრებს, ამიტომ მიუღებელია ცვლილებების ის ნაწილი, რომლის მიხედვითაც მოსამართლეების მიერ არჩეული წევრები უნდა შეიცვალონ. ვინც არ უნდა იყოს საპარლამენტო უმრავლესობაში, პატივი უნდა სცეს მოსამართლეთა კონფერენციის გადაწყვეტილებას და არ უნდა მოხდეს მათი გადაწყვეტილების შეცვლა,“ - აცხადებს დავით ბაქრაძე.

უმცირესობის ლიდერის თქმით, რაც შეეხება საბჭოს წევრების მეორე ნაწილს, ე.წ. პოლიტიკურად დანიშნულ წევრებს, აქ ოპოზიცია მზად არის, შემხვედრი კონსტრუქციული ნაბიჯი გადადგას და უმრავლესობასთან სხვადასხვა  მექანიზმები განიხილოს, მათ შორის - უმრავლესობის მიერ შემოთავაზებული მექანიზმი.

 

რა მიზანი აქვს საპარლამენტო უმრავლესობის მოდელს?!

 

„ისინი (იუსტიციის საბჭოს წევრები) დანიშნულები იყვნენ ამ თანამდებობაზე ერთპიროვნულად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით. ჩვენ ვცვლით ამ წესს და თითოეულ მოსამართლეს ექნება  უფლებამოსილება, დაასახელოს თავის თავი ან კოლეგა; ისინი არჩეული იყვნენ ღია კენჭისყრით და ჩვენ ვამკვიდრებთ ფარულ კენჭისყრას, როდესაც ყველა მოსამართლეს ექნება თავის ნების სრულად და თავისუფლად გამოხატვის საშუალება,“ - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე, როდესაც ახლა არსებულსა და შემოთავაზებულ მოდელს შორის სხვაობაზე საუბრობს. დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ შემოთავაზებული მოდელი უფრო დემოკრატიულია და სასამართლოს რეალურ დამოუკიდებლობას   უზრუნველყოფს - მოსამართლე გათავისუფლდება ყველანაირი გავლენისაგან.

„ამ  წევრთა უმრავლესობა, ვისაც უფლებამოსილება შეუწყდება, არიან თანამდებობის პირები, ანუ სასამართლოს თავმჯდომარეები  და  მოადგილეები. ჩვენ ვამბობთ, რომ მოსამართლეები უნდა გათავისუფლდნენ ყველასგან - პოლიტიკოსებისგანაც და საკუთარი სასამართლოების ხელმძღვანელების გავლენებისგანაც. და კიდევ, მათი ერთი ნაწილი სულაც არ არის არჩეული მოსამართლეების მიერ.

ისინი თანამდებობაზე გამწესდნენ დროებითი ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ, რომელსაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ხელმძღვანელობდა. შესაბამისად, ჩვენ ამ ნაწილში სრულად ვიცავთ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან, ბატონ კოტე კუბლაშვილთან  მიღწეულ შეთანხმებას და ვენეციის კომისიის დასკვნებს და ეს ნაწილი გავა უცვლელად მომავალ კვირაში,“ - აღნიშნა უსუფაშვილმა.

რაც შეეხება პარლამენტის მიერ ასარჩევ 6 წევრს, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ვენეციის კომისიის  რეკომენდაცია ამ ნაწილშიც სრულადაა გაზიარებული და მათი არჩევა 2/3-ის უმრავლესობით მოხდება. ამასთანავე, თვითონ ვენეციის კომისიის რჩევაა, რომ იყოს ისეთი  მექანიზმი, რომლის გამოყენებითაც არავის ექნება არჩევნებში დაბლოკვის შესაძლებლობა ანუ ვაკანტური ადგილების დატოვების საშუალება.

„პირდაპირ გვეუბნებიან, რომ 2/3-ით იყოს არჩევა, მაგრამ, თუ დარჩა ვაკანტური ადგილები, მაშინ აბსოლუტური უმრავლესობით, ანუ 76 ხმით მოხდეს არჩევნები. შესაბამისად, ჩვენი ვერსია დაეფუძნება ამ მოდელს,“ - აღნიშნა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ ეს სრულ შესაბამისობაშია როგორც უცხოელი ექსპერტების დასკვნასთან, ისე საღ აზრთან. მისივე თქმით, ეს მოდელი საპარლამენტო უმცირესობასთან შეთანხმებული არ არის.

 

ცვლილებები მოსამართლეთა კორპუსს ნაციონალური მოძრაობის  გავლენისაგან გაათავისუფლებს?!

 

„რაც მალე შევა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებები, უფრო მალე განთავისუფლდება მოსამართლეთა კორპუსი „ნაციონალური მოძრაობის“ გავლენისაგან,“ - აცხადებს კოალიცია „ჩვენი უფლებებისათვის“ თანათავმჯდომარე მაია ხარაძე. მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო ორგანოების თვითმმართველ  სუბიექტს წარმოადგენს, რომლის ძირითადი ფუნქციაა შეიმუშაოს და დაამტკიცოს საქართველოს საერთო სასამართლოების ორგანიზაციული მუშაობის წესი, განიხილოს სასამართლო სტატისტიკის ანალიზის მასალები და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ განახორციელოს დისციპლინური სამართალწარმოება.

„სწორედ ამ ფუნქციების ობიექტურად განხორციელებისათვის საჭიროა, იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტება ახალი წესით მოხდეს. იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელსაც უახლოეს დღეებში პარლამენტი დაამტკიცებს, მოგვცემს შესაძლებლობას, საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება გვყავდეს და ის პოლიტიზებული აღარ იყოს,“ - მიიჩნევს კოალიცია „ჩვენი უფლებებისათვის“ თანათავმჯდომარე მაია ხარაძე.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1647
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია