ამირან ძოწენიძეს სურვილი აქვს, პირადად ქუთაისის ახალ მერს უჩივლოს
ქუთაისის აწ უკვე ყოფილი ვიცე-მერი ამირან ძოწენიძე უახლოეს დღეებში სასამართლოს მიმართავს და სამსახურიდან მის გათავისუფლებას გაასაჩივრებს. შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიაში ძოწენიძის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად ის 1 400 000 ლარი დასახელდა, რაც დასუფთავების სამსახურისთვის გამოიყო და, მერიის მტკიცებით, არასწორად იყო გათვლილი. psnews.ge-სთან საუბრისას ამირან ძოწენიძემ აღნიშნა, რომ არაა გამორიცხული, თავად ქუთაისის ამჟამინდელი მერის, დიმიტრი კოპალიანის წინააღმდეგ შეიტანოს სარჩელი. ძოწენიძე მიიჩნევს, რომ კოპალიანმა მას ცილი დასწამა და ბრალი დასდო „ატკატების“ მიცემასთან დაკავშირებით.
ყოფილი ვიცე-მერი სარჩელს სასამართლოში კომპეტენტურ პირებთან კონსულტაციების შემდეგ შეიტანს. იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვეტს ასევე, შეიძლება თუ არა უჩივლოს პირადად დიმიტრი კოპალიანს მის მიმართ გაკეთებული განცხადებების გამო.
„პირადად მე, იმის დიდი სურვილი მაქვს, ამ კუთხითაც მივმართო სასამართლოს,“ – ამბობს ამირან ძოწენიძე.