დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა და რატომ არ გაითვალისწინა უმრავლესობამ
2013/03/19 20:04:10

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტში  ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არ გაითვალისწინეს?

დღეს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ განსახილველად წარმოადგინა კანონპროექტი „საერთო სასამართლოების“ შესახებ. უმრავლესობამ აღნიშნულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. ოპოზიცია კი აცხადებს, რომ  არც უმრავლესობამ და არც იუსტიციის სამინისტრომ არ გაითვალისწინეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და სწორედ ამიტომ, კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ.

როგორც იუსტიციის მინისტრი ალექსანდრე ბარამიძე ამბობს, ვენეციის კომისიის დასკვნა უმეტესწილად გათვალისწინებულია:

„მეორე მოსმენისთვის ჩვენს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი უმეტესწილად შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. გარკვეული რეკომენდაციები ვერ იქნა მხედველობაში მიღებული ძალიან დასაბუთებული სამართლებრივი არგუმენტების გამო, დაუჭერს თუ არა ოპოზიცია მხარს, ეს მათი საქმეა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, როგორც იცით, დაუჭირა მხარი ამ პრინციპებს, როგორც გუშინ გახდა ცნობილი." - აღნიშნა ბარამიძემ.

უმცირესობის წევრი ლევან ბეჟაშვილი კი თვლის, რომ რეკომენდაციები გათვალისწინებული არ არის რამდენიმე საკითხში.

„მიუხედევად ვენეციის კომისიის დასკვნისა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებს  უფლებამოსილება ვადამდე ადრე არ შეწყვეტოდათ, კანონპროექტით მაინც არის გათვალისწინებული, რომ მოსამართლეებს  უფლებამოსილება ვადამდე ადრე შეუწყდეთ . გარდა ამისა, ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო, რომ პარლამენტის მიერ არჩეული იუსტიციის საბჭოს წევრები ყოფილიყვნენ დეპუტატებს შორის მაქსიმალური კონსენსუსით დამტკიცებულნი, აქაც არ არის გათვალსიწინებული რეკომენდაცია, ინიცირებული კანონპროექტით  საპარლამენტო უმრავლესობას ექნება პრიორიტეტი იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევისას. ამ შენიშვნების გაუთვალისწინებლობა ჩვენ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ჯერჯერობით ამ კანონპროექტს მხარი არ დავუჭიროთ“ - ლევან ბეჟაშვილი.

ბარამიძის მტკიცებით კი კვორუმის ორ მესამედამდე გაზრდა არ შეიძლება.

"ასეთი მაღალი კვორუმი არ ჭირდება არცერთ თანამდებობის პირს, რომელსაც ირჩევს პარლამენტი, მათ შორის – არც პარლამენტის თავმჯდომარეს, არც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, არც უზენაესი სასამართლოს წევრებს, არც საკონსტუტიციო სასამართლოს წევრებს და უცნაური იქნებოდა, ასეთი კვორუმი დაგვეწესებინა უზენაესი საბჭოს წევრების არჩევისთვის." - განაცხადა ბარამიძემ.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის დავით საყვარელიძის თქმით, არც საპარლამენტო უმრავლესობამ და არც იუსტიციის სამინისტრომ არ გაითვალისწინა ვენეციის კომისის დასკვნა:

„სამწუხაროდ, არც უმრავლესობამ და არც იუსტიციის სამინისტრომ არ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის მთავარი პრინციპები, რაც ეწერა ვენეციის კომისიის დასკვნაში და პირველ რიგში ეხებოდა  ოპოზიციური ძალის მონაწილეობას იუსტიციის წევრის არჩევის საკითხში, რაც ძალიან სამწუხაროა და ამის შესახებ ბატონმა მინისტრის მოადგილემ პირდაპირ დააფიქსირა თავისი მოსაზრება, რომ უმრავლესობა ასე მუშაობს ზოგადად ქვეყანაში და   ვისაც მეტი ძალაუფლება აქვს, იმას მიაქვს ყველაფერი. არსებული იუსტიციის საბჭოს წევრებთან მიმართებაში ასევე მიუღებელია უარყოფითი გადაწყვეტილება. საბჭოს წევრების გადახალისება მოხდება, ფაქტობრივად, სრულად და არ დარჩებიან არსებული წევრები, რაზეც ვენეციის კომისია იყო ძალიან კატეგორიული. ბუნებრივია, ამ კანონპროექტს მხარს არ დავუჭერთ." - აღნიშნა საყვარელიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირინე იმერლიშვილი მიიჩნევს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნის ძირითადი ნაწილი გათვალისწინებულია:

„თავიდან ბოლომდე არც ის პროექტია წარმოდგენილი, რომელიც პირველ მოსმენაზე იყო წარმოდგენილი. ცხადია,  გასათვალისწინებელი იყო ვენეციის კომისიის დასკვნა და არც ის პროექტია გათვალისწინებული თავიდან ბოლომდე, რომელიც წარმოადგინა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ. არის შეჯერებული ვარიანტი."

უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი შალვა შავგულიძე ამტკიცებს, რომ ის ვერ იგებს,  რა პოზიცია დააყენა უმცირესობამ:

„ვენეციის კომისიის დასკვნაში ასეთი რამ არ წერია, მე ვერ ვიგებ, რა პოზიცია დააყენა უმცირესობამ. გათვალისწინებულია ვენეციის კომისიის დასკვნის ძირითადი მოთხოვნები, ძირითადი შინაარსი. უნდა აღინიშნოს, რომ კომისია ძირითადად იზიარებს ამ კანონპროექტის პროგრესულ ხასიათს. რაც შეეხება უკვე არსებული წევრების შეცვლის საკითხს, იქაც ფაქტობრივად, ვენეციის კომისიის დასკვნაში არის მითითება, რომ არ მოხდეს წყვეტა და გათვალისწინებული იყოს რაღაც სამართლიანობის პრინციპი, რაც უზრუნველყოფილია ამ ცვლილებით."

რაც შეეხება სასამართლო სხდომების ფოტო-ვიდეო-აუდიო ჩაწერას, უმცირესობის წევრი დავით ბეჟაშვილი აცხადებს, რომ ეს საზოგადოებრივი ინტერესის უფრო მაღალ დონეზე დაყენებაა, ვიდრე სამართლებრივი ინტერესის:

„ეს პრინციპი, რომ აკრძალულიყო გადაღება არა მოგონილი, ან ვინმეს წინააღმდეგ მიმართული, არამედ მიღებული არის, რომ სასამართლო თავისუფალი იყოს გადაწყვეტილების მიღებაში და ზეგავლენა არ მოახდინოს გარე საზოგადოებრივმა ფაქტორებმა და მხარეებსაც რომ არ ჰქონდეთ ზეგავლენის საშუალება, აკრძალული არის ყველა ქვეყანაში – ამერიკაში, ბრიტანეთში, ჩვენ ფილმებითა და დოკუმენტური ფილმებით ვნახულობთ, რომ ეს წესი ყველგან გავრცელებულია, მაგრამ ვინაიდან ჩვენი ქვეყნის რეალობიდან გამომდინარე არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი სასამართლო სხდომების მიმართ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება უმრავლესობასთან ერთად, რომ მედიის მიერ შესაძლებელი იყოს სასამართლო სხდომების გადაღება. ჩვენ ამ ეტაპზე შესაძლებლად მივიჩნიეთ, რომ საზოგადოებრივი ინტერესი უფრო მაღალ დონეზე დავაყენოთ, ვიდრე სამართლებრივი ინტერესი." - განაცხადა ბეჟაშვილმა.

საიას თავმჯდომარე კახა კოჟორიძე კანონპროექტის მიღებულ ვარიანტს ერთიანობაში პოზიტიურად აფასებს. თუმცა, მისი მტკიცებით, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შესანარჩუნებლად მათ მიერ შემუშავებული რეკომენდაცია პარლამენტმა არ გაითვალისწინა:

„პოლიტიკური ნეიტრალიტეტის უზრუნველსაყოფად რომ რაღაც მექანიზმი შეგვემუშავებინა საბჭოში, შევთავაზეთ პარლამენტს, რომ მოსამართლე კანდიდატს, რომელიც უნდა გამხდარიყო იუსტიციის საბჭოს წევრი, თუ მას ბოლო 5 წლის განმავლობაში ჰქონდა პარტიული საქმიანობა განხორციელებული, ან იყო პარტიის წევრი, აკრძალვოდა უფლება, ყოფილიყო იუსტიციის საბჭოს წევრი და ეს მოსაზრება პარლამენტმა არ გაითვალისწინა." - აცხადებს კოჟორიძე.

ოპოზიციის სკეპტიციზმის მიუხედევად, კანონპროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ ხვალინდელ ბიუროს სხდომაზე მაინც გავა განსახილველად. სწორედ ბიუროს სხდომაზე გახდება ცნობილი, როდის და რა ფორმით უყრიან კენჭს აღნიშნულ კანონპროექტს.

ინფორმაციისთვის: კანონპროექტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომლექტების წესის შეცვლას გულისხმობს, კერძოდ, ადრე თუ იუსტიციის საბჭოს წევრებს პრეზიდენტი ნიშნავდა, ნაწილი კი პარლამენტარები იყვნენ, ახალი კანონპროქტის მიხედვთ საბჭოს წევრები ადვოკატები და საზოგადოების წევრები იქნებიან.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1615
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია