დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გამოიყვანეს თუ არა მოტყუებით ქუთაისში ავტობუსების გაფიცული მძღოლები სვლაგეზებზე?
2013/08/02 18:48:43

ქუთაისში კვირის დასაწყისში საქალაქო ავტობუსის მძღოლების  პროტესტი მხოლოდ სამი დღე გაგრძელდა.  ბოლო ორი დღეა, ავტობუსები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ  მუშაობას.  მძღოლები, რომლებიც მგზავრობის ტარიფის გაზრდას მოითხოვდნენ, ამბობენ, რომ მერიის საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდებიან.  მანამდე კი,  ქალაქის ხელმძღვანელობის მიერ გაცემული დაპირების საფუძველზე, რომელიც  სანებართვო ფასის 3 ლარით შემცირებას გულისხმობდა,   პროტესტი  დროებით შეწყვიტეს. მათივე თქმით,   მიუხედავად ადგილობრივი თვითმმართველობის  ამ კომპრომისისა,   მოთხოვნა ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით უცვლელია.

როგორც ირკვევა, ნებართვის გაცემის ფასთან დაკავშირებით, რომელიც   კონკრეტული ავტობუსის რენტაბელობის  მიხედვით  20 ლარიდან იწყება და ზოგ შემთხვევაში  30 ლარს აჭარბებს, ახალი რეგულაციები არ დაწესებულა.  ქუთაისის მერიის ტრანსპორტის სამსახურში კი ამბობენ, რომ ნებართვის გაცემის ფასი ტრანსპორტის შესახებ კანონით რეგულირდება, რაც მის უკონტროლო ცვლილებას გამორიცხავს.

მძღოლებისთვის სანებართვო ტარიფის შემცირების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ არც იმ სპეციალურ კომისიაში, რომელიც ავტობუსის მძღოლების გაფიცვის შემდეგ ქუთაისის მერიაში შეიქმნა. კომისიის ხელმძღვანელი და მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ვახტანგ წოწონავა ამბობს,რომ  ამის შესახებ არ სმენია.

„არ ვიცი ეს ინფორმაცია და ვერაფერს გეტყვით. რაც შეეხება პროტესტის შეწყვეტას, ეს უკავშირდება ჩვენს მიერ მყისიერად გადადგმულ ნაბიჯებს, რომლის შემდეგაც  მძღოლებმა ჩვენ მოგვცეს ორკვირიანი ვადა, რათა სპეციალურმა კომისიამ შეისწავლოს მგზავრთა ნაკადისა და ავტობუსის მიერ  მოხმარებული საწვავის რაოდენობა და განსაზღვროს თითოეული ავტობუსის საექსპლოატაციო ხარჯები. ამის შემდეგ უკვე გვეცოდინება, რას შევთავაზებთ მათ. ჩვენი მთავარი ამოცანა და ქალაქის მერის პირდაპირი დავალებაა, რომ მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული მგზავრთა ინტერესები,“  –აბობს კომისიის ხელმღვანელი და მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ვახტანგ წოწონავა. მისივე თქმით, ამ  ეტაპზე ძნელი სათქმელია, იქნება თუ არა გათვალისწინებული მძღოლების მთავარი მოთხოვნა  მგზავრობის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით. წოწონავა ვერც იმაზე საუბრობს, რა ალტერნატივის შეთავაზება შეუძლია კომისიას მძღოლებისთვის იმ შემთხვევაში, თუ ტარიფი მოქმედ ნიშნულზე შენარჩუნდება.

იმის გამო, რომ არც ტრანსპორტის სამსახურში და არც ზემოთაღნიშნულ კომისიაში მძღოლებისთვის ნებართვის ტარიფის შემცირების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ, გაურკვეველია, ვინ მისცა კვირის დასაწყისში გაფიცულ ავტობუსების მძღოლებს ადგილობრივ ბიუჯეტში ყოველთვიურად შესატანი თანხის შემცირების პირობა.

კომისიას, რომელმაც ორი კვირის განმავლობაში უნდა განსაზღვროს თითოეული სვლაგეზის შემოსავლებისა და ხარჯების რაოდენობა,  მონიტორინგი საქალქო ავტობუსებში ამ დრომდე არ დაუწყია. პირველი სხდომის გამართვას კომისია მომავალი კვირის დასაწყისში გეგმავს.

* * *

ამ ეტაპზე ქალაქში 54 ერთეული ავტობუსი მოძრაობს.  ტრანსპორტის სამსახურის ინფორმაციით,   ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ხაზის არარენტაბელობის გამო 15-მა ავტობუსმა თქვა უარი მუშაობაზე.

მონაცემების მიხედვით, ერთი ავტობუსი დღის განმავლობაში საშუალოდ 700-დან 800-მდე მგზავრის გადაყვანას ახერხებს, რაც დღეში 200-დან 250 ლარამდე შემოსავალს იძლევა. აქედან,  დღის მანძილზე ავტობუსები დაახლოებით 150 ლარის საწვავს მოიხმარენ. ამას ემატება საკუთარი გადამზიდავისთვის ყოველდღიურად გადახდილი თანხა 5- დან 10 ლარის ფარგლებში (გადამზიდავის მიერ განსაზღვრული ტარიფის მიხედვით) და ავტობუსის ტექნიკური საჭიროებისთვის გათვალისწინებული თანხა. 

მიუხედავად ამ მონაცემებისა, ტრანსპორტის სამსახურში ამბობენ, რომ ავტობუსის მძღოლების პროტესტი გაუმართლებელია, ვინაიდან ისინი საკუთარი ნებით თანხმდებიან ხელშეკრულების პირობებს, სადაც არ არის გათვალისწინებული მგზავრთა ნაკადის შემცირების შემთხვევაში ტარიფის მომატება. 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2016
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია