დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ხელისუფლების საარჩევნო „ქარვასლა“ - ბიზნესის ხარჯზე
2010/02/22 11:09:20

ქუთაისის ცენტრის რამდენიმეწლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, პრეზიდენტმა განცხადება გააკეთა, რომ ეს უბანი ბიზნეს-გარემოსთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნებოდა. ქალაქის რეაბილიტირებულ უბანში, მართლაც, რამდენიმე, სხვადასხვა ობიექტი ფუნქციონირებდა. მათ უბნის რეაბილიტაციის პერიოდში მუშაობა მხოლოდ მომავლის იმედით არ შეწყვიტეს, თუმცა ამ პერიოდში ბიზნესის შემოსავალმა იკლო. შემდეგ ეტაპზე კი ამ ტერიტორიაზე არსებულ მეწარმეებს სარეკლამო აბრების გაკვრა აუკრძალეს, თუმცა ამავე უბანში ნაციონალური მოძრაობის აბრა კვლავ საპატიო ადგილს იკავებს. ეს ფაქტი რამდენჯერმე ოპოზიციური პარტიების პროტესტის თემაც გახდა, თუმცა - უშედეგოდ.

„ბიზნესისთვის ქუთაისში არახელსაყრელი პირობებია!“ - ასეთ განცხადებას ქალაქში არსებული რამდენიმე ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენელი აკეთებს. საგადასახადო წნეხი ამ პირობებს კიდევ უფრო ამძიმებს.

რამდენიმე ხნის წინ საგადასახადო ინსპექციის მორიგმა რეიდმა მცირე ბიზნესმენებს სხვადასხვა სახის დარღვევებზე ფინანსური ჯარიმები დააკისრა. თანხა სოლდური იყო, რამაც მეწარმეები აღაშფოთა და რამდენიმე ობიექტმა ფართის გაყიდვის და გაქირავების აბრაც კი გააკრა.

დაჯარიმების პირველი ტალღა შედარებით მცირე თანხით - 100 ლარით დაიწყო. ეს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილების შემდეგ მოხდა, რომელიც 2010 წლის 1 იანვრიდან გადასახადის გადამხდელებს ავალდებულებს, რომ მოწმობის ასლი თვალსაჩინო ადგილზე გამოაკრან. „ამ ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირი დაჯარიმდება 100 ლარით, საგადასახადო კოდექსის 144-ე მუხლის შესაბამისად,“ - წერია კოდექსში. ქალაქის ცენტრში თითქმის ყველა ობიექტი სწორედ ამ მუხლის შეუსრულებლობით დაჯარიმდა. თუმცა, როგორც მფლობელები ამბობენ, ინფორმაცია მათთვის არავის მიუწოდებია და არც გაუფრთხილებიათ, რომ ინდმეწარმის საბუთი თვალსაჩინო ადგილზე გაეკრათ.

 

***

დაჯარიმების მეორე ტალღა შობის დღეებს დაემთხვა. ამჯერად საგადასახადო ინსპექციის მთავარი დარტ-ყმის ობიექტი ქალაქის ცენტრში მდებარე სავაჭრო ცენტრი „ქარვასლა“ აღმოჩნდა. ლალი გიოგაძე, რომელიც სავაჭრო ცენტრში მცირე ბიზნესითაა დაკავებული, უკვე ქვეყნიდან წასვლაზე ფიქრობს. „იანვრის დასაწყისში საგადასახადოს ინსპექტორები ისე შემოცვივდნენ, აღქმაც ვერ მოვასწარით, რა ხდებოდა. ფაქტი იყო, რომ „ჩეკი“ არ ამოიწერა, რის შემდეგაც შემოწმებაზე მოვიდნენ და ინვენტარიზაცია ჩაატარეს. ჩემს მაღაზიას 11 000 ლარი ხვდა ჯარიმის სახით გადასახდელი, რომელიც 20 დღის ვადაში უნდა გადამეხადა. ახლა იმაზე ვფიქრობთ, რომ საგადასახადომ რაიმე შეღავათი გაგვიკეთოს, მაგრამ ეს ადგილობრივ დონეზე არ წყდება და ფინანსთა სამინისტროს მივმართეთ. მე „ჩეკი“ რომ არ ამოვწერე, თავს ვიჯარიმებ, მაგრამ მათ კარგად იციან, ეს ჯაჭვი საიდანაც მოდის. მე ჩემი ფულით ჩავდივარ სტამბოლში, ვყიდულობ, ვაბარებ გადმომზიდავს „კარგოს“ წონით, რაშიც ისევ ჩემს ფულს ვიხდი, აქ კიდევ ქირას ვიხდი ამ მაღაზიაში და მაინტერესებს - მე სახელმწიფო რაში მავალდებულებს, მომცა რამე და დამეხმარა ამ საქონლის აქამდე ჩამოტანაში? უკვე ყველა ფიქრობს, რა საშუალებით დავტოვოთ ქვეყანა, რადგან აქ გაჩერება ცხოვრების საშუალებას არ იძლევა. პარალელურად „კარგო“ 25 დოლარიან საქონელზე 5 დოლარს მიწერს, რომ დაკარგვის შემთხვევაში ღირებულების მეხუთედი გადამიხადოს. მე კიდე, „ჩეკები“ და ზედნადებები საიდან მოვუტანო, როცა არავინ მაძლევს? თუმცა ახლა ამათ „კარგოს“ საბუთი აწყობთ. რატომ? იმიტომ, რომ მერაბიშვილის და კოდუასია! ეს „ქარვასლაც“ მაგათი იყოს, საქართველოში გაჩერება აღარავის უნდა.“ - აღნიშნა ჩვენთან საუბარში ლალი გიორგაძემ.

ნათია იორდანიშვილი „ქარვასლაში“ ინდმეწარმეა, რომელიც ასევე სოლიდური თახით დაჯარიმდა. მისი თქმით: „სისტემამ და შესაბამისმა სამსახურმა უნდა მოგვაწოდოს ინფორმაცია, თუ როგორ ვიმუშაოთ. ამის შემდეგ ჩვენ გვეცოდინება, ღირს თუ არა მუშაობა. ფაქტიურად, გამოდის, რომ ჯარიმას დღეს და ხვალ გადავიხდით, მაგრამ ზეგ იძულებულები გავხდებით, რომ მაღაზია დავკეტოთ. მე, პირადად, ჯარიმას, რომელიც ახლა დამაკისრეს, ერთიანად ვერ გადავიხდი. ამიტომ ფინანსთა სამინისტროში დავწერე განცხადება საგადასახადო გარიგების შესახებ, რათა ეტაპობრივად იქნებ მოვახერხო ჯარიმის დაფარვა. ჩემს უკან ჩემი ოჯახი, შვილები დგანან და ეს თანხა საკმაოდ მძიმე ტვირთია ჩემთვის.“

საგადასახადო ჯარიმები დააკისრეს წერეთლის ქუჩაზე არსებულ ობიექტებსაც. ნიკოლოზ ნემსაძე, რომელიც მცირე ბიზნესითაა დაკავებული, კითხვას სვამს: „ამათი შემხედვარე, რა სახის ბიზნესით უნდა დაკავდე? ვემდუროდით კომუნისტებს და სანატრელი გაგვიხდა ისინი. ამათ გულისთვის მოვახდინეთ რევოლუცია? მე წერეთლის ქუჩაზე მაქვს ფართი, მაგრამ ვერ გავაკეთე. „ხრეში“ რომ მოვიტანე, ჩემი ობიექტის წინ დავყარე და 30 ლარით დამაჯარიმეს. თუ სამშენებლო მასალა არ მოვიტანე და არ გავაკეთე, ისე როგორ გამოვა საქმის აწყობა? „კარგოთი“ რომ საქონელს ჩამოიტან, საგადასახადო აქ მე მთხოვს განბაჟების საბუთს.. ახლა ის მოიგონეს, ინდმეწარმის საბუთი თუ თვალსაჩინო ადგილზე არ გააკარი, 100 ლარით გაჯარიმებენ. რა მნიშვნელობა აქვს, ეს საბუთი გაკრული მექნება, თუ უჯრაში შენახული?! მაგრამ ეს დაყაჩაღების ახალი გზაა. ახლა ამას რომ გეუბნებით, ვიღაც წაიკითხავს და მოძებნას დამიწყებს, ვინ არის და რა საქმიანობით არის დაკავებულიო. ამათმა ხალხი ასე „დააჩმორიკეს!“

„კარგო“ ის გადმომზიდავია, რომელიც თურქეთიდან ტვირთის გადმოზიდვას აწარმოებს. თუმცა ამ საქმიანობით კიდევ რამდენიმე კომპანიაა დაკავებული. ქუთაისელმა მცირე მეწარმეებმა ასევე კარგად იციან, რომ თუ ტვირთს გადმომზიდავ „გეორგიკას“ ჩააბარებენ, საზღვარზე პრობლემები არ ექნებათ, რადგან ეს გადმომზიდავი პრეზიდენტის ოჯახის ერთ-ერთი წევრისაა. აქ საქონლის ჩაბარების დროს შეფასებაც მცირეა. ნათელა გ. (გვარის დასახელება არ ისურვა) ამბობს: „125 დოლარიანი პალტო 12 დოლარად შემიფასა. ეს მათ აწყობთ, რადგან დაკარგვის შემთხვევაში 12 დოლარს ამინაზღაურებს. მე ეს პალტო განბაჟებიანად 135 დოლარი დამიჯდა. აქ 250 ლარი დავაწერე. საგადასახადო რომ მოვიდა და ეს საბუთი ნახა, ასე მითხრა, დიდ მოგებაზე მუშაობო. გარდა ამისა, მე აქ 5-6 წლის ჩაწოლილი საქონელიც მაქვს და მისი ზედნადები საიდან მოვუტანო?“

სწორედ სასაქონლო ზედნადების გამო, საგადასახადო კოდექსში 143-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, რომელიც მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან შევიდა ძალაში, წერია: „საგადასახადო პასუხისმგებლობა დაწესდა არა ზოგადად ეკონომიკური, არამედ - მხოლოდ სამეწარმეო საქმიანობისთვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის და ისიც იმ შემთხვევაში, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს. იმ შემთხვევაში კი, როცა სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის საბაზრო ღირებულება აღემატება 10 000 ლარს, გავრცელდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.“

ასევე მოვაჭრეებს მთელს გაყიდულ საქონელზე სასაქონლო ზედნადები მოეთხოვება. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველადი ჯარიმა 1 000 ლარია, 12 თვის განმავლობაში განმეორებით შემთხვევაში - 5 000 ლარი, ხოლო მესამე შემთხვევისთვის ერთი წლის მანძილზე ჯარიმა 10 000 ლარია.

***

საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები „გვირაბი 95“-ის მოვაჭრეებს რამდენიმე დღის წინ თვალსაჩინო ადგილზე გაუკრეს. ჯარიმების ოდენობამ მათი აღშფოთება გამოიწვია, რასაც  „ქარვასლაში“ განხორციელებული დაჯარიმების პროცესიც უძღოდა წინ. სავაჭრო ცენტრისგან განსხვავებით, „გვირაბი 95-“ის მცირე ბიზნესმენები მხოლოდ „ლილოს“ საქონლის გაყიდვით არიან დაკავებულები. მათი სასაქონლო ღირებულებაც გაცილებით ნაკლებია, თუმცა სასაქონლო ზედნადებებს საქონლის შეძენის დროს მათაც არავინ აძლევს. სანამ პრობლემა შეეხებოდათ, საგადასახადო ინსპექციის სამსახურის უფროსს და ქალაქის მერს მიმართეს. ქალქის მერის გია თევდორაძის თქმით, საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლის მოთხოვნები მცირე მოვაჭრეებს არ ეხებათ. ამას, ცოტა ხნის წინ, ფინანსთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებაც ამყარებს: „საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება იმ მეწარმეებზე, რომლებიც ეწევიან საცალო ვაჭრობას ბაზრობებზე, სავაჭრო ჯიხურებში, მცირე მაღაზიებში და გარევაჭრობას.“

მამუკა მღვდელაძე, რომელიც პლიტიკურ საქმიანობასთან ერთად მცირე ბიზნესითაცაა დაკავებული, ამბობს: „ინვესტიციები კარგია, მაგრამ ხელისუფლებამ ჯერ აქ არსებული ბიზნესის განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი. დღეს ბიზნესს არსად ისე არ უჭირს, როგორც ქუთაისში, რეაბილიტირებულ ნაწილში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს აქ ბიზნესს ორწლიანი ჩავარდნა ჰქონდა. პარალელურად მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისია და ყველა ნორმალური ქვეყანა ბიზნესს ამოსუნთქვის საშუალებას აძლევს, რათა სამუშაო ადგილები შეინარჩუნონ.  ჩვენი ხელისუფლება კი ადგილობრივი არჩევნებისთვის ფულის ამოღებას ამ მეწარმეების და ბიზნესმენების ხარჯზე ცდილობს. ბიზნესზე წნეხი კი ბიზნესის ტოტალურად კვდომას გამოიწვევს. ეს ჯარიმები ჩვენი მახინჯი სახელმწიფოს მორიგი ნაბიჯია, რათა არჩევნებისთვის ფული ამოიღონ. ვფიქრობ, არ შეიძლება, ხელისუფლებამ იმ ხალხს ზურგი შეაქციოს, რომლის ხარჯზეც პიარს იკეთებს.“

 ***

ქუთაისის რეაბილიტირებულ უბანში მომუშავე მეწარმეები და ბიზნესის მფლობელები თითქმის 10 დღის მანძილზე უშედეგოდ ცდილობენ მხარის გუბერნატორთან შეხვედრას. მათი სურვილი ლაშა მაქაცარიასთვის პრობლემის უკეთ გაცნობაა. უკიდურეს შემთხვევაში კი ისინი პროტესტის სხვა ფორმებს მიმართავენ.

ჩვენ კონკრეტული დეტალების დაზუსტების მიზნით ქალაქის საგადასახადო ინსპექციის უფროსს მივმართეთ, თუმცა მისი ნახვა შეუძლებელი აღმოჩნდა. საბოლოოდ საგადასახადო უფროსის მოადგილემ ლევან თევდორაძემ ინფორმაციის მოპოვებისთვის ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის სამსახურთან გადაგვამისამართა. ტელეფონის ნომერი, რომელიც ამ სამსახურთან დაგვაკავშირებდა, ან დაკავებული იყო, ან (ხშირ შემთხვევაში) არავინ გვპასუხობდა. ქუთაისში მცირე მეწარმეები და ბიზნესმენები საგადასახადო სამსახურის ინსპექტორების გააქტიურებას მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირებენ. როგორც ამბობენ, „დავალება“ 20 მილიონი ლარის ამოღებაა, რომელიც ხელისუფლების წინასაარჩევნო კამპანიას უნდა მოხმარდეს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1373
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია