დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბოლო დღეებში დაკავებულთა საქმეში სააკაშვილის გვარიც გამოჩნდა
2012/11/16 13:01:37

დღეს საქართველოს მთავარმა პროკრორმა არჩილ კბილაშვილმა იმ საქმეების შესახებ გააკეთა ოფიციალური განცხადება, რომელთა მიხედვითაც ბოლო დღეების განმავლობაში შსს-ს რამდენიმე მაღალჩინსანი იქნა დაკავებული.

კბილაშვილის განცხადებით, ერთ-ერთ ეპიზოდში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ფიგურირებს. კბილაშვილის თქმით, შსს-ს კუდ-ის ხელმძღვანელების დავალებით, ამავე დეპარტამენტში შეიქმნა კომპიუტერული ვირუსული პროგრამა, რომლითაც შესაძლებელი გახდა ინტერნეტ-მომხმარებლების კომპიუტერში შეღწევა.

მთავარი პროკურორის განცხადებით, შექმნილი პროგრამის მიხედვით, კუდ-ის ხელმძღვანელობა ახორციელებდა პოლიტიკური პარტიების და რელიგიური ჯგუფების ინტერნეტთვალთვალს.

„მაგალითად, მათ შეაღწიეს ირაკლი ოქრუაშვილის პირად კომპიუტერში საზღვარგარეთ, ნინო ბურჯანაძის კომპიუტერში, ასევე, ბიძინა ივანიშვილის ოფისში განთავსებულ კომპიუტერებში", – აცხადებს კბილაშვილი.

მისივე თქმით, სწორედ ამ გზით მოახერხეს კუდ-ის თანამშრომლებმა უკანონო საუბრების ჩანაწერების მოპოვება.

არჩილ კბილაშვილი აცხადებს, რომ შსს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბექა კვარაცხელიას დაუკავშირდა შს მინისტრის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი და დაავალა კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერების მაკომპრომეტირებელი მასალების მოპოვება.

„კვარაცხელიამ შეარჩია ფარულად და არასანქცირებულად მოპოვებული ჩანაწერები და 26 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ტერიტორიაზე გადასცა შოთა ხიზანიშვილს, რითიც ხიზანიშვილი შევიდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში“, – აცხადებს არჩილ კბილაშვილი.

მისივე თქმით, მეორე დღეს ის დაუკავშირდა კვარაცხელიას და უთხრა, რომ შეარჩია მასალები და ეს მასალები ისე გაევრცელებინათ, თითქოს ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის - ბესარიონ სურმავას მიერ იყო გავრცელებული.

კბილაშვილის განცხადებით, ამის შემდეგ მოხდა ხიზანიშვილის მიერ წინასწარ შერჩეული მასალების ატვირთვა „იუთუბზე" სურმავას "ექაუნთით".

გამოძიების ინფორმაციით, ივანიშვილის დაცვის წევრის, ბესარიონ სურმავას გამოყენებას წინ უსწრებდა კუდ-ის თანამშრომელთა მიერ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეჩანაწერით მისი შანტაჟირება. იმისათვის, რომ სურმავას პირადი ცხოვრების ამსახველი მაკომპრომატირებელი ვიდეომასალები არ გამოყენებულიყო, სურმავა დათანხმდა, - ამბობს კბილაშვილი.

მისივე თქმით, 27 სექტემბერს კუდ-ის თანამშრომლებმა მოდულის შენობაში გადაიყვანეს სურმავა და ხიზანიშვილის დავალებით, მისთვის 100 ათასი დოლარი უნდა შეეთავაზებინა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვახტანგ ბოჭორიშვილს. საბოლოდ, გამოძიების ცნობით, 150 ათასი ევრო გადაუხადეს მოდულის შენობაში სურმავას  და კბილაშვილის თქმით, მტკიცებულების სახით ეს ფულადი თანხა ამოღებულია. ამის შემდეგ სურმავა აჭარაში გადაიყვანეს.

გარდა ამისა, გამოძიების ცნობით, დაკავებულ პირთა ჩვენებიდან, კერძოდ, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს უფროსის გიორგი ყავლაშვილის ჩვენებიდან ირკვევა, რომ საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელობას მიღებული ჰქონდა დავალება, რომ ეცნობებინათ კუდ-ის ხელმძღვანელობისთვის ბიძინა ივანიშვილის კომპანიების ტვირთების შემოსვლის შესახებ, რის შემდეგაც ხდებოდა შემოტანილი ელექტროტექნიკის მწყობრიდან გამოყვანა.

კბილაშვილის თქმით, მოპოვებული მტკიცებულებების შედეგად 15 ნოემბერს დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი ლევან ქარდავა (სსკ 143-ე, 157-ე და 333-ე მუხლები), კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი ყავლაშვილი (სსკ 187-ე და 333-ე მუხლები), კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვახტანგ ბოჭორიშვილი (სსკ 143-ე, 157-ე და 333-ე მუხლები), კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მოადგილე ზაალ მაისურაძე (სსკ 143-ე, 157-ე და 333-ე მუხლები), კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-4 სამმართველოს უფროსი ერმალოზ ებანოიძე (სსკ 158-ე, 284-ე, 285-ე და 233-ე მუხელბით), შს მინისტრის ყოფილი მოადგილე შოთა ხიზანიშვილი (სსკ 333-ე მუხლი), კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვაჟა ლელუაშვილი (სსკ 159-ე მუხლი).

ასევე, დაკავებულები არიან: კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-4 სამმართველოს უფროსის მოადგილე ვასილ ჯამალაშვილი, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-4 სამმართველოს უფროსის მოადგილე ავთანდილ სოლომნიშვილი, შსს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბექა კვარაცხელია, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-3 სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი ჯავახაძე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-3 სამმართველოს უფროსის მოადგილე ალექსანდრე ბორცვაძე.

პროკურატურა მათ ბრალს დღეს წაუყენებს, რის შემდეგაც სასამართლოს მიმართავს მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე. კბილაშვილის თქმით, ყველა მათგანის მიმართ არ იქნება მოთხოვნილი პატიმრობის სანქცია აღკვეთის ღონისძიების სახით.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1738
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია