დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბიზნესმენი მინდია გულუა მოსალოდნელი რეპრესიების შესახებ ლაპარაკობს
2012/06/18 13:11:16

პოლიტიკური პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ მრჩეველი  საერთაშორისო საკითხებში, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი მინდია გულუა აცხადებს, რომ ხელისუფლება ამ თვეში პარტიის რამდენიმე ლიდერის დაკავებას გეგმავს. აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს დახურულ თათბირზე, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ. რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი მოსალოდნელ რეპრესიებს პოლიტიკური პარტიის „განახლებული საქართველოსთვის“ ბოლოდროინდელ აქტივობებსა და პარტიის მხარდამჭერების გაზრდას უკავშირებს.

 

„განახლებული საქართველოსთვის“ ლიდერების დაკავებაზე მინდია გულუამ  ინტერნეტის მეშვეობით  მოაწყო ონლაინ-კონფერენცია და მედიის წარმომადგენლებს მისი პარტიის წევრების მიმართ მოსალოდნელ რეპრესიებზე ესაუბრა, თუმცა ინფორმაციის წყაროს დასახელებისაგან თავი შეიკავა. წყაროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარდა თათბირი, სადაც პარტიის ლიდერების დაკავება გადაწყდა. ბატონი მინდიას თქმით, იგეგმება არა პარტიის თავმჯდომარის ნანა გულუას დაკავება, არამედ  საუბარი იყო ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარისა და სხვა ლიდერების დაჭერაზე.

„ამ სხდომას ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ამირან მესხელი, შეკრებას ესწრებოდნენ სოდისა და კუდის ხელმძღვანელი პირები, მათ შორის - ცნობილი დათა ახალაია... ისინი გეგმავენ ჩვენი ლიდერების - ლაშა გვასალიას, გიორგი ოძელის, ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელის სოსო გიორგაძისა და რამდენიმე რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის დაკავებას. შემდეგ ამ პირებისგან, გირაოსა და თავისუფლების სანაცვლოდ, ჩემი საწინააღმდეგო განცხადებების გაკეთებას მოითხოვენ, თითქოს მე პრორუსული ძალა ვარ და რუსეთის ხელისუფლებისგან ვიმართები,“ - განაცხადა ონლაინ-კონფერენციაზე  მინდია გულუამ.

კონკრეტულად რა ბრალდებით დააკავებენ ამ პირებს, მისთვის ცნობილი არ არის, თუმცა, მისი თქმით, ეს იქნება აუცილებლად უკვე ნაცადი ხერხი, რადგან ხელისუფლებას იმპროვიზაციის უნარიც კი აღარ დარჩა. შესაბამისად, პარტიის ხელმძღვანელობამ კონტრ-ზომები მიიღო და წინასწარი ჩანაწერები გააკეთა.

„ჩვენ გავაკეთეთ ვიდეო-ჩანაწერები, სადაც ყველა ის პირი ჩავწერეთ, ვისი დაკავებაც იგეგმება. თუ შემდეგ, წამლით ან ნემსით მათი გაბრუება მოხდება და ამ ფორმით ამოიღებენ საბრალდებო ინტერვიუებს, რომელთაც შემდეგ ტელევიზიების მეშვეობით გაავრცელებენ, ჩვენ ამ ორ ვიდეო-მასალას ერთმანეთს დავუპირისპირებთ.“

მინდია გუგულუას თქმით, თუკი აღნიშნული ინფორმაცია გახმაურდებოდა, ხელისუფლება გეგმავდა ხმების გავრცელებას, თითქოს პარტიის ლიდერების დაკავება ბიძინა ივანიშვილმა შეუკვეთა. 

„დღევანდელ ხელისუფლებას რუსეთში უამრავი სპეცსამსახური, ჯაშუში ჰყავს და მათი მეშვეობით სურდათ, ჩემამდე მოსულიყო ხმები, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ითხოვდა პარტიის ლიდერთა დაკავებას. მიუხედავად იმისა, რომ მე და ბიძინა ოპონენტები ვართ, არასოდეს დავიჯერებ, რომ ივანიშვილი ამას იკადრებს,“ - განაცხადა „განახლებული საქართველოსთვის“ მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობებში. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი  არა მისი მოწინააღმდეგე, არამედ - ოპონენტია, რომელსაც განსხვავებული საგარეო-პოლიტიკური ხედვა აქვს, ხოლო მოწინააღმდეგე კი ორივეს ერთი ჰყავთ - მიხეილ სააკაშვილი.

„ივანიშვილი მხარს უჭერს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, მე კი ვხედავ, რომ ამ გზით საქართველოს ნაწილებს დავკარგავთ და ეს სამუდამოდ დასმული წერტილი იქნება,“ - განაცხადა ბატონმა გულუამ და დასძინა, რომ მისი პოლიტიკური ძალა ნატო-ში გაწევრიანების წინააღმდეგი კი არ არის, არამედ ამ პროცესის მხოლოდ 5-10 წლით გადავადებას ემხრობა.

მინდია გულუამ, ასევე, ბიძინა ივანიშვილისათვის დაკისრებულ ჯარიმაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ კონტროლის პალატის ამგვარი ქმედება  არასწორი და  უკანონოა. როგორც მან განაცხადა,  კონტროლის პალატა ტელეფონზეა ჩამოკიდებული, რასაც ეტყვიან, იმას აკეთებს, ხოლო ქართველი მოსამართლეები ყრუ-მუნჯები არიან. ამასთან, გულუა არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს სასამართლოს მიერ ჯარიმის სახით დაკისრებული თანხა ამ ეტაპზე ხელთ არც ჰქონდეს, ვინაიდან, მისი ინფორმაციით, ივანიშვილმა რუსეთში ქონების უდიდესი ნაწილი გაყიდა, რაშიც ორი მილიარდი დოლარი უნდა მიეღო, თუმცა, ამ ეტაპზე მხოლოდ  ერთი მილიარდი დოლარი გადაუხადეს, დარჩენილ თანხას კი - სამომავლოდ ელოდება.

„არ ვარ დარწმუნებული, რომ დღესდღეობით ბიძინა ივანიშვილს ასი მილიონი დოლარი ჰქონდეს, რათა ბიუჯეტში გადაიხადოს. მას ქონება აქვს, მაგრამ, შეიძლება, ნაღდი ფული არ ჰქონდეს.“ - განაცხადა მინდია გულუამ. ასევე, მან არ გამორიცხა, რომ ბიძინა ივანიშვილს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოში ქონება დაუყადაღონ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1727
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია