დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იპოთეკური თაღლითობა?
2012/04/23 12:01:40

საბანკო კრედიტი, უძრავი ქონების დაიპოთეკება, დალომბარდება და ასე შემდეგ დღეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა ქართული საზოგადოებისთვის. მსგავსი საკითხები ხშირად დავის საგანი ხდება და დავაც საბოლოო გაგრძელებას სასამართლოში პოულობს.

 

ქუთაისში არაერთი ისეთი ოჯახია, რომელთაც უძრავი ქონება იპოთეკით დატვირთა, შემდეგ ვერც პროცენტი გადაიხადა, ვერც მთავარი თანხა და დარჩა უსახლკაროდ. მაგრამ ამჯერად მარტო უძრავ ქონებაზე არ ვისაუბრებთ. საქმე თაღლითურ სქემას ეხება.

19 აპრილს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სწორედ ზემოაღნიშნული საკითხი განიხილეს. საქმე თაღლითური მუხლით არის აღძრული. დავის არსის მოკლე მიმოხილვა ასეთია: 2010 წლის 22 აპრილს მოსარჩელეებმა ლია ჯანელიძემ და ხათუნა გოგოლაშვილმა თანხა 13000 დოლარის ოდენობით (ჯანელიძემ - 7000 დოლარი, გოგოლაშვილმა - 6000 დოლარი), ყოველთვიური 10%-იანი დანამატით, 5 თვის ვადით ასესხეს მოპასუხე თეა ჩუბინიძესა და ბელა ახალაიას. ამასთან დაკავშირებით შედგა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ჯერ კიდევ 2010 წელს იპოთეკით დაიტვირთა ბელა ახალაიას სახლი, მდებარე ახალგაზრდობის ქუჩის 56 ნომერში. ხელშეკრულებიდან 20 დღეში, მათივე დაჟინებული თხოვნით, შეცვალეს იპოთეკის საგანი და ამჯერად, ბელა ახალაიას ნაცვლად, თეა ჩუბინიძის ბინა (ნიკეას ქ.მე-2 შესახვევი, ?5) დაიტვირთა იპოთეკით. შესაბამისად დარეგისტრირდა საჯარო რეესტრშიც.

ხელშეკრულებაში განისაზღვრა ის პირობაც, რომ სესხის ვადის, ე.ი ხუთი თვის გასვლის შემდეგ ყოველ გადაცილებულ დღეზე მოპასუხეებმა უნდა გადაიხადონ ნასესხები თანხის 4% პროცენტი. აქედან გამომდინარე, გადაცილებულ ყოველ დღეზე ლია ჯანელიძისათვის უნდა გადაეხადათ  28X30 დღეზე = 840 აშშ დოლარი თვეში, ხოლო გოგოლაშვილისთვის 24X30 დღეზე = 720 აშშ დოლარი თვეში.

მოპასუხეებმა თანხის დაფარვა ვერ მოახერხეს გათვალისწინებულ ხუთ თვეში. უფრო მეტიც, მათ თანხის გასტუმრება მთლიანად შეწყვიტეს  და ამიტომ გასული წლის 26 ივლისს ახალაიამ თავისივე ხელით დაუწერა გოგოლაშვილს, რომ 2011 წლის 26 ივნისისთვის მას ეკუთნოდა 7300+2710 დოლარი მოპასუხისგან და ასევე მან წერილობით დააფიქსირა ლია ჯანელიძისთვის გადასახდელი თანხის ოდენობა გასული წლის სექტემბრის თვეში, სადაც აღნიშნავს, რომ მან მოსარჩელეს იმ პერიოდისთვის უნდა დაუბრუნოს 8000 აშშ დოლარს დამატებული 9000 აშშ დოლარი პროცენტების სახით. მაგრამ ეს თანხა, ფაქტობრივად, არცერთი მოსარჩელისათვის არავის დაუბრუნებია დღემდე.

საჯარო რეესტრიდან ამოღებული ჩანაწერით გაირკვა, რომ ნასესხები თანხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული მოპასუხე თეა ჩუბინიძის ბინა, რომელიც ნიკეას ქუჩის მეორე შესახვევში მდებარეობს, გასხვისებულია ვინმე ვახტანგ როხვაძეზე იპოთეკის მოუხსნელად. აღნიშნულ პიროვნებასაც, თავისი ნებით, ვალებიანად შეუძენია ბინა. რა თქმა უნდა, სამივე მოპასუხის ამგვარ ქმედებაში საკმაოდ ჩახლართული სქემა იკვეთება...

ამ საკითხთან დაკავშირებით მოპასუხის თეა ჩუბინიძისა და ვახტანგ როხვაძის ადვოკატი რობიზონ ხურცილავა აცხადებს; „სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ სესხის ხელშეკრულება დადებული იყო ბელა ახალაიასთან და იპოთეკით დაიტვირთა ბელა ახალაიას ბინა, თუმცა შემდგომში მოხდა იპოთეკის საგნის გადარეგისტრირება და, როგორც იცით, ბელა ახალაიას სახლის ნაცვლად დაიტვირთა თეა ჩუბინიძის ქონება ისე, რომ მისთვის არანაირი თანხა არ გადაუხდიათ. მაგრამ, სამწუხაროდ, ნაცვლად იმისა, რომ მხარეებს შორის შედგენილიყო იპოთეკის ჩანაცვლების ხელშეკრულება, შედგენილ იქნა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რაც აბსურდია. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ თეა ჩუბინიძისთვის არანაირი თანხა არ გადაუხდიათ. მაშასადამე, თეა ჩუბინიძისა და ვახტანგ როხვაძის მიმართ თანხის დაკისრება არამართებულია. მით უფრო, როცა ვახტანგ როხვაძის სახლი აუქციონზე გაიყიდა. აქედან გამომდინარე იპოთეკის საგანი არ არსებობს და როხვაძეს, ცხადია, რაიმე პასუხისმგებლობა არ ეკისრება. ვფიქრობ, რომ სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ამ განაჩენს გავასაჩივრებთ“.

აღსანიშნავია, რომ ვახტანგ როხვაძის აუქციონზე გატანილი ბინა მისივე ადვოკატმა რობიზონ ხურცილავამ შეიძინა, რომელიც ამ ფაქტს არ უარყოფს. ჩვენთან საუბრისას მან განაცხადა: სულერთია, ვინმეს ხომ უნდა შეეძინაო...

სასამართლო პროცესზე ბელა ახალაია ადვოკატის გარეშე გამოცხადდა. იგი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. „რომ არა ჩემი დაპატიმრება, მე ამ თანხას აუცილებლად გადავუხდიდი ამ ადამიანებს, თუმცა ისინი ამ თანხას  ისედაც მიიღებენ. რაც შეეხება იმ ხელწერილს, რომელიც ჩემს მიერ იქნა დაწერილი, სადაც აღნიშნულია, რომ მე, ბელა ახალაია, ლია ჯანელიძის წინაშე ვდებ ხელწერილს მასზედ, რომ ჩემს ვალს, კერძოდ 8000 აშშ დოლარს და პროცენტს 9000 დოლარს დავუბრუნებ 30 სექტემბერს, გარდა ამისა, მე თავზე ავიღე თეა ჩუბინიძის გადასახდელი თანხა, ვინაიდან ვიცნობდი კარგად და ვფიქრობდი, რომ ამ მხრივ პრობლემა არ მექნებოდა.“ - აცხადებს ახალაია, რომელიც სამი თვეა თაღლითობის მუხლით სასჯელს იხდის. მოსამართლემ მხარეების მოსმენის შემდეგ განაცხადა, რომ ამ კუთხით მოსმენა დასრულდა და განაჩენს 27 აპრილს გამოიტანს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2842
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია