დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისური თვალთახედვა - გაამართლებს თუ არა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო?
2010/11/29 13:49:55

„ნაფიც მსაჯულთა სასამართლო დემოკრატიის როგორც საუკეთესო, ასევე ყველაზე უარესი მონაპოვარია“ - ასე იწყებს თავის ცნობილ წიგნს   „ჩვენ, მსაჯულები“ - ჯეფრი აბრამსონი.

 

ევროპის განვითარებულ ქვეყნებში - დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში და გერმანიაში, სადაც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტია დამკვიდრებული, ამბობენ, რომ ბრალდებულის უბრალო მოქალაქეების მიერ გასამართლების გამოცდილებამ არ გაამართლა, რადგან მსაჯულთა მიერ გამოტანილი ვერდიქტები, ხშირ შემთხვევაში, დაუსაბუთებელი და არასამართლიანი იყო. ამიტომ, ეს ქვეყნები ცდილობენ, შეამცირონ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პრაქტიკა. საქართველოში კი, პირიქით, სასამართლოს სისტემაში კორუფციისა და ადამიანის უფლებების უკეთ დასაცავად ამ ინსტიტუტის დამკვიდრებას ცდილობენ. მეტიც, უკვე 2010 წლის პირველი ოქტომბრიდან ძალაში შევიდა კანონი, რომლის მიხედვითაც, პირველ ეტაპზე მხოლოდ დედაქალაქში, 109 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე მსგავსი ტიპის სასამართლო პროცესები ჩატარდება, ხოლო 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან ყველა სახის დანაშაულზე შესაძლებელი იქნება ნაფიცი მსაჯულების მოწვევა. ორი წლის დაგვიანებით იგივე კანონი ჩვენს ქალაქშიც ამოქმედდება.

რატომ გახდა საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება აუცილებელი; რამდენად ეფექტურად ჩაანაცვლებს ის სასამართლოს ძველ პრაქტიკას; არიან თუ არა ჩვენი ქალაქის მოქალაქეები ინფორმირებულები ამ საკითხის ირგვლივ; ისეთ პატარა ქალაქში, როგორიც ქუთაისია, რამდენად მყარად დამკვიდრდება ეს ინსტიტუტი? - ეს ის კითხვებია, რომლებზეც პასუხები ჩვენი ქალაქის საზოგადოებისა და უშუალოდ კანონში ჩახედული ადვოკატებისგან გვაინტერესებდა.

ადვოკატთა მოსაზრებები:

„ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი აუცილებელია იმდენად, რომ სასამართლო სისტემაში ხალხის მეტად ჩართულობა გაიზარდოს. თვითონ საზოგადოება მიხვდეს, რამდენად რთულია  მოსამართლის  მიერ  ადამიანებისთვის   გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.

ჩვენს საზოგადოებაში სამართლის შეგნების დონე გაცილებით დაბალია, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში, მაგრამ თუ აქედანვე დავიწყებთ ჩართვას ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტში, გარკვეული ხნის შემდეგ, შედეგს აუცილებლად მივიღებთ და საზოგადოების პასუხისმგებლობის გრძნობა ქვეყნისა და კანონის წინაშე გაიზრდება. საზოგადოების ნდობაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. რამდენად კარგად იმუშავებს ეს ინიციატივა, ამის არანაირი გარანტია არ გვაქვს, პირველი ეტაპი პილოტირებული იქნება. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ კანონში ბევრი ხარვეზია, მაგრამ ეს ყოველივე მსგავსი ტიპის სასამართლოების აქტიურად ამოქმედების შემდეგ უფრო ნათლად გამოიკვეთება და შესაბამისი ცვლილებებიც შევა კანონში. ისიც დასაშვებია, რომ, შესაძლოა, ამ ინსტიტუტმა საერთოდ არ გაამართლოს. ხალხის ჩართულობა და მათი როლი ნულის ტოლფასი იყოს. მაშინ სახელმწიფომ სხვა ხერხს უნდა მიმართოს,“ - ამბობს ტარიელ კვანტალიანი, იმერეთის იურიდიული დახმარების ქუთაისის ბიუროს ადვოკატი.

„როგორც ყველა ახალ წამოწყებას, ამასაც აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, მაგრამ მე, უფრო მიმაჩნია, რომ ეს სისტემა გაამართლებს, რადგანაც ხალხი არის ხელისუფლების წყარო და ის მოვალეა, ჩაერთოს მართლმსაჯულების სისტემაში. დღეს საოცრად მოდუნებული საზოგადოება უნდა გამოცოცხლდეს, რაღაცებზე დაფიქრდეს, უფრო აქტიურად იფიქროს სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობაზე.

ჩემთვის, როგორც მოქმედი ადვოკატისთვის, ხშირ შემთხვევაში ხელსაყრელიც კი არის მოწვეული საზოგადოების წევრები, ნაფიცი მსაჯულები დავარწმუნო ჩემი კლიენტის სამართლიანობაში, ვიდრე - მოსამართლე,“ - კახა გელხვიიძე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

საქართველოში ერთ-ერთმა ცნობილმა ადვოკატმა, ზურაბ როსტიაშვილმა, გაზეთ „P.S.“-თან სატელეფონო საუბარში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს „კლასიკური სისულელე“ უწოდა.

„ამ ინსტიტუტის შექმნა კი არ არის საჭირო, არამედ მთავარია ქვეყნის უზენაესი პირის ნება, რომ სასამართლო პროცესი ჩატარდეს ობიექტურად, კანონის სრული დაცვით. თვით მოსამართლე ძლივს ერკვევა კანონის ნიუანსებში და როგორ მოახერხებს მასში წვდომას და ობიექტური განაჩენის გამოტანას, რაგინდ განათლებული და პატიოსანიც უნდა იყოს, ნაფიცი მსაჯული: მუშა, გლეხი, პედაგოგი თუ ხელოვანი?“

 

საზოგადოების შეხედულებები:

ალეკო  მაისურაძე,   სტუდენტი:   „თუ ეს პროექტი გაამართლებს და, როგორც ვიცი, მეც მაქვს უფლება, მსაჯული გავხდე, უარს არ ვიტყვი მონაწილეობის მიღებაზე, მართლაც მაინტერესებს, ისეთი რთული თუ იქნება, როგორადაც საუბრობენ.“

ირინა გეგუჩაძე, სტუდენტი: „ჩემი აზრით, ეს სისტემა ვერ გაამართლებს, მითუმეტეს ჩვენს პატარა ქალაქში, აქ ხომ ყველა ყველას იცნობს და ყოველდღიურად ქუჩაში ათობით ნაცნობს ვხვდებით, ამიტომაც კორუფცია და მოსყიდვები შემდეგ იქნება, თუ იქნება, სასამართლო სისტემაში.“

ირაკლი გურგენიძე, 34 წლის, ისტორიის პედაგოგი: „ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი მეტ-ნაკლებად ეფექტურად მოქმედებს იქ, სადაც საზოგადოება თავისუფალია და არსებობს შესაბამისი ტრადიცია. ავტოკრატულ საზოგადოებაში, სადაც სამართალდამცავი სტრუქტურები-პოლიცია, ფინანსური პოლიცია, პროკურატურა-აკონტროლებენ ყველაფერს, ნაფიცი მსაჯულები ვერ გაექცევიან ხელისუფლების ზეწოლას; თანაც, ქვეყანაში, სადაც ერთხელ არ ჩატარებულა გაუყალბებელი არჩევნები, შეუძლებელია არსებობდეს ნდობა ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სისტემის მიმართ.“

მამუკა ფრუიძე, 45 წლის: „ჯერ ხალხის კარგად ინფორმირება უნდა მომხდარიყო ამ საკითხის ირგვლივ და შემდეგ კანონი უნდა მიეღოთ, თუმცა ჩვენს ქვეყანაში ხომ ყველაფერი უკუღმა ხდება და ექსპერიმენტები არ გვაკლია. სხვათაშორის, გარდა ევროპული, განვითარებული ქვეყნებისა, მსგავსი სისტემა რუსეთშიც მოქმედებს, სადაც დემოკრატიაზე ლაპარაკი ზედმეტია.“

ნინო ეძგვერაძე, პედაგოგი: „ყოველ ახალ ინიციატივას მივესალმები, თუკი ის ქვეყნის წინსვლას დააჩქარებს. ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ვარ ნამყოფი და იქ სამოქალაქო კულტურა გაცილებით მაღალ დონეზე დგას. იქ კანონმორჩილების სხვა დონეა, ჩვენთან კი ეს ნაბიჯები ახლა იდგმება. თუმცა, მაინც მიმაჩნია, რომ მსგავსი კანონის მიღება ჩვენი ქვეყნისთვის ჯერ ადრე იყო. ისე, არ გამოვრიცხავ, შესაძლოა, გაამართლოს კიდევაც, რაც მისასალმებელი იქნება.“

გია მსხვილიძე, 66 წლის: „სახელმწიფომ რამდენიმე კვალიფიციური და არაკორუმპირებული მოსამართლის პოვნა ვერ მოახერხა და ამდენ სასამართლო პროცესზე რამდენი ობიექტურად მოაზროვნე ადამიანი უნდა იპოვონ, წარმოგიდგენიათ, 5 მილიონიან ქვეყანაში! ისიც საკითხავია ოფიციალურად რამდენი ვართ დღესდღეობით ჩვენს სახლებში, უმრავლესობა ხომ წასულია ოჯახებიდან და 2, 3, 4 წლის შემდეგ რა იქნება, არავინ იცის.“

როინი, პენსიონერი: „აგვიჩემებია მხოლოდ ევროპა და იქაური წესრიგის გადმოღება თუ გვიშველისო. იმას კი არ გადმოიღებენ, პენსია და ხელფასები რამდენი აქვთ იმ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს. ჩემი ხნის ადამიანებს იქ სიბერე უხარიათ, მერე იწყებენ ტკბილ ცხოვრებას, მანამ მუშაობენ მთელი ცხოვრება. აქ კი 70 ლარს გვაძლევენ პენსიას და იმასაც გვაყვედრიან: შევარდნაძის დროს 14 ლარი გქონდათ და იმასაც არ გაძლევდნენ, ახლა კი რა გაქვთ საწუწუნოო, წუწუნსაც გვიშლიან. ზუსტად ვიცი, რომ ჩვენს ქალაქში არ გამოდგება ეს საქმე, თუმცა მერე, სანაცვლოდ, სხვა რაღაცას მოიგონებენ, გაუჭირდებათ, თუ?“   

 

კანონმდებლობა:

 

ნაფიცი მსაჯული შეიძლება, იყოს:

საარჩევნო სიაში მყოფი მოქალაქე, რომელიც ფლობს სამართლის პროცესის ენას, ცხოვრობს ამ ტერიტორიაზე, სადაც ამ სასამართლოს განსჯადობა ვრცელდება. არ აქვს შეზღუდული ფიზიკური ან ფსიქიკური შესაძლებლობები.

 

ნაფიცი მსაჯული არ შეიძლება იყოს:

 

  • · იურისტი
  • · ფსიქოლოგი
  • · ფსიქიატრი

სახელმწიფოს პოლიტიკური თანამდებობის პირი

ძალოვანი უწყების და შეიარაღებული ძალების თანამშრომელი (პროკურორი, გამომძიებელი, პოლიციელი)

  • · ადვოკატი
  • · სასულიერო პირი

ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით მოხმარებისთვის გასამართლებული პირი.

პირი, რომლის მონაწილეობა აღნიშნულ საქმეში აშკარა უსამართლობა იქნებოდა ამ პირის მიერ გამოხატული მოსაზრებების ან პირადი გამოცდილების საფუძველზე.

 

*** 

რამდენად მოახერხებენ მოქალაქეები პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას, ამას სასამართლო პროცესები გვიჩვენებს, მაგრამ ფაქტია, რომ კანონი მიღებულია, უკვე ძალაშია და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მომავალი წინ არის.  

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1975
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია