დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აბუჩად აგდებულნი
2010/09/13 13:46:11

რამდენიმე წლის წინ, „მადლიერების სახლში“ უფასო სასადილო რომ გაიხსნა, - საქალაქო პრესაში ჩემი, როგორც მისი ბენეფიციარის, წერილი გამოქვეყნდა -  „მადლიერების სახლში“ საქმე უკეთესობისაკენ მიდის-მეთქი.

სამწუხაროა, რომ დღეს იმავეს ვერ ვიტყვი. ჩემი ოჯახი, რომელსაც სამი პენსიონერი ჰყავს (აქედან ორი უნარშეზღუდულია) და სხვა დანარჩენი ყველა უმუშევარი და მოზარდია, დღესაც მადლიერების სახლის ბენეფიციარებად ვითვლებით და, შესაბამისად, რასაც ვწერ, საკუთარი თვალით ნანახი და განცდილია.

 

ულუფა, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ ერთი ბენეფიციარისათვის გამო-ყო, მინიმალური რაოდენობაა იმისთვის, რომ მშიერი კაცი ქუჩაში არ წაიქცეს, ხოლო სხვა დანარჩენი ნაწილის მოსაპოვებლად, თუ თავად უმუშევარია, მაგრამ შრომისუნარიანი, ისევ ქუჩაში უნდა იწანწალოს.

ჩემს უმცროს ძმას, რომელიც სულით ავადმყოფია, საკვების ხარისხსა და ნორმატივებში გარკვევა ძალიან უჭირს (მარტო მას შეუძლია, ერთ ჭამაზე ექვსი კაცის წილი ულუფა გადასანსლოს). ამიტომაც ოჯახის წევრები ვცდილობთ, ნაკლებად შევეზიაროთ მისთვის გამოგზავნილი რაციონის მიღებაში.

მაგრამ ერთ დღესაც, ქალაქიდან შინ მშიერი რომ დავბრუნდი (ეს მოხდა 3 აგვისტოს), თვალი ჩემი ძმის თეფშზე პომიდორივით წითლად აღუებული ხორცის ნაჭერზე დამრჩა: დედაჩემს სასადილოდან მოტანილი ხარჩო თუ რაღაც ამდაგვარი ძმის თეფშზე გადაჰქონდა. რახან ძალიან მშიოდა, სანამ ჩემთვის რაიმეს მოვიძიებდი, იმ ერთი ნაჭერი ხორცის გადაყლაპვა მოვიწადინე და... თქვენს მტერს და დუშმანს არ  ეჭამოს ისეთი რამ, რაც მე იმ დღეს გავსინჯე... სასწრაფოდ მივვარდი წყალს, პირის ღრუ რამოდენიმეჯერ გამოვირეცხე, არ მიშველა, შემდეგ არაყი მოვიძიე, ის საძაგელი გემო მაინც ვერ მოვიშორე, შემდეგ ერთი ასი გრამიც გადავკარი, მაგრამ საშინელი შეგრძნებებისაგან გათავისუფლება მაინც ვერ მოვახერხე.

ხორცის ნაჭერი არ გახლდათ არც გაფუჭებული და არც აყროლებული, იყო მწიფე პომიდორივით უცნაურად წითელი და საძაგელი გემოს მქონე. აშკარად, არ იყო არც ბაზარში, არც მაღაზიაში და არც არსად შეძენილი პროდუქტი, უბრალოდ გახლდა ადამიანთა კვების რაციონისათვის უცხო წარმოშობის ცხოველისაგან წარმოებული და რა იყო, მას შემდეგ ვფიქრობ და ვერაფრით გამირკვევია.

მართალია, ის მიუსაფარი, უპატრონო ადამიანები, რომლებიც საკუთარი ფეხით დადიან სასადილოში ერთჯერადი ულუფის მისაღებად, იმდენად მძიმე ყოფაში ცხოვრობენ, ნებისმიერი ხარისხის პროდუქციას უპრობლემოდ მიირთმევენ (არც იმისი უნარი გააჩნიათ, რომ საკუთარი აზრებისა და პრეტენზიების გამოხატვა შეიძლონ). მაგრამ ხომ არსებობს მორალური ღირებულებები? ასეთი ადამიანების მოვლა და პატრონობა ნორმალურ და ცივილურ ქვეყნებში ღირსებისა და კეთილშობილების ჭეშმარიტ დემონსტრაციას წარმოადგენს, ჩვენს ჩამოუყალიბებელ სახელმწიფოში კი, დათრგუნვისა და პირადი კეთილდღეობის მოწყობას ხმარდება ყველაფერი.

სწორედ ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა და გადავწყვიტე, სხვა დღეების ულუფაც გამეკონტროლებინა.

მეორე დღით - 4 აგვისტოს - დედაჩემმა ბადრიჯნისა და სხვა პროდუქტებისაგან შემზადებული რაღაც საოცარი „სოუსი“ მოიტანა, რომლის ჭამასაც ნებისყოფის დიდი გამძლეობა დასჭირდა.

მესამე დღეს - 5 აგვისტოს, რაკი ქუთაისში პრეზიდენტის ვიზიტს ელოდებოდნენ, ისეთი გემრიელი ქათმის ფილეთი შემზადებული კერძი მივირთვით, სახლშიც რომ ვერ მოამზადებს კარგი დიასახლისი (თურმე, შეძლებიათ კეთება!). იციან, პრეზიდენტს მოხუცებთან სადილის მირთმევა რომ უყვარს და ალბათ, იფიქრეს, - ემანდ, ჩვენც არ დაგვეცეს თავზე ალალივითო, - მითუმეტეს, რომ ის დღე სწორედ უპოვართა და თავშესაფრის არმქონეთა კეთილდღეობას ეძღვნებოდა.

ვიფიქრე, შეიძლება პრეზიდენტის ერთდღიანმა ვიზიტმა ჩვენი “მადლიერების სახლის“ ხელმძღვანელთა ნამუსი ახლა მაინც შეაღვიძოს-თქო და ის ღამე ბედნიერი და გემრიელი სიზმრების ფრთებზე ვნანაობდი, სულმოუთქმელად ველოდი პარასკევი დღის სადილს. მაგრამ იგი ერთი უგემური ბორჩშის მეტი არაფერი აღმოჩნდა.

იმ პარასკევ დღეს მე და ჩემი მეუღლე, რომელმაც მემკვიდრეობითი ავადმყოფობის გამო ორივე თვალში მხედველობა დაკარგა, ჩვენი ქალაქის ჯანმრთელობისა და სოცუზრუნველყოფის სახლს ვესტუმრეთ, ჩვენი უბნის სოციალური სამსახურის აგენტს ლაშა ლოსაბერიძეს ვეძებდით.

მესამე სართულის დერეფნის იატაკი სიგრძეზე გავიართეთ. იატაკის ფილები დერეფნის შუაში სანახევროდ აყრილი დაგვხვდა. კარგად მახსოვდა, რამდენიმე წლის უკან გაარემონტეს. მშვენიერი თეთრი მეტლახის ფილები დააგეს, მაგრამ... იმ კვირაშივე ის მშვენიერი თეთრი ფილები, რომელშიც, დარწმუნებული ვარ, რამდენიმე ათასია დაუნანებლად გადაყრილი, აყრილი და გავერანებული დაგვხვდა თითქმის ნახევარი კორიდორის გაყოლებაზე.

ჩემმა მეუღლემ, რომელიც ხელით მიმყავდა მხედველობის არქონების გამო, რამდენიმე ადგილზე ფეხი წამოჰკრა აყრილ ფილებს და ხმამაღალი უკმაყოფილება გამოთქვა. მეც მხარი ავუბი, ასეთ ადგილებში ბრმა კაცის ტარება სხვაზე მეტად ინვალიდის პატრონისათვის გახლავთ ძნელი. ჩვენი ხმამაღალი შენიშვნები საპენსიო ფონდის უფროსის მოადგილემ გაიგონა, რომელიც იქვე, კორიდორში იმყოფებოდა და, რომ იტყვიან, არც აცია, არც აცხელა და აქეთ მოგვდო შარი: „თქვენნაირების ბრალია, ეს ფილები რომ აიყარაო“. რომ ეთქვა, უხარისხო მშენებლობის ბრალია (რაც, სინამდვილეში, დარწმუნებული ვარ, ასეცაა), მის ადამიანობაზე მაინც არ დამეკარგებოდა წარმოდგენა! მან ეს ჰკადრა უსინათლო ადამიანს, რომელიც მთელი 30 წლის მანძილზე ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი ტექნიკური რეჟისორი გახლდათ და თეატრში წესრიგის დამყარება მისი უპირველესი მოვალეობა იყო.

ჩვენს ქვეყანას დღეს იმდენი გაუბედურებული, უსასო და მიუხედავი პენსიონერი ჰყავს, ეტყობა, გაჭირვებულთა ფენისაგან თავის დასაცავად მეტი უკეთესი ვერავინ შეარჩიეს...

როგორც იქნა, ნერვებდაღლეტილებმა მშვიდობიანად ჩავაღწიეთ პირველ სართულამდე ვიღაც ჩვენზე მეტად განერვიულებული ქალის შეცხადებების თანხლებით - იგი გამწარებული გაჰკიოდა: „ამ ოცდაათიოდე ლარის დანამატისათვის, რამდენი უნდა ააწიოკონ საცოდავი პენსიონერები ამ თაკარა, ჯოჯოხეთურ სიცხეებშიო“. ქვემოთ ჩასულებს შემოსასვლელ კარებში ორი მოხუცებულიც შემოგვეგება, იმათაც სინანული გამოთქვეს იმის გამო, რომ ეს შენობა პენსიონერთა საწამებელს უფრო ჰგავს, ვიდრე ხელშესაწყობ დაწესებულებას და „მადლიერების სახლის“ სასადილო დარბაზში შევიარეთ.

თაკარა მზეში სიარულით გათანგულები სასმელ წყალს ვეძებდი. ვეძებდით და ვიპოვეთ კიდეც სასადილო მაგიდებზე დაწყობილ გრაფინებში, მაგრამ იქვე ისეთი მწვავე შარდის სუნი გვეცა ცხვირში, კინაღამ დაგილზე შევწუხდით. როგორც გავარკვიეთ, ეს სუნი სასადილოს უკანა კედელში გამოჭრილი ტუალეტიდან მოდიოდა. საინტერესოა, ვის მოუვიდა თავში აზრად სასადილო ოთახში ტუალეტის გამოჭრა, როცა ასეთივე ტუალეტის მოწყობა გარეთა ტერიტორიაზეც შეიძლებოდა - გნებავთ უფასოსი და გნებავთ - ფასიანის, მითუმეტეს, რომ მადლიერების სახლიდან ე.წ. „სობესის“ შესასვლელისაკენ მიმავალი გზა ყოველთვის წაბილწულია გამვლელ-გამომვლელისა თუ ნინოშვილის ბაზრის შეზარხოშებული გარემოვაჭრეებისაგან.

პარასკევი დღის მოჭარბებული შთაბეჭდილებებით დატვირთულები შინ დავბრუნდით და შაბათის სადილს დაველოდეთ. შუადღისას მოტანილი მენიუ ისეთი შთამბეჭდავი ჩანდა, ხელი თავისით გამექცა შემწვარი კატლეტებისაკენ, რომელიც  ტომატის   საწებელში  ჩაეწყო  სასადილოს  მზარეულს, ერთი ცალი კატლეტი თეფშით ჩემს მეუღლესაც მივაწოდე, რომელსაც ყველა სიკეთესთან ერთად გასტრიტიც აწუხებს და მაშინ მივხვდი, თუ რატომ გარდაიცვალა ჩვენი ქალაქის უფასო სასადილოში ბოლო სამის თვის მანძილზე პირდაპირ სასადილოს მაგიდებთან ათიოდე ბენეფიციარი: ჩემმა მეუღლემ პირველივე ლუკმაზე განაცხადა უარი.  „მე ამ სალაფავს ვერ შევჭამ!“ - მითხრა და მოუდუღებელ წყალში გახსნილი ტომატის საწებელში ჩაბუჟბუჟებული, ჩამბალი პურის კატლეტები თეფშით უკანვე მომაწოდა.

იმავე დღეს უარი ვთქვით ამ უფასო „ბედნიერებაზე“.

 

ლელა ფხაკაძე-ზარანდია,

ბენეფიციარი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1707
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია